The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


გიორგი გარსევანიშვილი

Date of birth:1680
Date of death:20 June, 1745  (at 65 years)
Burial location:ვსეხსვიატსკოეს ქართულ ტაძარი, მოსკოვი, რუსეთი
Category:Politician, Religious leader

Biography

გარსევანიშვილების ფეოდალური საგვარეულო ქართლის სამეფო კარზე განსაკუთრებით XVIII საუკუნეში დაწინაურდა, როდესაც ძმები გიორგი და იესე გარსევანიშვილები ვახტანგ VI–ის კულტურულ-მეცნიერული საქმიანობის აქტიური მონაწილეები და მეფის შვილების – ვახუშტი, ბაქარ და გიორგი ბაგრატიონების აღმზრდელ–მასწავლებლები გახდნენ.

ძმები განათლებითა და სპარტანული ცხოვრების წესით გამოირჩეოდნენ. ცნობილია ვახტანგ VI–ის მიერ გაცემული სიგელი გარსევანიშვილების სახელზე. 1724 წელს ორივე ძმა ვახტანგ VI–ეს გაჰყვა რუსეთში, როგორც აღმოჩნდა, სამუდამოდ. განსაკუთრებული დამსახურებისათვის რუსეთის მთავრობამ მათ მამულები გადასცა პოლტავის, ხარკოვისა და ეკატერინოსლავის გუბერნიებში. მათმა შთამომავლობამ მიიღო გერსევანოვის გვარი.

გიორგი გარსევანიშვილი დაბადებულია დაახლოებით 1680 წელს. იგი მეფისწულებს,  ვახუშტის და ბაქარს, ღვთისმეტყველებას ასწავლიდა. მისი ძმა, იესე, იყო სამეფო კარისა და ოქონის ხატის დეკანოზი, ჯვარისმტვირთველი.  

1730 წლის მარტში გიორგი ვახტანგ VI-მ და ბაქარმა საგანგებო დავალებით გამოგზავნეს საქართველოში. 1737 წლიდან იგი საბოლოოდ გადასახლდა მოსკოვში. რუსეთში იგი სხვა ქართველ სასულიერო მოღვაწეებთან ერთად ჩაირიცხა სინოდის შტატში. შემდეგ მოღვაწეობდა მოსკოვის ქართულ ახალშენში.

დაბა ვსეხსვიატსკოეში, 1733-1736  წლებში მეფე არჩილ II-ის ქალიშვილმა, დარეჯან ბატონიშვილმა ძველი ეკლესიის ნაფუძარზე აღაშენა რუსული კლასიციზმის სტილის "ყოველთა წმიდათა" სახელობის სამნავიანი ბაზილიკური ქვის ტაძარი და რვაწახნაგოვანი სამრეკლო. სოფელი ვსეხსვიატსკოე მეფე ალექსი მიხეილის ძის დროს დედოფლის ბიძაშვილს, ივანე მილოსლავსკის ეკუთვნოდა, რომლის გარდაცვალების შემდეგ გადაეცა მის ქალიშვილს, ფეოდოსიას. იგი არჩილ II-ის ვაჟის - ალექსანდრეს პირველი მეუღლე იყო. რუსეთში გადახვეწილი მეფე არჩილი, ოჯახითა და ამალით, 1695 წელს, საბოლოოდ, სწორედ ვსეხსვიატსკოეში დასახლდა.

ახალი ტაძარი 1736 წლის 13 სექტემბერს ეკურთხა. საკურთხეველში, მარცხენა მხარეს, კედელზე მიმაგრებული დაფა გვანცნობს: „По указу ея императорского величества и по благословению святейшаго правительствующаго Синода, построена сия каменная церковь во имя всех святых и проведных Семеона Богородицы и Анны Пророчицы, его верою имеретинскоq царевною Мариею Арчиловною для здравия ее величества и для вечного памилования царских родителей. Освяшена сия каменая церковь в 1736 году сентября 19 дня, преосвященым Бениамином епископом Коломенским и Каширским“.  

გიორგი გარსევანიშვილი გახდა „ყოველთა წმინდათა” ტაძრის პირველი წინამძღვარი. აღსანიშნავია, რომ 1801 წლამდე ტაძარში ღვთისმსახურება ქართულად აღევლინებოდა. „ვსეხსვიატსკოე“ რუსეთში ლტოლვილი ქართველი მამულიშვილების მოღვაწეობით ქართული კულტურის მნიშვნელოვან ცენტრად იქცა. აქ ქართულად დაიბეჭდა "ძველი" და "ახალი აღთქმის" წიგნები.

გიორგი გარსევანიშვილი გარდაიცვალა მოსკოვში, 1745 წლის 20 ივნისს. დაკრძალულია „ვსეხსვიატსკოეს“ ქართულ ტაძარში, რის შესახებაც ეკლესიის კედელში ჩაშენებული ეპიტაფია მოწმობს.

1992 წლიდან ტაძარი მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მეურვეობის ქვეშაა. 1996 წლის 9 ივნისს, ღვთისმსახურების აღდგენის 50-ე წლისთავზე ტაძარს ესტუმრა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი, უწმინდესი ალექსი, რომელმაც აკურთხა მემორიალური დაფა, რომელზეც სათანადოდაა აღნიშნული არჩილ მეფის ასულის - ბატონიშვილ დარეჯანის ღვაწლი.

წყარო:

1. diaspora.gov.ge/?p=2433 

2. საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.16

3. გარსევანიშვილი გიორგი // ქართველები უცხოეთში : წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი. - თბ., 2012. - გვ.56.

4. ღამბაშიძე, გივი. ...აღშენებულია ესე... საყდარი არჩილ მეფის ასულის ბატონიშვილი დარეჯანის მიერ...  // 24 საათი. -  2011. - 11 ნოემბერი. - N2864 (256). - გვ.38-39. - Weekend. 11-17 ნოემბერი, 2011წ. N33(74)


Share: