The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ელიზბარ მაყაშვილი

ელიზბარ მაყაშვილი
დაბადების თარიღი:1905
გარდაცვ. თარიღი:6 ივნისი, 1991  (86 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:კალვისონი, საფრანგეთი
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

ელიზბარ მაყაშვილი 1905 წელს დაიბადა სოფელ იყალთოში. 1922-27 წლებში მონაწილეობდა ბოლშევიკური ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართულ პარტიზანულ ბრძოლებსა და არალეგალურ მუშაობაში. იგი ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცული იყო, ოღონდ უშუალოდ მის რაზმში არ იბრძოდა – „ზურგში“ მუშაობდა. მისთვის და მისი ძმა ბიძინასათვის ქაქუცას უთქვამს: „თქვენც რომ ტყეში წამოხვიდეთ, უზურგოდ რა მეშველებაო“. ასე რომ ელიზბარს და ბიძინას სახიფათო დავალება ჰქონდათ: მეკავშირეობა და ტყეში გასულ შეფიცულთა მომარაგება სანოვაგითა და ტყვია–წამლით.

1924 წელს 21 წლის წლის ბიძინა მაყაშვილი მამასთან ერთად დახვრიტეს ბოლშევიკებმა. ბიძინას მეუღლე და 6 თვის ბავშვი რაღაც ხანი მეტეხის ციხეში ჰყავდათ გამოკეტილი. ძმისა და მამის ამბავი ელიზბარმა თელავის ციხეში შეიტყო, სადაც ის 1924 წლის აჯანყების ჩახშობის შემდეგ მოხვდა და სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს.

1927 წელს ჩეკიტების გამუდმებული დევნისა და მოსალოდნელი დაპატიმრების გამო  ელიზბარი იძულებული გახდა სამშობლო დაეტოვებინა. მას შემდეგ მისი ოცნება – ენახა თავისუფალი საქართველო ოცნებად დარჩა. ოცნებადვე დარჩა იმედი, შეხვედროდა თავის ძმისშვილს, რომელიც უკანასკნელად 3 წლისა ჰყავდა ნანახი.

საქართველოდან ელიზბარ მაყაშვილი, ორ მეგობარსა და თანამოაზრესთან ერთად,  აჭარელი გამცილებლის დახმარებით ოსმალეთში მალულად გადავიდა, შემდეგ კი საფრანგეთს მიაშურა.

ელიზბარ მაყაშვილი სამხრეთ საფრანგეთში დაფუძნდა. იქვე დაქორწინდა და ფრანგი მეუღლისგან შეეძინა ქალიშვილი ანა. ანას თავის მხრივ ორი შვლი ჰყავს ფილიპი და სესილი.

საფრანგეთში ელიზბარმა რამდენიმე პროფესია გამოიცვალა: იყო კომივიაჟორი, მისდევდა მევენახეობას, ამზადებდა მაწონს. პერიოდულად ჩადიოდა პარიზში, რათა მონაწილეობა მიეღო ქართული ემიგრაციის პოლიტიკურ ცხოვრებაში.

60-იან წლებში „სუხიშვილების“ მოცეკვავეების მეშვეობით მიაკვლია თავისი ძმისშვილის, მიხელ მაყაშვილის კვალს, რომელიც მისი ერთადერთი ნათესავი იყო საქართველოში. ელიზბარი ინტენსიურად უგზავნიდა ოფიციალურ მიწვევებს ძმისშვილს, მაგარმ მიხეილ მაყაშვილი საბჭოთა სახელმწიფოს სტრუქტურებისგან ყოველ ახალ მიწვევაზე უარს იღებდა.

ელიზბარ მაყაშვილი 80-იანი წლებიდან განმარტოებულად ცხოვრობდა მონპელიეს მახლობლად, ფრანგ მევენახეთა სოფელში, მეუღლე უკვე გარდაცვლილი ჰყავდა, ქალიშვილი – გათხოვილი. 1989 წელს ელიზბარის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, მას თავის მოვლა აღარ შეეძლო და ქალიშვილის ოჯახმა იგი მოხუცებულთა თავშესაფარში გადაიყვანა, ქალაქ ნიმში, იქვე გარდაიცვალა 1991 წლის 6 ივნისს, დასაფლავებულია კალვისონში.

წყარო:

1. მაყაშვილი, ბიძინა. ფრაგმენტი ელიზბარ მაყაშვილის მოგონებიდან / ბიძინა მაყაშვილი // ქართული ემიგრაცია: სამეცნიერო ჟურნალი . – თბილისი . – 2013 . – N1(4) . – გვ. 176-177.


გააზიარე: