The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


გიორგი მამალაძე

გიორგი მამალაძე
დაბადების თარიღი:1895
გარდაცვ. თარიღი:1941  (46 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

იუნკერი გიორგი მამალაძე 1921 წელს კოჯორ–ტაბახმელას მისადგომებთან იბრძოდა. საქართველოს ანექსიის შემდეგ, იძულებული გახდა სხვა ქართველ იუნკრებთან და სამხედროებთან ერთად ემიგრაციაში წასულიყო.

იგი 1921 წელს ჩავიდა პოლონეთში და ოფიცერთა სკოლის დამთავრების შემდეგ კონტრაქტით ჩაირიცხა პოლონეთის არმიაში, სადაც მაიორის წოდება მიანიჭეს.

მსახურობდა ბენიამინოვის კავშირგაბმულობის ბატალიონის ვარშავის რადიოტელეგრაფის მე-2 პოლკში.

1939 წლის სექტემბრის კამპანიაში გიორგი მამალაძე იბრძოდა გერმანელებისა და საბჭოელების წინააღმდეგ პოლონეთის თავისუფლებისათვის.

შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ გიორგი მამალაძის წყალობით შემონახული ფოტოალბომი გვიქმნის წარმოდგენას იმაზე, თუ როგორ გამოიყურებოდნენ პოლონეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები. ეს ალბომები 1939 წელს შეუფუთავთ და მიწაში შეუნახავთ, რომ ომის ქარცეცხლისგან გადაერჩინათ.

გიორგი მამალაძე მშვენივრად უკრავდა გიტარაზე და ქართველთა წვეულებების სული და გული იყო.

ზუსტად არ ვიცით როგორ დაიღუპა. ერთ-ერთი ცნობით, საბჭოთა ტყვეობაში მოხვედრილი გიორგი მამალაძე და კაპიტანი მიხეილ რუსიაშვილი სტარობელსკის, ოსტანშკოვისა და კოჟელსკის ბანაკების სხვა ტყვეებთან ერთად დახვრიტეს კატინში 1940 წლის გაზაფხულზე. იგი მოიხსენიება სიმბოლურ წარწერაში დედამისის საფლავზე ვარშავის სამხედრო სასაფლაოზე - „გარდაიცვალა კატინში 1940 წელს“.

დავით ყოლბაია კი წერს, რომ 1939 წლის სექტემბრიდან ის იყო ნკვდე-ს ტყვე კოჟელსკის ბანაკში „მალინოვსკის“ ან „იანიშევსკის“ გვარით. საბჭოთა დაზვერვამ მისი ვინაობა გაშიფრა და სხვა ქართველ ტყვეებთან ერთად ბანაკიდან გაიყვანეს, ხოლო რამდენიმე თვის შემდეგ გაასამართლეს. სავარაუდოდ, 1941 წლის 28 ივლისს მოსკოვთან ახლოს „კომუნარკას“ პოლიგონზე დახვრიტეს.

წყარო:

1. ტოროტაძექეთიკატინის ტყეში დახვრეტილი ქართველი ოფიცრები : და ვარშავის აჯანყების გმირი ქართველი გოგონა / ქეთი ტოროტაძე //ისტორიანი : ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი. - თბილისი, 2012. - თებერვალი. - N2 (14). - გვ.36-39.

2. ყოლბაია დავით. რეჩპოსპოლიტას ფრთებქვეშ : ქართული ემიგრაცია პოლონეთში 1921-1939 = Kolbaia David. Pod skrzydłαmi Rzeczypospolitej : Emigrαcjα gruzińskα w Polsce 1921-1939 : [ფოტოალბომი]. - ვარშავა, 2019.- გვ.223
3. https://gfsis.org.ge/files/my-world/10/qartvelebi%20ucxoetshi.pdf


გააზიარე: