The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ათანასე თბილელი

ოფიციალური სახელი:ათანასე ამილახვარი
დაბადების თარიღი:1711
გარდაცვ. თარიღი:9 ივნისი, 1744  (33 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დონის მონასტერი, მოსკოვი, რუსეთი
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

XVIII საუკუნის ცნობილი საეკლესიო მოღვაწე, დიპლომატი და გამომცემელი ათანასე ამილახვარი ვახტანგ VI სახელოვანი სარდლის, ავთანდილ ამილახვრის ოჯახში 1711 წელს დაიბადა. ბავშვობა ძბებთან ვახტანთან, გივისთან და ამირინდოსთან ერთად თბილისში მამისეულ ოჯახში გაატარა. ათანასე (ერისკაცობის სახელი უცნობია) ყრმობიდანვე ემზადებოდა სასულიერო ცხოვრებისათვის და ბერად შიომღვიმის  მონასტერში აღიკვეცა. 1724 წელს თავის ძმასთან ვახტანგთან ერთად რუსეთში გაჰყვა ვახტანგ VI.  ასტრახანში ყოფნისას იგი მიტროპოლიტად აკურთხეს.

1733 წელს ათანასე სამშობლოში დაბრუნდა. აქ იგი კათოლიკოსმა ბესარიონმა მროველ ეპისკოპოსად აკურთხა. 1740 წლის 8 მაისს, ათანასეს თხოვნის საფუძველზე, კათალიკოსმა დომენტიმ პირადად მას და ამიერიდან რუისის საყდრის მესაჭეებს მიტროპოლიტობა მიანიჭა. იმავე წლის 7 ივლისს ათანასე თბილელად გადაიყვანეს, სადაც 12 წლის მანძილზე იღწვოდა. მისი თბილელობის პერიოდში ქვეყანაში შედარებითი მშვიდობა სუფევდა. ათანასემ შექმნილ ხელსაყრელ პირობებში სამწყსო გააძლიერა, ეკონომიკურად და კულტურულად დააწინაურა. მან გამოიხსნა თბილისის სიონის დაგირავებული მამულები და შეიძინა ახელი ქონება. ამევე დროს ცდილობდა საყდრის წიგნთსაცავის შევსებას.

1752 წლის 30 მაისს თეიმურაზ II პეტერბურგში ელჩობა გაგზავნა იმპერატორ ელისაბედ პეტრეს ასულთან. ელჩობის ხელმძღვანელი იყო ათანასე თბილელი. ელჩობაში მას ახლდნენ სვიმონ მაყაშვილი, სიონის დეკანოზი ნიკოლოზ მიქაძე და ვინმე მღვდელი სვიმონი. წასვლის წინ ათანასემ საყდრის ქონება და საქმეები ახლადარჩეულ თბილელს ქრისტეფორეს (მანამდე მროველს) გადააბარა.

მოსკოვში ჩასული ათანასე თბილელი კახ ბაგრატიონებთან ოპოზიციაში მყოფ ქართველი ემიგრანტების გარემოცვაში აღმოჩნდა. ამის შედეგი იყო, რომ ელჩობაში გამოუცდელმა ათანასემ  ქართველ მეფეთა წერილები ქართლის ბაგრატიონების გულშემატკივარ ვიცე–კანცლერ ვორონცოვს გადსცა და არა კანცლე ბესტუჟევ–რიუმინს, როგორც თეიმურაზ II და ერეკელე II მიერ ჰქონდა დავალებული. ამის ნიადაგზე  მოხდა სერიოზული დაპირისპირება ათანსესა და სვიმონ მაყაშვილს შორის.

ათანასე ამილახვრისა და მისი თანმხლები პირების რუსეთში ელჩობა უშედეგოდ დასრულდა. 1754 წლის მაისში ქართველი ელჩები სამშობლოში დასაბრუნებლად გაემზადნენ. ათანასე შესაძლებელია გრძნობდა, რომ საქართველოში თავის წარუმატებელ ელჩობას სვიმონ მაყაშვილს ვერ გადააბრალებდა. ამიტომ გამომგზავრების წინ თბილელმა ავადმყოფობის საბაბით მოსკოვში დარჩენა ითხოვა. თბილელს დროებით გაუგრძელეს დარჩენის ვადა. იმავე წლის დეკემბერში საგარეო საქმეთა კოლეგიამ სინოდისაგან მიიღო მომართვა, რომ ათანასე ჯანმრთელობის გაუარესების გამო რუსეთში სამუდამოდ დარჩენას ითხოვდა. კოლეგიამ ათანასეს ქართველი მეფეების ნებართვა მოსთხოვა. უცნობია, ითხოვა თუ არა ათანასემ ეს ნებართვა, მაგრამ 1755 წლის ნოემბრით დათარიღებულ მიმართვაში ქართველი მეფეები ათანასეს გამომგზავრების სთხოვენ. მიუხედავად ამისა ათანასემ მაინც მოახერხა რუსეთში სამუდამოდ დარჩენა.

წარუმატებელი ქართველი დიპლომატის საქმიანობა უფრო ნაყოფიერი აღმოჩნდა ქართული წიგნის ბეჭდვა–გამოცემის სფეროში. 1761-1762 წლებში სინოდის ნებართვით, ათანასე ამილახვარმა იმერეთის ეპისკოსის ფილიმონის და ქართველ ახალგაზრდა მოღვაწეების დახმარებით მოსკოვში ქართული სტამბა გამართა. ქართული წიგნების გამოცემაში დახმარებისათვის ათანასეს მიუმართავს პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიისათვის. აკადემიის ხელმძღვანელობას აღუთქვამს შემწეობა, 1764 წლის ივნისში ათანასემ ჯვართამაღლების მონასტერში დაიწყო მღვდელმსახურება, სადაც მიღებული შემოსავლით ააშენა ოთხი სენაკი და გადაიტანა სტამბა. ამ სტამბაში დაიბეჭდა სამოციქულო, დავითნი, ლოცვანი, ჟამნი და სამენოვანი ანბანი: ლათინური, ბერძნული და რუსული. ქართული ეკლესიებისათვის ათანასე ბეჭდავდა წმინდანთა სურათებს, დაფარნებს, ოდიკებს, საამისოდ იგი რუსულ სტამბასაც იყენებდა. ათანასემ პირველმა დაიწყო ქართულად ნაბეჭდ წიგნებზე ტირაჟის აღნიშვნა. კათალიკოს ანტონ I თხოვნით 1769 წელს მას მოსკოვიდან მირონიც გამოუგზავნია.

ათანასე ამილახვარი 1774 წლის 9 ივნისს გარდაიცვალა მოსკოვის ჯვართამაღლების მონასტერში, დაკრძალეს დონის მონასტერში. ანდერძის თანახმად მისი ქონების ნახევარი ქართლ–კახეთის მეფეს გაეგზავნა, მეორე ნახევარი – იერუსალიმის ქართველთა ჯვრის მონასტერს და ქრისტეს საფლავის ეკლესიას.

წყარო:

1. ამილახვარი, ნინო. ათანასე თბილელი (1705-1774) თბილელი ეპისკოპოსი, დიპლომატი, მესტამბე // პარაკლისი და დაუჯდომელი წმინდა იოთამ ზედგინიძისა, მეფისთვის თავდადებულისა; ამილახვრები / ნინო ამილახვარი. - . - გვ. 86-91.

2. კასრაძე, ოთარ. ქართული წიგნის ბეჭდვა-გამოცემის ძველი ოსტატები : ათანასე ამილახვარი // ნარკვევები ქართული წიგნის ბეჭდვის ისტორიიდან / ოთარ კასრაძე. - თბილისი, 1997. - გვ. 345-349.

3. სიხარულიძე, ფრიდონ. რუსეთ-საქართველოს კულტურული ურთიერთობის ისტორიიდან XVIII საუკუნის 60-იანი წლები // მეგობრობა : [საბჭოთა ხალხების სტატიების კრებული] / საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია; ხალხთა მეგობრობის მუზეუმი. - თბილისი, 1980. - გვ. 110-127.


გააზიარე: