The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე გამოჩენილი ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
ტექსტები მოცემულია ქართულ და ინგლისურ ენებზე.


გიორგი ვაჩნაძე

გიორგი ვაჩნაძე
დაბადების თარიღი:13 ივლისი, 1967  (52 წლის)
კატეგორია:მუსიკოსი

ბიოგრაფია

1967 წლის 13 ივლისს თბილისში დაიბადა პიანისტი გიორგი იურის ძე ვაჩნაძე. ბაბუა, ანატოლი ვაჩნაძე პიანისტი იყო. მამამ, იური ვაჩნაძემ, „ნიჭიერთა ათწლედი“ დაამთავრა ვიოლინოს განხრით, თუმცა მუსიკას აღარ გაჰყვა. პროფესიით ფიზიკოსი, ფიზიკა - მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი, პედაგოგი, პუბლიცისტი, 1994 წლიდან ამერიკის რადიოსადგურ "თავისუფლების" კორესპოდენტი თბილისში,  ცნობილი მელომანი და მუსიკალურ გადაცემათა ავტორია.

გიორგი ვაჩნაძე თავდაპირველად სწავლობდა №9 მუსიკალურ სკოლაში (პედაგოგი: ლ. ბახტაძე). 1986 წელს დაამთავრა თბილისის ცენტრალური სამუსიკო სკოლა და სწავლა განაგრძო ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში (ვ. შიუკაშვილის კლასი). 1990 წელს (მეოთხე კურსიდან) სასწავლებლად გადავიდა აშშ-ში, ნიუ-იორკის მენეს-კოლეჯში –"Mannes College The New School for Music" (დაამთავრა 1994); პედაგოგი ა. არონოვი (ფორტეპიანო); ასევე დაამთავრა ინდიანას შტატის "Indiana University South Bend"–ის მაგისტრატურა და ასპირანტურა, პედაგოგი: ლექსო თორაძე.

გიორგი ვაჩნაძე არაერთი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატია: 1994 - ჯინა ბახაუერის სახელობის კონკურსი (სოლტ-ლეიკ-სითი) (IV ადგილი); 1996 - ალაბამას კონკურსი; 1997 - ნიუ-იორკის, ცინცინატის კონკურსი; 1998 - პალმ-ბიჩის დახურული კონკურსი.

1999 წელს შედგა გიორგი ვაჩნაძის საკონცერტო დებიუტი ნიუ-იორკის ლინკოლნ-ცენტრის “ალისტული-ჰოლში”. ამ დროიდან ეწევა წარმატებულ საკონცერტო მოღვაწეობას: აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები, საფრანგეთი, ფინეთი, იტალია, ისრაელი, რუსეთი, იაპონია, ტაივანი, ცენტრალური და სამხრეთ ამერიკა და სხვ.; მონაწილეობს პრესტიჟულ საერთაშორისო ფესტივალებში: სანქტ-პეტერბურგი „თეთრი ღამეები“, თბილისი „აღდგომიდან ამაღლებამდე“, ჰოლივუდის, რავინიას, სტრესას, როტერდამის, „მიკელის“(ფინეთი), ზალცბურგის, მაჯიოს, გილმორის, ვუდსტოკის,  სტრავინსკის, წყნარი ოკეანის სიმფონიური ორკესტრის რახმანინოვის და სხვ.; ედინბურგის ფესტივალზე მიიღო გაზეთ "Scottish Herald"-ის ჯილდო "ჰერალდ ენჯელი". მონაწილეობა აქვს მიღებული ჰოლანდიის, BBC-სადა NPR-ის გადაცემებში, შექმნილი აქვს ჩანაწერები Sony-სადა Excelsior-ის ხმის ჩამწერ სტუდიებში.

ამჟამად გიორგი ვაჩნაძე არის „Stienway“–ს არტისტი; ჩიკაგოს დეპოლის უნივერსიტეტის პედაგოგი, 2010 წლიდან ასოცირებული პროფესორი და საფორტეპიანო კათედრის გამგე; მას ჰყავს საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი ბევრი სტუდენტი.

სხვადასხვა კონკურსებზე მიღებულმა ჯილდოებმა, მსოფლიოს ცნობილ სიმფონიურ ორკესტრებთან და დირიჟორებთან საუკეთესო საკონცერტო დარბაზებში გამოსვლამ მუსიკოსს საერთაშორისო აღიარება მოუტანა. დღეს პიანისტი შემოქმედებით ზენიტში იმყოფება. ის ერთნაირად ფლობს ყველა სტილისა და ჟანრის მუსიკას.

მუსიკალური კრიტიკოსი და მწერალი ფაბიონ ბოუერსი (Faubion Bowers) კლასიკურ მუსიკალურ ჟურნალ “American Record Guide”­-ში წერს: „ვაჩნაძე არის სრულყოფილი ხელოვანი, რომელიც ამჟამად საკუთარი მუსიკალური და ინტელექტუალური შესაძლებლობების მწვერვალზე იმყოფება. იგი ფორტეპიანოსთან საოცრებებს ახდენს – ფლობს ფაქიზ პიანისიმოს, მასიურ დიაპაზონებსა და ყველაფერს, რაც მათ შორისაა“; დენიელ კარიაგა, „Los Angeles Times“–ი: „გასაოცარ, დახვეწილ ტექნიკასთან შერწყმული უდიდესი ავტორიტეტი“;  პატრიკ მინორი, „Listener“–ი:  „გიორგი ვაჩნაძე არის ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური და საინტერესო ახალგაზრდა პიანისტი, რომლის მსგავსიც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იშვიათად თუ გვხვდება“. 

წყარო:

1. ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 174

2. easterfestival.ge/?address=news_inside&ukay=gD23Rsh3O1L6NpD3NO0w...

3. საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.207

 


გააზიარე: