The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


მარიამ ციციშვილი

მარიამ ციციშვილი
დაბადების თარიღი:1768
გარდაცვ. თარიღი:1850  (82 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სვეტიცხოველი, მცხეთა
კატეგორია:სამეფო ოჯახის წევრი

ბიოგრაფია

გიორგი ციციშვილის ასული მარიამი 14 წლის იყო, როცა ქართლ–კახეთის უკანასკნელმა მეფემ გიორგი XII, მეუღლის ქეთევან ანდრონიკაშვილის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ, 1782 წელს ცოლად შეირთო. ბატონიშვილი უეცრად მოხიბლულა და თავდავიწყებით შეყვარებია მარიამი. დაქვრივებული ბატონიშვილის ასეთი აჩქარება საზოგადოებას არ მოსწონებია, ქორწილი ფარულად გადაუხდიათ და სასახლის დიდებულები ცალ–ცალკე მიდიოდნენ მისალოცად ახალდაქორწიებულებთან.

ერეკლე II დარეჯან დედოფალთან ერთად მესამე დღეს ინახულა რძალი და უხვი საჩუქრები უბოძა, მათ შორის: ღვთისმშობლის ხატი, ძირფასი აბჯარი თვლებით, მარგალიტებით და იაგუნდებით მორთული, ოქროს გულსაკიდი, ფარჩის საკაბე, ინდოეთის შალი, 70 მარგალიტით და 30 იაგუნდის თვლით ასხმული კრიალოსანი... ამასთან ერთად, ზეთის სახდელი ქარხანაც და სხვა. მარიამს ათი შვილი შეეძინა (შვიდი ვაჟი და 3 ქალი).

1798 წელს ერეკლე II გარდაიცვალა და ქართლ–კახეთის სამეფო ტახტი გიორგი XII დაიკავა. აქამდე ჩრდილში მდგომი მარიამი ამ პერიოდიდან აქტიურად ერთვება სახელმწიფო საქმეებში. ქართლ–კახეთი სამეფო კარი ორად იყო გაყოფილი – რუსეთის მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად. თავად ავადმყოფი გიორგი XII რუსეთზე იყო მიყრდნობილი და მისგან ელოდა შველას. მარიამ დედოფალი ერთგულად ედგა მეუღლეს გვერდში რუსეთთან ურთიერთობის საკითხში.

1800 წელს საქართველოს მეფე გიორგი XII გარდაიცვალა. 1801 წლის 12 სექტემბრის ალექსანდრე I მანიფესტით ქართლ–კახეთის სამეფო გაუქმდა, რამაც რუსეთის მომხრეები და მოწინააღმდეგეები გაერთიანა და მათ დამპყრობლების წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლა გადაწყვიტეს. ამ ძალებს მარიამ და დარეჯან დედოფლები ხელმძღვანელობდნენ. უკმაყოფილების ტალღა თანდათან ძლიერდებოდა. პრობლემის მოგვარება რუსეთის საიმპერატორო კარმა ბაგრატიონთა რუსეთში გადასახლებით გადაწყვიტა.

1903 წელს მარიამ დედოფალს მოუვიდა იმპერატორის ბრძანება, შვილებთან ერთად რუსეთში წასვლის შესახებ. მარიამს არ სურდა სამშობლოს დატოვება და დიდ მწუხარებაში ჩავარდა. ალექსანდრე I ბრძანების საფუძველზე მთავარმართებელმა პავლე ციციანოვმა გენერალ ლაზარევს განკარგულება მისცა სასწრაფოდ გაესახლებინათ მარიამ დედოფალი და მისი ოჯახი. 1803 წლის 19 აპრილს, გამთენიისას რუს ჯარისკაცთა და ოფიცერთა თანხლებით, ლაზარევმა ალყა შემოარტყა დედოფლის სასახლეს. ბატონიშვილებს ჯერ კიდევ ეძინათ. მერე მოხდა გაუგონარი რამ: შეიარაღებულმა ჯარისკაცებმა საქართველოს უკანასკნელ დედოფალს შეურაცყოფა მიაყენეს. შეურაცყოფილმა მარიამმა, თავისი ღირსების დასაცავად, ლაზარევს, რომელსაც უნდოდა ტახტზე მჯდომი დედოფლისთვის ფეხში ხელის ტაცება და ტახტიდან წამოყენება, ფერდში ხანჯალი გაუყარა. გენერალ ლაზარევის სიკვდილის ამბავი სხვადასხვა წყაროებში სხვადასხვაგვარად არის გადმოცემული, თანამედროვეებს და თვითმხილველებს, როგორც ჩანს არ სურდათ საქართველოს უკანასკნელი დედოფალი მკვლელის (თუნდაც სამშობლოს მტრის მკვლელის) სახელით შესულიყო ისტორიაში. ერთი ვერსიით, მარიამის პატარა შვილმა ჯიბრაილმა მოინდომა, ლაზარევის მკვლელობა საკუთარ თავზე აეღო. სხვა ვერსიით ლაზარევის მკვლელობა დედოფლის ერთგულმა მოხელემ გვარად შალიკაშვილმა დაიბრალა, რომელიც მაშინვე მთაში გაიხიზნა. არეულობისას თავად დედოფალიც დაიჭრა და დაჭრილი მარიამი ამალითურთ სასწრაფოდ გაუყენეს მოზდოკისკენ მიმავლ გზას, იქიდან კი ვორონეჟის გუბერნიაში გაამგზავრეს.

მარიამ დედოფალი ბელგოროდის ერთ–ერთ მიყრუებულ მონსტერში გადაასახლეს. იგი განცალკევებულად ცხოვრობდა, თავის ისე ეჭირა როგორც ნამდვილ დედოფალს. ბელგოროდის მაღალი საზოგადოება თავად ცდილობდა მასთან შეხვედრას და ურთიერთობას. მარიამ დედოფალი აქტიურად იბრძოდა და ცდილობდა დაემტკიცებინა თავისი უდანაშაულობა, რათა მისთვის მიცათ ცხოვრების უფლება ჯერ პეტერბურგში შემდეგ სამშობლოში. პეტერბურგის სამეფო კარს კი სულ სხვა მიზნები ჰქონდა. მტარვალებს სურდათ, მარიამის მცირეწლოვანი ვაჟები ილია და ოქროპირი სამხედრო სასწავლებელში მიებარებინათ, რუსულად აღეზარდათ, ქართული ყველაფერი დაევიწყებინათ, ხოლო მარიამი კვლავ ბელგოროდში დარჩენილიყო. შევიწროვებული დედოფალი ბოლოს დასთანხმდა შვილების სასწავლებლად გაგაზავნას. 1804 წლის 13 ივნისს ბატონიშვილები ილია და ოქროპირი დედას გამოეთხოვნენ და აზნაურ ხუციშვილის თანხლებით გაემგაზავრნენ სამხედრო სასწავლებელში.

მარიამ დედოფალი მხოლოდ 8 წლის შემდეგ გაანთავისუფლეს მონასტრიდან, ჩაიყვანეს მოსკოვში და სლობოდის სახელმწიფო სახლი მიუჩინეს საცხოვრებლად. 1849 წელს ღრმად მოხუცებულმა და უკვე ლოგინად ჩავარდნილმა მარიამ დედოფალმა საქართველოში დაბრუნების უფლება მიიღო. 1850 წელს იგი მოსკოვში გარდაიცვალა, საიდანაც ქართველმა დიდებულებმა, რუსეთის საიმპერატორო კარის თანხმობით, დიდი ცერემონიით ჩამოასვენეს საქართველოში და გიორგი XII გვერდით დაკრძალეს სვეტიცხოველში.

წყარო:

1. ქორიძე, დავით. მარიამ ციციშვილი (1768-1850) // ქართველი ქალები / დ. ქორიძე. - თბ., 1976. - გვ.116-119.

2. ხოფერია, ნინო. ბაგრატოვან ქალთა გალერეა : მარიამ ციციშვილი ბაგრატიონისა / ნინო ხოფერია // ბაგრატოვანთა ქალები : საქართველო უბედობის ჟამს / ნინო ხოფერია. - თბილისი, 2012. - გვ. 79-84.

3. აბდალაძე, გიგლა. უკანასკნელი დედოფალი საქართველოსი // თაყვანსაცემი მანდილოსნები / გიგლა აბდალაძე. - თბილისი, 2009. - გვ. 98-111.


გააზიარე: