The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე გამოჩენილი ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
ტექსტები მოცემულია ქართულ და ინგლისურ ენებზე.


აკაკი ხოშტარია

აკაკი ხოშტარია
დაბადების თარიღი:1873
გარდაცვ. თარიღი:1932  (59 წლის ასაკში)
კატეგორია:ბიზნესმენი, ფილანთროპი

ბიოგრაფია

XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის პირველ მეოთხედში რუსეთის იმპერიის სინამდვილეში ქართველ მეწარმე-მეცენატთა შორის ფართო თვალსაწიერით, ანალიტიკური მახვილგონივრულობით, აზარტული გატაცებით, პროექტებისა და ქმედებათა ფანტასტიკური მასშტაბურობით გამოირჩეოდა აკაკი მეთოდეს ძე ხოშტარია. მისი საქმიანობის ძირითად ასპარეზს წარმოადგენდა სამხრეთ კავკასია (განსაკუთრებით ბაქო), თურქეთი და ირანის ჩრდილო რაიონები. ზურაბ ავალიშვილის შეფასებით, იგი "ამერიკული ყაიდის" ბიზნესმენი იყო. 
აკაკი ხოშტარია დაიბადა 1873 წელს აბაშის რაიონის სოფელ სუჯუნაში, ტახტის აზნაურის ოჯახში. აკაკის მამა, მეთოდე, მეთო ხოშტარია იყო დადიანების მოურავი, განაგებდა სადადიანოს მეურნეობას და ცნობილი იყო თავისი სიდინჯე–გონიერებით. ზოგიერთი ცნობით, მას ევალებოდა სამეგრელოს საეკლესიო მიწების გამგებლობა და სუჯუნის წმინდა გიორგის ხატის დაცვა. დედა - ვარდიკო ავალიანი, საკმაოდ წიგნიერი  და განათლებული ქალი ყოფილა. აკაკი სამი შვილიდან შუათანა იყო. უფროს ძმას, გიორგის, პეტერბურგის უნივერსიტეტი ჰქონდა დამთავრებული, სპეციალობით მათემატიკოსი იყო და წლების მანძილზე სხვადასხვა ქალაქის გიმნაზიებში ასწავლიდა. უმცროსი და – ანა გათხოვდა გიორგი ჭყონიაზე. იგი ოზურგეთის გიმნაზიაში მასწავლებლად მსახურობდა და 1928 წლიდან ოჯახთან ერთად თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად.

აკაკიმ სასოფლო-სამეურნეო კოლეჯი დაამთავრა სანკტ-პეტერბურგში. რამდენიმე წლის განმავლობაში გაგრაში, პრინც ოლდენბურგთან სუპერინტენდანტად მუშაობდა. მან დაგეგმა და მეთვალყურეობას უწევდა ყველა ბულვარისა და ბაღის მოწყობას მთელს შავიზღვისპირეთის ტერიტორიაზე. შემდგომშიც ზუნავდა ამ ადგილების გამწვანებაზე. მისი უშუალო ხელმძღვანელობითა და დაფინანსებით გაშენდა ახალი ათონის ცენტრალური პარკი, იალტის მთავარი ბაღი, ბათუმის მთავარი ზღვისპირა ბულვარი და  მახინჯაურის ბოტანიკური ბაღი.

მებაღე–დეკორატორად 10 წლის მუშაობის შემდეგ, აკაკი ხოშტარია შემთხვევითობის წყალობით ჩაება  სავაჭრო და სამეწარმეო საქმიანობაში. ქ-ნ თ. კვაჭაძის გადმოცემით ამას ერთმა შემთხვევამ შეუწყო ხელი: ახალგაზრდობაში იგი ფოთში მეგობრობდა მეწვრილმანე ვაჭარ, ვინმე ზოდელავასთან. ერთხელ მათ გადაწყვიტეს სავაჭრო გემით ნავთი წაეღოთ ოდესაში სარეალიზაციოდ, მაგრამ ტუაფსეში ამოვარდნილმა ქარიშხალმა გემი თურქეთში გაიტანა, სადაც ნავთი ოქროს ფასად გაყიდეს. აკაკი ამ შემთხვევამ სამეწარმეო საქმიანობაზე დააფიქრა. იგი თურქეთიდან ბაქოში გაემგზავრა და ნავთობმრეწველ მუსა ნაგიევისგან ნავთობსარეწი დანადგარები, ბათუმში კი სავაჭრო აქციები შეიძინა და მთლიანად ნავთობსამრეწველო საქმიანობაზე გადაერთო.

პირველი მსოფლიო ომის წინა პერიოდში აკაკი ხოშტარიამ ბაქოში ჩამოაყალიბა მსხვილი სამრეწველო კომპანია, რომელიც სამხრეთ კავკასიასა და ირანში წარმართავდა სავაჭრო ოპერაციებს. კომპანიაში გაერთიანდნენ ნავთობის ინდუსტრიის ცნობილი მრეწველი-კაპიტალისტები. დიდი ბრიტანეთის კონტრდაზვერვის პოლკოვნიკი მერაბ კვიტაშვილი თავის მემუარებში წერს: „ბაქოში მამაჩემი დაუკავშირდა ქართველების დიდ ჯგუფს, რომლებიც ნავთობის წარმოების სისტემაში მუშაობდნენ. ამ ჯგუფს სათავეში ედგა აკაკი ხოშტარია, იმ დროის საქართველოში ერთადერთი ნამდვილი მილიონერი, რომელმაც ნავთობის კონცესიები შეიძინა სპარსეთში და ჩამოაყალიბა ფირმა, სახელად „რეპენტო” (Русско-персидское нефеяное товарищество). ეს იყო ყველაზე დიდი და ფინანსურად ყველაზე ძლიერი ფირმა, რომლის მსგავსიც კი ქართველებს ოდესმე შეუქმნიათ – მისი პრეზიდენტი იყო აკაკი ხოშტარია“.

სანავთობე ამხანაგობა „რუპენტოს“ გარდა აკაკი ხოშტარიამ ბაქოში დააარსა კომერციული ორგანიზაცია – თურქულ-სპარსული „ხოშტარიას ბანკი“, რომლებიც  მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან აწარმოებდნენ ფინანსურ კომბინაციებს. ასევე, 1913 წელს აკაკი ხოშტარიამ დადო 99 წლიანი კონტრაქტი ჩრდილოეთ ირანის მიწათმფლობელებთან, დააარსა კომპანია „პერსლესი”, რომლის კაპიტალი შეადგენდა რამდენიმე მილიონ ოქროს რუბლს. ააშენა თავისი საკუთარი საამქროები, ელექტრონით მოქმედი ქარხნები და სპეციალური სარკინიგზო ხაზი - „ტალრუდი”, ხის მორების გადასაზიდად. ეს ირანისთვის პირველი რკინიგზის ხაზი იყო.

სამეწარმეო და სავაჭრო საქმიანობით აკაკიმ ირანის შაჰის კარზე დიდი გავლენა მოიპოვა.

ბერლინში გამომავალი რუს-დემოკრატთა ყოველდღიურ გაზეთ - „რულის” ჟურნალისტი, ვინმე ვლადიმერ ნემგინსი, 1924 წელს თავის წერილში აკაკი ხოშტარიას მოიხსენიებს, როგორც „ირანის უგვირგვინო შაჰს” და პირველი მსოფლიო ომის დასაწყისისთვის, როგორც „საქართველოსა და ირანის მნიშვნელოვანი ნაწილის ფაქტობრივ მფლობელს”.

1914 წელს აკაკიმ დააარსა სატრანსპორტო კომპანია თეირანსა და ფეჰლევს შორის. იგი იყო პირველი, რომელმაც ავტომობილი „ფორდი” შემოიყვანა ირანში, რომელსაც ოქროს ფრთები ჰქონდა სამკაულად. მან ეს მანქანა საჩუქრად მიართვა აჰმედ შაჰს.

1916 წელს ხოშტარიამ მიიღო კონცესიები მიწისქვეშა საკუთრების ექსპლუატაციაზე, რომელიც გულისხმობდა მინერალების, ნავთობისა და სხვა წიაღისეულის მოპოვებას ჩრდილოეთ ირანში აზერბაიჯანის ჩათვლით. მან, ასევე, დადო ხელშეკრულება ბრაიტონ ფ. ფ. ლიჩთან, რომელსაც ლონდონში უნდა დაეარსებინა კომპანია 2 მილიონი ფუნტი სტერლინგის ოდენობის ძირითადი კაპიტალით.

თბილისში აკაკი ხოშტარიას ეკუთვნოდა მექანიკური ქარხანა, სამიწათმოქმედო იარაღების ფაბრიკა, საპნის ქარხანა, მეტალურგიული ქარხანა და სხვ.; იგი იყო ამიერკავკასიის ბანკის გამგეობის წევრი; დააარსა ტრანსკავკასიური ბანკი და სატრანსპორტო კომპანია; აფინანსებდა ეროვნულ–დემოკრატების გაზეთ „საქართველოს“; ფინანსურ დახმარებას უწევდა ნოე ჟორდანიას მთავრობას საქართველოში და შემდეგ ემიგრაციაშიც...

საქართველოს ანექსიის შემდეგ აკაკი ემიგრაციაში წავიდა ჯერ თურქეთში, შემდეგ პარიზში, 1923 წელს კი დაბრუნდა თეირანში. ამავე წელს მან მიიღო კონცესიები ნავთობის ექსპლუატაციისთვის სემნანში და დააარსა კომპანია „ქავირეხურიან”. ამ კომპანიის უდიდესი ნაწილი მას ეკუთვნოდა, ნაწილი - სხვა კერძო პირებს, რომელთა შორის იყვნენ ირანელებიც, დანარჩენი კი საბჭოთა მთავრობას, ვინაიდან ეს უკანასკნელი არ აძლევდა უფლებას რომელიმე თავის ქვეშევრდომს მონაწილეობა მიეღო ირანის კონცესიებში, თუ თვითონ არ მიიღებდა წილს. დაიწყო კვლევითი სამუშაოები სემნანში, მაგრამ აკაკის გარდაცვალების შემდეგ (1932 წ.) მისი წილი ავტომატურად გახდა ირანის მთავრობის საკუთრება.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ქონებისა, აკაკის ირანში ჰქონდა საკუთარი რკინიგზა მატარებლებით, მონოპოლია ხე-ტყის, საპნის, ბრინჯის წარმოებაზე, თევზის სარეწები, ვაჭრობდა მატყლით ინგლისელებთან და, რაც მთავარია, იყო ჩრდილოეთ ირანის ნავთობის კონცესიებისა და მთელი ამ ტერიტორიის მიწების კერძო მფლობელი, რომელიც მან შეისყიდა მოჰამედ ალი-შაჰის პირველი მინისტრის, სპასალარის, პროვინცია გილანის მმართველ მოჰამედ ვალი ხანისგან. მის ხელში იყო კასპიისპირა ქალაქ ენზელის ელექტროფიკაციაც, სადაც სერიოზულ კონკურენციას უწევდა ინგლისელებსა და ამერიკელებს.

აკაკი ხოშტარია საქართველოს ანექსიის შემდეგ ყველანაირად ცდილობდა დახმარებოდა ეკონომიკურად დაუძლურებულ სამშობლოს. სწორედ ამიტომ მას არ უნდოდა ურთიერთობის გამწვავება საბჭოთა რუსეთთან. 20-იანი წლების შიმშილობის დროს კომუნისტების თხოვნით მან  დააარსა კომპანია "საბჭოთა კავშირი და ხოშტარია". ის საკუთარი სახსრებით პურს ირანში ყიდულობდა და ბაქოში გზავნიდა, აქედან კი "ხოშტარიას პური" სხვა ქვეყნებში ნაწილდებოდა. საბოლოოდ, კომუნისტებმა შეპირებული თანხა არ გადაურიცხეს და საერთაშორისო მასშტაბის სკანდალის თავიდან ასაცილებლად, მისი დაპატიმრება გადაწყვიტეს. აკაკიმ გაქცევა მოასწრო, რადგან ბაქოში მიიღო ბუდუ მდივნის საიდუმლო დეპეშა –  წადი, თორემ დაგიჭერენო. ისიც, სასწრაფოდ გემით გაემგზავრა და ასე გადარჩა.

ფოთში სამსახურის დროს გაიცნო აკაკი ხოშტარიამ მომავალი მეუღლე - მინადორა ეგნატეს ასული თურქია, რომელმაც ღირსეული მეგობრობა გაუწია აკაკის მთელი სიცოცხლის მანძილზე და დიდი როლიც ითამაშა მის ფინანსურ წარმატებებში.

მინადორა დიდი მრეწველის, ფოთის სახელმწიფო ბანკის მმართველის ქალიშვილი იყო. მამამისს ეკუთვნოდა მთელი შავი ზღვის სანაპიროზე არსებული ყველა საკონდიტრო მაღაზია თუ საწარმო, ურთიერთობა ჰქონდა საზღვარგარეთთანაც.

აკაკი ხოშტარია აქტიურ საქველმოქმედო და საზოგადოებრივ საქმიანობას ეწეოდა. 1907 წელს მან ბაქოდან 8 ათასი მანეთი გამოუგზავნა თბილისში ახალშექმნილ „საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებას";  1915 წელს აბაშის სოფელ სუჯუნაში დედის სახელზე, ევროპელი არქიტექტორების დახმარებით, სახლი ააშენა. მოგვიანებით მან შენობა სოფელს საგანმანათლებლო დანიშნულებისთვის საჩუქრად გადასცა. 1914 წელს თბილისელთა თხოვნით საჯარო აუქციონზე შეიძინა ცნობილი მრეწველის, დავით სარაჯიშვილის სახლი. მან სახლი გადააკეთა, მოაწყო საზაფხულო და ზამთრის ბაღი. იტალიიდან ჩამოატანინა ლომის ფიგურები თუ სხვა ძვირფასი ანტიკვარული ნივთები, რომლის ნაწილი დღემდე არის მწერალთა კავშირში. გარკვეული ხნის მერე, როცა  გადაწყვიტა საცხოვრებლად საფრანგეთში წასვლა, მისი ახლო ნათესავის–დუტუ მეგრელის მეშვეობით ქართველ მწერლებს ამცნო, რომ სახლსა და ნივთებს უსასყიდლოდ გადასაცემდა მათ. ასე დაიდო ამ სახლში ბინა საქართველოს მწერალთა კავშირმა, სადაც იგი დღემდე არსებობს. 

ნ. ნოკოლაძის ინიციატივით აკაკი ხოშტარიამ თავისი ხარჯით გაიყვანა რკინიგზა ფოთსა და აბაშას შორის; სამხედრო-საზღვაო ფლოტის შესაქმნელად მან 1920 წელს საზღვარგარეთ შეიძინა 4 სამხედრო გემი და თვითონვე ჩამოიყვანა საქართველოში; საფრანგეთში ლადო გუდიაშვილისა და ცნობილი კუბისტის, ანდრე ლოტის სურათები შეისყიდა და საჩუქრად გადმოუგზავნა საქართველოს ხელოვნების მუზეუმს; მისი ხარჯით უცხოეთში განათლება მიიღო უამრავმა ნიჭიერმა ქართველმა სტუდენტმა, რომელთაგან ბევრი შემდგომში მეცნიერი გახდა; გარდა ამისა, კონსტანტინოპოლში მის მიერ დაარსებულ თურქულ-სპარსულ ბანკში ჩვენი ქვეყნიდან წასული ქართველები დაასაქმა, რომლებსაც სითბოსა და მზრუნველობას არ აკლებდა.  

აკაკი ხოშტარიას სავაჭრო კომბინაციები და კომერციული გეგმები ერთი შეხედვით ფანტასტიკურად შეიძლება მოგვეჩვენოს, თავისი საოცარი წარმატებებით. მაგრამ ყველაფერ ამის უკან დგას პიროვნება თავისი ემოციური და არტისტული გამოვლინებებით, რომელიც დაუღალავად მიიწევდა წინ. მრავალ მოგონებაში, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნავენ და საუბრობენ მასზე, არა როგორც მდიდარ, ფულიან მრეწველზე, რაც ფაქტია, არამედ, მის არაჩვეულებრივ კეთილშობილებაზე, ქართულ გულზე, სიკეთეზე, მოყვასის სიყვარულსა და ყურადღებაზე, რითაც იგი გარშემო მყოფ ადამიანებზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენდა.

აკაკის მეუღლე და ერთგული მეგობარი, ქალბატონი მინადორა თურქია-ხოშტარია 1924 წელს გარდაიცვალა ინფარქტით. დაკრძალულია დულაბის მართლმადიდებლურ რუსულ სასაფლაოზე თეირანში. მისი ცხედარი 1932 წლამდე (აკაკის გარდაცვალებამდე) მუმიფიცირებული იყო ეგვიპტელი სპეციალისტების მიერ.

მინადორა ხოშტარიას საფლავზე აგებული სამლოცველო და აკლდამა ქართული სასულიერო ხუროთმოძღვრების ერთადერთი ნიმუშია ირანის ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიაზე.

ცნობილი ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარია აკაკის ძმის, გიორგის, შვილიშვილია. მისი გადმოცემით  მინადორას შემდეგ აკაკის ცოლად ირანის პრემიერ-მინისტრის და ჰყავდა, თუმცა, მისი აზრით ეს ალბათ, "საქმიანი" ქორწინება გახლდათ...
აკაკი ხოშტარია გარდაიცვალა 1932 წელს პარიზის სასტუმროში, 59 წლის ასაკში. ეს მოულოდნელად მოხდა. სადილობისას შემთხვევით ღომის ქერქმა სასულე გაუკაწრა. რადგან დიაბეტით იყო დაავადებული ყელის შეშუპება დაეწყო და ვეღარ გადაარჩინეს. დაკრძალულია პერლაშეზის სასაფლაოზე.

აკაკის და მინადორას საკუთარი შვილი არ ჰყოლიათ. მათ იშვილეს გოგონა - მუსინკა, რომელიც პარიზში გათხოვდა მიხეილ ბაგრატიონ-მუხრანელზე. მათ შეეძინათ ქალიშვილი თამარი. ამჟამად იგი მამასთან ერთად საფრანგეთში ცხოვრობს.

ირანში, გილანის პროვინციაში, კასპიის ზღვის სანაპიროზე მდებარე საკურორტო ქალაქ ენზელში, დღესაც არსებობს აკაკი ხოშტარიას სასახლე უმშვენიერესი ბაღით. პირველ სართულზე სამხედრო–საზღვაო მუზეუმია, მეორეზე კი გამოფენილია აკაკის პირადი ნივთები.

წყარო:

1. https://ka.wikipedia.org/wiki/აკაკი_ხოშტარია

2. www.fereidani.ge/202_minadora/202_minadora.html 

3. gza.ambebi.ge/.../1671-skhvadaskhva-qveynis-pirvel-pirebthan-daakhloebuli-qarthve..

4. ქარჩავა, ლოიდ. გამოჩენილ იზნესმენთა სამეწარმეო ცხოვრებიდან : ბიზნესის გარშემო : [7 წიგნად ]. ტ. 1. - [თბ.] , 2006.

5. ხოშტარია აკაკი // ქართველები უცხოეთში : წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუმუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი. - თბ., 2012. - გვ.217-218.

6. მიქელაძე, . აკაკი ხოშტარია // საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნე. - თბილისი, 1992. - N4. - გვ.169-176. - (ისტორიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია). 


გააზიარე: