The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


გაბრიელ გელოვანი

დაბადების თარიღი:17??
გარდაცვ. თარიღი:17??
კატეგორია:მწერალი

ბიოგრაფია

ერთ–ერთი უძველესი ქართული გვარის გელოვანების მთელი საგვარეულო – 28 ოჯახი შეტანილი იყო იმ პირთა სახელდებული ოჯახების სიაში, ვინც აღიარებული იყო რუსეთის იმპერიის სათავადო ღირსებით. საარტილერიო საქმის პირველი სახელმძღვანელოები ქართულ ენაზე ეკუთვნის თავად გელოვანს, რომელიც რუსეთში პეტრე I–ის არტილერისტად მსახურობდა, ხოლო თავადმა გაბრიელ გელოვანმა, რომელიც 1724 წელს საქართველოს მეფის ვახტანგ VI-ის ამალას გაჰყვა რუსეთში, დაგვიტოვა ამ მოგზაურობის ლიტერატურული აღწერა, აგრეთვე ქართულ ენაზე თარგმნა გეოგრაფიის სახელმძღვანელო.

ხელნაწერი წიგნი „ღეოღრაფია ანუ მოკლედ ქვეყნის სიმრგულისათვის აღწერა“, გადმოღებულია რუსულიდან გაბრიელ გელოვანის მიერ 1730–1737 წლებში. ჩვენამდე მოღწეული ხელნაწერებიდან რამდენიმეს თან ერთვის მემუარული ხასიათის თხზულება "მცირე ანდერძი", რომელშიც იგი დაწვრილებით მოგვითხრობს გზაში გადახდენილ ამბებზე და გვაცნობს თავის ვინაობას. აღსანიშნავია, რომ ამ თხზულების არსებობა ქართველ საზოგადოებას აუწყა „დროებამ“, 1878 წლის 8 იანვარს (№5), ხოლო პირველად დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის ჟურნალ „ივერიაში“ (1879, №5, გვ. 195–200).

თხზულების მიხედვით გაბრიელ გელოვანი იყო სვანი თავადის სვიმონ გელოვანის ვაჟიშვილი. ერთხანს იგი იზრდებოდა გელათში, სადაც „მიზეზთათვის სწავლისათა“ მიაბარა მამიდამისმა, ოდიშის მთავრის ბეჟან დადიანის (1715–1728) მეუღლემ – თამარმა. გაბრიელ გელოვანის ბედი ამ გზით დაუკავშირდა გელათის მონასტერში მოღვაწე მონაზონს, იმერთა მეფის ბაგრატის ასულს, ნინოს, რომელიც გულმოდგინედ ზრუნავდა გაბრიელზე. როდესაც ნინომ ვახტანგ VI–ის რაჭას მისვლისა და რუსეთს გამგზავრების განზრახვა გაიგო, „მსწრაფლ“ გაიპარა გელათიდან, წაიყვანა გაბრიელიც, მივიდა მეფესთან და „ევედრა წარყვანასა რუსეთს“.

ვახტანგის ამალის 1724 წლის ნუსხაში რუსუდან დედოფლის მხლებელთა შორის დასახელებულია „იმერელ მეფის ქალი, დადიანის ცოლყოფილი, მონაზონი ნინო“ და (სახელდების გარეშე) მისი მხლებლები და მოსამსახურენი. მართალია გაბრიელი ამ ნუსხაში არ მოიხსენიება, მაგრამ „მცირე ანდერძში“, მან ისე დაწვრილებით აღწერა ქართველების სვლა რაჭიდან ასტრახანამდე, რომ ამ მოგზაურობაში მისი მონაწილეობა უცილობელია.

ქართველების ამალის ნაწილი, მათ შორის გაბრიელიც, ასტრახანში გაჩერდა და იქ დაელოდა ვახტანგ მეფისა და იმპერატორის მოლაპარაკების შედეგებს. მოგვიანებით, საიმპერატორო კარის ნებართვით, რუსუდან დედოფლის ამალა მოსკოვს გაემგზავრა. მას შემდეგ გაბრიელი და მისი აღმზრდელი ნინო მოსკოვში ცხოვრობდნენ. ისინი  ვახტანგის ამალის 1737 წლის სიაშიც იხსენიებიან.

მიუხედავად "მცირე ანდერძის“ მართლაც მცირე მოცულობისა, იგი მდიდარია ფაქტობრივი მასალით. ავტორი გვაუწყებს არაერთ საყურადღებო ფაქტს ქართველთა და ჩრდილო კავკასიელთა თუ რუსთა ურთიერთობის ისტორიიდან, ამხელს მთიელი ტომების ძალმომრეობას, აღწერს ყალმუხთა და რუსთა ჯარების წყობასა და მეომართა გარეგნობასაც კი, მადლიერებით წერს ქართველთა პატივით მიღებასა და მასპინძლობაზე ჩერქეზეთში, სოლაღში, ასტრახანში, პეტერბურგში.

თხზულებაში მოხსენიებულია მეტ–ნაკლებად ცნობილი ისტორიული პირები და მოცემულია საინტერესო ცნობები მათზე. ესენია: შაჰ–თამაზი, მთავარი მირვეიზი, „დიდი ხელმწიფე მეფეთ–მეფე ჩრდილოეთისა პეტრე ალექსის ძე“ და სხვ.

გაბრიელ გელოვანის „გეოგრაფია“ მსოფლიო გეოგრაფიის პირველი ქართულენოვანი სახელმძღვანელოა. ქართველთათვის მისი მნიშვმელობა იმითაც მტკიცდება, რომ არსებობს ამ თხზულების რამდენიმე ხელნაწერი, რომლებიც შესრულებულია XVIII ს–ის ბოლოს, ან XIX ს–ის დასაწყისში.

გაბრიელ გელოვანის სახელი გვიანდელ საბუთებშიც გვხვდება. 1748 წელს  მას გადაეცა რუსეთის სინოდის დადგენილება ქართველი მღვდელმთავრებისათვის (რომანოზ სამთავნელი, იოსებ სამებელი, იოანე მანგლელი) ჩასაბარებლად.

1754 წელს გაბრიელ გელოვანი უკვე კაპიტანია და მთავარ საპოლიცმაისტერო კანცელარიაში მსახურობს. ამის შესახებ ვიგებთ საბუთიდან, რომელშიც ქართველთა ელჩი ათანასე ამილახვარი რუს ხელისუფალთ სთხოვს თავადი გაბრიელ გელოვანი გააყოლონ მას სამშობლოში მცველად და თანამგზავრად.

რა ბედი ეწია ამის შემდეგ მწერალს ცნობილი არ არის.

წყარო:

1. გელოვანი, გაბრიელ. ღეოღრაფია ანუ მოკლედ ქვეყნის სიმრგულისათვის აღწერა / გაბრიელ გელოვანი; ტექსტი გამოსაც. მოამზადა, გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო მზია ხახუტაიშვილმა; შოთა რუსთაველის სახელმწ. უნ-ტის ქართ. ფილოლ. დეპარტამენტი. - ბათუმი, 2009. - 154გვ.

2. საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.581

3. ჩვენ ჩაგვივარდა ხელში... // დროება. - 1878.-8 იანვარი. - N5. - გვ.3

4. მენაბდე, დარეჯან. გაბრიელ გელოვანის "მცირე ანდერძი" / დარეჯან მენაბდე //კლასიკური და თანამედროვე ქართული მწერლობა. - თბილისი, 2005. - N8. - გვ.116-124. 

5. პაპუაშვილი ნუგზარ. ცნობები გაბრიელ გელოვანის წიგნზე // კოდიკოლოგიურ-არქეოგრაფიული ძიებანი გაზეთ "დროების" მასალების მიხედვით: გამოკვლევა და კატალოგი / ნ. პაპუაშვილი. - თბ., 2008. - გვ.170-172


გააზიარე: