The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ალექსი დავითის ძე ფანჩულიძე

ალექსი დავითის ძე ფანჩულიძე
დაბადების თარიღი:1762
გარდაცვ. თარიღი:29 ივლისი, 1834  (72 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ილინის სასაფლაო, სარატოვი, რუსეთი
კატეგორია:თანამდებობის პირი

ბიოგრაფია

ალექსი ფანჩულიძის წინაპრები წარმოშობით იმერეთიდან იყვნენ. მამამისი, დავით მათეს ძე ფანჩულიძე 1753 წლიდან რუსეთის არმიაში მსახურობდა. მისმა ორმა ვაჟმა, ივანემ და სიმონმა გენერლობას მიაღწია. დავითის  შუათანა ვაჟი, ალექსი, 1762 წელს დაიბადა. ისიც სამხედრო საქმეს ეუფლებოდა, კადეტთა კორპუსში სწავლობდა, 1775 წელს სერჟანტი გახდა, 1780 წელს – სტიკ–იუნკერი, 1784 წელს, უკვე, პოდპორუჩიკის ჩინი ჰქონდა, მაგრამ სუსტი ჯანმრთელობის გამო იძულებული იყო სამხედრო სამსახური მიეტოვებინა.

ალექსი ფანჩულიძემ სამოქალაქო სამსახური თავის მშობლიურ ქალაქ სარატოვში დაიწყო. 1801 წელს იგი დაინიშნა სარატოვის ვიცე-გუბერნატორად; 1804 წელს დაიმსახურა „Статский Советник”-ის ჩინი; 1808 წლის მაისში გახდა სარატოვის სამოქალაქო გუბერნატორი; 1810 წელს კი მიიღო „Действительный Статский Советник”-ის წოდება.

ალექსი ფანჩულიძე ფრიად მდიდრულად ცხოვრობდა. მას ეკუთვნოდა სოფელ ბესსონოვკაში 200–მდე ყმა და დიდი ქვის სახლი სარატოვში, რომელიც შემდეგ ქალაქს გადასცა გიმნაზიისათვის. ასევე, ქალაქგარეთ ფლობდა ციხე–სიმაგრეს დიდი ბაღით, რომლის აგებასა და კეთილმოწყობაზე 1813–1814 წლებში მუშაობდნენ 1812 წელს დატყვევებული ნაპოლეონის არმიის მეომრები.

გუბერნატორი ცნობილი იყო თავისი წვეულებებითა და დარბაზობებით. პარკში იდგა საზაფხული სააგარაკო ნაგებობა, სადაც დიდ დღესასწაულებზე ჩვეულებრივ მოქალაქეებსაც უშვებდნენ.

ალექსი ფანჩულიძის გუბერნატორობის პერიოდში, 1812 წელს, დამტკიცდა სარატოვის საქალაქო პროექტის გეგმა, კვარტალური განაშენიანებით, რომელსაც დღემდე ექვემდებარება ქალაქის ახალმშენებლობები; დაარსდა „პურის“ მოედანი (ამჟამად, „თეატრალური“); „გოსტინი დვორი“; ეკლესიები: მირქმის სახელობის, ილია წინასწარმეტყველის, ალექსანდრე ნეველის სახელობის საკათედრო ტაძარი, რომელიც აიგო „ რწმენის, მეფისა და მამულისთვის ბრძოლებში დაცემული მეომრების ხსოვნის უკვდავსაყოფად“; მის სახელს უკავშირდება ვაჟთა გიმნაზიის (1820 წლის აგვისტო) გახსნა, თეატრისა (1810) და გუბერნიის ტიპოგრაფიის აღდგენა და სხვ.

ალექსი დავითის ძე აქტიურად ზრუნავდა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დახმარების სფეროებზე. მიუხედავად მრავალი ღირსებისა ალექსი ფანჩულიძეს მექრთამეობა ახასიათებდა, რაც 1826 წელს მისი თანამდებობიდან დათხოვნის მიზეზი გახდა (დაითხოვეს სრული პენსიის, 3000 მანეტის, შენარჩუნებით). 

ალექსი დავითია ძე გარდაიცვალა 1834 წლის 29 ივლისს, თავის მამულში. დაკრძალვაზე უამრავი ხალხი შეიკრიბა. დაასვენეს მისი ინიციატივით აგებულ ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში, საიდანაც ხელით წაასვენეს ილინის სასაფლაომდე. განისვენებს საგვარეულო აკლდამაში.

ქორწინებაში ალექსი ფანჩულიძე სამჯერ იმყოფებოდა. მისი მეუღლეები იყვნენ: მარია გლადკოვა, ანა მაჭავარიანი, ეკატერინე დემიდოვა. რუსეთის ისტორიაში ცნობილია მისი ორი ვაჟი: ალექსანდრე (1790 -1867 წწ.) და ალექსი (1816-1880 წწ.).

ადგილობრივებს ალექსი ფანჩულიძის ღვაწლი არ დავიწყნიათ და მეოცე საუკუნის ბოლოს სარატოვში ძეგლი დაუდგეს მის ყოფილ მამულში, სადაც ახლა ქალაქის კულტურისა და დასვენების პარკია.

წყარო:

1. ქუთათელაძე, ზურაბ. ალექსი ფანჩულიძე (1762-1834) // ქართული გენი უცხოტომელთა სამსახურში : 100 რჩეული ბიოგრაფია / ზ. ქუთათელაძე. - თბ., 2011. - გვ.157

2. ფანჩულიძე, ჯუმბერ. სარატოვის გუბერნატორი ალექსი დავითის ძე ფანჩულიძე // ფანჩულიძეთა გვარი / ჯ. ფანჩულიძე. - თბ., 2012. - გვ.41-45

3. diaspora.gov.ge/?p=2676 

4. https://ru.wikipedia.org/.../Панчулидзев,_Алексей_Дав... 


გააზიარე: