The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


თეიმურაზ ბაგრატიონი

თეიმურაზ ბაგრატიონი
დაბადების თარიღი:23 აპრილი, 1782
გარდაცვ. თარიღი:25 ოქტომბერი, 1846  (64 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ალექსანდრე ნეველის ლავრა, ფედოროვის საყდარი, პეტერბურგი, რუსეთი
კატეგორია:მეცნიერი, მწერალი, სამეფო ოჯახის წევრი

ბიოგრაფია

ქართლ–კახეთის მეფე გიორგი XII 1766 წელს დაქორწინდა პაპუნა ანდრონიკაშვილის ვეჟინში მცხოვრებ ცამეტი წლის ასულზე, ქეთევან ანდრონიკაშვილზე.  სამეფო წყვილს 9 შვილი (დავითი, იოანე, ბაგრატი, თეიმურაზი, ბარბარე, სოფიო, ნინო, რიფსიმე, გაიანე) ჰყავდა. 1782 წლის 23 აპრილს თბილისში ქეთევანს თეიმურაზ ბატონიშვილი შეეძინა და მშობიარობიდან 42-ე დღეს 28 წლის სრულიად ახალგაზრდა ქალი მოულოდნელად გარდაიცვალა.

თეიმურაზ ბატონიშვილის ბიოგრაფია მრავალფეროვანი და საინტერესოა. მისი აღმზრდელი იყო ცნობილი პოეტი პეტრე ლარაძე (ყარიბი). სწალობდა თელავის სასულიერო სემინარიაში დავით ალექსი-მესხიშვილთან. 1800 წელს 18 წლის თეიმურაზს ცოლად შერთეს ქართლის სარდლის ოთარ ამილახვარის ასული ელენე, რომელიც მეუღლეზე 15 წლით უფროსი იყო. 1803 წელს, როდესაც დღის წესრიგში დადგა თეიმურაზის რუსეთში გადასახლების საკითხი, მან უარი განაცხადა რუსეთში წასვლაზე, სპარსეთში მყოფ ბიძასთან ალექსანდრე ბატონიშვილთან გაიქცა, ცოლი კი სიმამრს დაუტოვა გორში.

სპარსეთში ყოფნისას თეიმურაზი სხვადასხვა დროს სხვადასხვა მოვალეობას ასრულებდა: იყო სპარსელთა ჯარის საარტილერიო ნაწილის სარდალი, სამხედრო შტაბის ერთ–ერთი კონსულტანტი და ამავე დროს ეწეოდა მეცნიერულ მოღვაწეობას. 1810 წელს თეიმურაზს სპარსეთში ჩააკითხა პეტრე ლარაძემ და დაიყოლია სამშობლოში დაბრუნებულიყო. 1811 წელს გენერალმა ტორმოსოვმა თეიმურაზ ბატონიშვილი მეუღლესთან ერთად პეტრერბურგს გაისტუმრა. რუსეთში ბატონიშვილს თან გაჰყვა სპარსეთიდან გამოყოლილი მცირერიცხოვანი ამალა.

პეტერბურგში თეიმურაზ ბატონიშვილს დაენიშნა წლიური ჯამაგირი და პენსია. 1813 წელს მან ვასილის კუნძულზე შეიძინა საკუთარი სახლი, სადაც გარდაცვალებამდე ცხოვრობდა.

თეიმურაზ ბატონიშვილი ეწოდა ფართო მეცნიერულ–ლიტერატურულ საქმიანობას. იგი იყო ფართო ერუდიციის ადამიანი. ქართულის გარდა ფლობდა ბერძნულს, ლათინურს, სპარსულს, თათრულს, რუსულს, ფრანგულს. მისი შემოქმედების ფარგლები იყო: ისტორია, არქეოლოგია, ენათმეცნიერება, ლექსიკოგრაფია, ეთნოგრაფია, ნუმიზმატიკა, ლიტერატურა, ფილოსოფია, გეოგრაფია, ბიბლიოგრაფია, სამხედრო საქმე. მის თხზულებებს „მოგზაურობა თბილისიდან პეტერბურგამდე“ (16. X. 1810 – 12. I. 1811) და „მოგზაურობა ჩემი ევროპასა და სხვადასხვათა ადგილთა“ (26. V. -1. XI. 1936) საპატიო ადგილი უკავიათ სულხან–საბა ორბელიანის, ტიმოთე გაბაშვილისა და იოანე გედევანიშვილის „მოგზაურობათა“ გვერდით.

თეიმურაზ ბატონიშვილი მჭიდროდ იყო დაკავშირებული რუს მოღვაწეებთან, პოეტებთან, მეცნიერებთან. მან შემოიკრიბა პეტერბურგში მოღვაწე ქართველი მწიგნობრები. 1830 წლიდან საფუძველი ჩაეყარა მის მეცნიერულ თანამშრომლობას აკადემიკოს მარი ბროსესთან. ბატონიშვილმა მარი ბროსესთან ერთად შექმნა პეტერბურგის ქართველოლოგიური სკოლა. თეიმურაზ ბატონიშვილის ისტორიული ნაშრომებიდან აღსანიშნავია „ისტორია დაწყებითგან ივერიისა“. განსაკუთრებული ღვაწლი დასდო „ვეფხისტყაოსნის“ შესწავლას და ტექსტის დადგენას, რომელიც 1841 წელს გამოიცა. სწავლობდა ქართული ლექსთწყობის საკითხებს, თავადაც წერდა ლექსებსა და პოემებს, მემუარული ჟანრის ნაწარმოებებს. თეიმურაზ ბატონიშვილი იყო პეტერბურგის საიმპერატორო მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი (1837 წ.), რომელსაც ანდერძით დაუტოვა თავისი წიგნები და ხელნაწერები, პარიზის სააზიო საზოგადოებისა და კოპენჰაგენის სამეფო ანტიკვართა საზოგადოების წევრი,

1846 წლის 25 ოქტომბერს თეიმურაზ ბატონიშვილი გარდაიცვალა პეტერბურგში. დაასაფლავეს ალექსანდრე ნეველის ლავრის ფედოროვის საყდარში. თეიმურაზის სიკვდილიდან ოცი წლის შემდეგ 99 წლის ასაკში გარდაიცვალა მისი მეუღლე ელენე ამილახვარი, რომელიც მეუღლის გვერდით დაკრძალეს. თეიმურაზსა და ელენეს შვილები არ დარჩენიათ.

წყარო:

1. აბრამიშვილი, ანდრო. რუსეთის პირველი ქართველი აკადემიკოსი // ლიტერატურული წერილები / ანდრო აბრამიშვილი. - თბილისი, 1968. - გვ. 78-85.

2.  თეიმურაზ ბატონიშვილი (ბაგრატიონი) // 100 ქართველი უცხოეთში. - თბ., 2011. - გვ.152-153.

3. ბიოგრაფიული ცნობები და შენიშვნები / ირაკლი კენჭოშვილი // ქართული ლირიკის ანთოლოგია (1765-1825) / შემდგენელი ირაკლი კენჭოშვილი. - თბილისი, 2014. გვ, 393.


გააზიარე: