The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


თინა ვაჩნაძე

თინა ვაჩნაძე
დაბადების თარიღი:197?
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

ამერიკაში მცხოვრები  ქართველი მხატვარი და დიზაინერი თინა ვაჩნაძე ცნობილი ქართველი ხელოვანების ოჯახიდანაა. დედა – მუსიკის პროფესორი, პიანისტი მარინე ხვიტია; მამა – არქიტექტორ-დიზაინერი თამაზ ვაჩნაძე; ბაბუა და ბებია – მიხეილ ხვიტია და მარგარიტა (ცაგო) ნებიერიძე-ხვიტია, რესპუბლიკის დამსახურებული მხატვრები.

თინა ადრეული ბავშვობიდან ხატავდა. ეს ბუნებრივად მიაჩნდა, რადგან მხატვრების სახლში ცხოვრობდა და გარშემო ყველა ხატავდა. დედა ხშირად იყო გასტროლებზე და თინას საყვარელი გასართობი ბაბუის, მიხეილ ხვიტიას სახელოსნოში ტრიალი იყო. ამ პერიოდს იგი სიყვარულით იხსენებს: „ბაბუას გამორჩეული ფერების და სივრცის გადმოცემის ტექნიკა ქონდა. როცა ის ხატავდა, ვინტერესდებოდი მისი მუშაობის პროცესით და ისიც დაუზარებლად მიხსნიდა ყველა თავის შტრიხს და მონასმს. ამიტომ მისგან ბევრი რამ ვისწავლე.  მის გვერდით სახელოსნოში გატარებული დრო ჩემი პროფესიისთვის იყო ფასდაუდებელი. მიუხედავად იმისა , რომ ბაბუასგან განსხვავებულ სტილში ვმუშაობ, ვთვლი, რომ მისი გავლენა ჩემს ხელოვნებაში იგრძნობა. ბებია პორტრეტისტი იყო. მე ვიყავი მისი ყველაზე საყვარელი ნატურა, ამის გამო მხატვრობასთან კავშირი დაბადებიდანვე მქონდა“.

გასაკვირი არ არის, რომ ასეთ გარემოში აღზრდილმა გოგონამ სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისის სამხატვრო აკადემიაში განაგრძო სწავლა. პროფესიად დიზაინი და მოდელირება აირჩია, მაგრამ აკადემიაში ფერწერასაც ასწავლიდნენ და დღეს ორივე სფეროში წარმატებით მუშაობს.

სამხატვრო აკადემია თინა ვაჩნაძემ 1995 წელს დაამთავრა, 1999 წელს კი ოჯახი ამერიკაში წავიდა საცხოვრებლად. თავდაპირველად მხატვარი ქ. ატლანტაში ცხოვრობდა, შემდეგ კი ნიუ–იორკში გადავიდა. ამ ქალაქის ენერგეტიკამ მის შემოქმედებას მეტი თავისუფლება მისცა. მუშაობდა მოდის ილუსტრატორად, მოდის დიზაინერად და ფერწერასაც არ ღალატობდა. ამერიკაში ჩასვლიდან რამდენიმე წელში აბსტრაქტულ სტილშიც დაიწყო ხატვა. მისი ნამუშევრები გამოფენილი იყი მრავალ გალერეასა და ფესტივალზე, ნიუ–იორკში მანჰეტენზეც ჰქონდა გამოფენა.

თინა ამბობს, რომ ნახატი მხატვრის ემოციას უნდა გადმოსცემდეს. არა აქვს მნიშვნელობა ეს ნატურმორტით მოხდება, პორტრეტით თუ აბსტრაქციით. თუ სურათი მნახველში გრძნობებს გააღვიძებს, ე. ი. მიზანი მიღწეულია.  

თინა ვაჩნაძის მეუღლე - ვახტანგ კოზმავა, მეტალის დიზაინერია. მათ სამი შვილი ჰყავთ: ტატიანა, მიხეილი და ნასტასია. ტატიანა (ტუსი) კოზმავა წარმატებული ფიგურისტია. იგი პეტერბურგელ ალექსანდრე ზოლოტარიოვთან ერთად ყინულზე ცეკვებში ასპარეზობს. მათი წყვილი საქართველოს ფიგურული სრიალის ფედერაციის წევრია და 2012 წლიდან შეჯიბრებებში საქართველოს სახელით მონაწილეობს. თინა მათი კოსტუმების დიზაინერი და ამავდროულად მენეჯერიცაა.

წყარო:

1. www.postalioni.com › Home › ხელოვნება და კულტურა 

2. news.ge/.../101616-chemi-tsarmatebebit-siyvaruls-vukhsni-monatrebul-saqartvelos?...

3. https://www.frombaltic.ru/ru/tina-vahnadze/


გააზიარე: