The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


გია იაშვილი

გია იაშვილი
დაბადების თარიღი:22 მარტი, 1979  (45 წლის)
კატეგორია:მუსიკოსი

ბიოგრაფია

მევიოლინე გია იაშვილი იაშვილების მუსიკალური დინასტიის მესამე თაობის წარმომადგენელია. მისი ბაბუა, ლუარსაბ იაშვილი, თბილისის კონსერვატორიის პროფესორი და ქართული სავიოლინო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი იყო. მან მრავალი ცნობილი მევიოლინე აღზარდა, რომელთა შორის გამორჩეული ადგილი მის ქალიშვილებს – მარინე, ირინე და ნანა იაშვილებს უკავიათ. მარინე იაშვილი პირველი ქართველი მუსიკოსი იყო, რომელმაც 1952 წელს ევროპაში საერთაშორისო კონკურსზე გაიმარჯვა. ირინე იაშვილიც ცნობილი მევიოლინე და პედაგოგია. რაც შეეხება გიას დედას – ნანა იაშვილს, იგი ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა, 17 წლის ასაკში, გახდა ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული – მარგარეტ ლონგისა და ჟაკ ტიბოს სახელობის საერთაშორისო კონკურსის პირველი პრემიის ლაურეატი, ამჟამად კი კიოლნისა და ესსენის (გერმანია) კონსერვატორიების პროფესორია. „ასეთ ოჯახში რომ იბადები, შენი პროფესიაც წინასწარ განსაზღვრულია და ასევე დიდი პასუხისმგებლობაცაა – ტრადიცია ღირსეულად უნდა გააგრძელო“, – ამბობს მუსიკოსი.

ლუარსაბ იაშვილის თხოვნით შვილიშვილი მის გვარზე დაწერეს, რათა იაშვილების მევიოლინეთა მუსიკალური დინასტია გაგრძელებულიყო. გია 1979 წლის 22 მარტს თბილისში დაიბადა. ვიოლინოზე დაკვრა ბაბუამ და დედამ დააწყებინეს. ერთხანს დედასთან ერთად მოსკოვში ცხოვრობდა და მუსიკალურ სკოლაშიც იქ დადიოდა. თბილისში დაბრუნების შემდეგ, ბაბუას გადაწყვეტილებით, მისი პედაგოგი თამაზ ბათიაშვილი გახდა.

1989 წლიდან გია იაშვილი ევროპაში ცხოვრობს. ათი წლის იყო, როცა ცნობილმა დირიჟორმა კლაუდიო ამადომ ნანა იაშვილი ავსტრიაში მიიწვია და მან შვილიც თან წაიყვანა. ყმაწვილს უცხოეთში ცხოვრება ისე გაუჭირდა, რომ როცა 1991 წელს ზაფხულში საქართველოში დაბრუნდნენ, 11 წლის ბავშვი ვენაში გაფრენის დღეს სახლიდან წავიდა, დაიმალა და დედამისი იძულებული გახდა საზღვარგარეთ მარტო წასულიყო. მხოლოდ ექვსი თვის შემდეგ შეუერთდა მას შვილი.

ავსტრიაში დედა–შვილი 1989–1992 წლებში ცხოვრობდა. კლაუდიო აბადოს დახმარებით მათ ავსტრიის მოქალაქეობა მიიღეს და ახალგაზრდა მევიოლინემ სწავლა დაიწყო ვენის მუსიკალურ აკადემიაში პროფესორ – ზახარ გრონთან. ჰქონდა ბედნიერება, ემუშავა ისეთ გენიოსებთან, როგორებიც არიან – იეგედი მენუჰინი და ისააკ შტერნი... შემდეგ ნანა იაშვილი კიოლნის (გერმანია) უმაღლესი მუსიკალური სასწავლებლის პროფესორი გახდა და 1998 წლიდან გიამ სწავლა გააგრძელა კიოლნის Muzikhohschule-ში. 2001 წელს მან II პრემია აიღო ბრამსის სახელობის საერთაშორისო კონკურსზე (ავსტრია).

2006 წლიდან გია იაშვილი არის ლ. მააზელის ორკესტრის კონცერტმაისტერი, პარალელურად, 2006 წლიდან ზ. მეტას საოპერო ორკესტრის კონცერტმაისტერი, ხოლო 2007 წლიდან სიმებიანი კვარტეტის წევრი. მის მიერ დაარსებულია კამერული ორკესტრი "Solistes des arts". ეს ორკესტრი, რომელშიც გაერთიანდნენ ზ. მეტას და ლ. მააზელის ორკესტრების წამყვანი ახალგაზრდა მუსიკოსები, ევროპაში ერთ–ერთ საუკეთესო კოლექტივად არის მიჩნეული.

გია იაშვილი მიუნხენში ცხოვრობს, მაგრამ ხშირად მონაწილეობს ფესტივალებში და გასტროლებით აქვს მოვლილი მრავალი ქვეყანა: აშშ, გერმანია, რუსეთი... საკონცერტო მოღვაწეობა ადრეული ასაკიდან დაიწყო. იგი კონცერტებით გამოდიოდა ევროპის საუკეთესო დარბაზებში და მუშაობდა ისეთ მუსიკოსებთან, როგორებიც არიან – პლაჩიდო დომინგო, ზემინ მეტა, ლუჩანო პავაროტი, ლორიან მააზელი... მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი დირიჟორის – ლორიან მააზელის მიწვევით 5 წელი იმუშავა კონცერტმაისტერად ესპანეთში, ვალენსიის ორკესტრში, სადაც ბევრი რამ ისწავლა და დირიჟორობაც კი სცადა. მას ყველა ჟანრის მუსიკა აინტერესებს, კლასიკური მუსიკის გარდა, უყვარს პოპ-მუსიკის შესრულება,  კინომუსიკა, ტანგო... ჰქონდა გამოსვლები როკ-ჯგუფთან ერთად და სხვა...

ამჟამად მუსიკოსი მოღვაწეობს, როგორც თავისუფალი მევიოლინე და კამერული ორკესტრის მევიოლინე-დირიჟორი. არის საქართველოსა და ავსტრიის მოქალაქე. სამშობლოში, მინიმუმ, წელიწადში ერთხელ მაინც ჩამოდის. რამდენჯერმე მოიწვია ლიანა ისაკაძემ მის მიერ დაარსებულ ბორჯომისა და გონიოს ფესტივალებზე. ერთხელ ვახტანგ მაჭავარიანის მოწვევითაც ჩამოვიდა,  თუმცა, მას უფრო ხშირად სურს საქართველოში დაკვრა. ამ მიზნით შეიქმნა ტრიო: თათა ლიჩელი, გიორგი ხარაძე, გია იაშვილი და კონცერტებიც გამართეს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში. ატარებს მასტერკლასებსაც. გარდა ამისა, რამდენიმე წლის წინ ჩამოაყალიბა ფონდი, რომლის მეშვეობითაც აპირებს, რეგიონებში მცხოვრებ ვიოლინოთი დაინტერესებულ ბავშვებს  ხელი შეუწყოს სწავლაში და გზაზე დააყენოს.

გია იაშვილი საქართველოსა და მის ტრადიციებზე იმდენადაა შეყვარებული, რომ კონცერტებზე ჩოხით გამოდის. მისი თქმით, ნაციონალური სამოსი ადამიანის ვინაობასა და წარმომავლობას უსვამს ხაზს.

უცხოეთში პატარა ასაკში წავიდა, მაგრამ ზაფხულობით ჩამოდიოდა და  მშობლიურ მხარეში – საჩხერეში ისვენებდა. ბავშვობაში ბაბუის ინიციატივით, ერთი წელი საჩხერის სკოლაშიც სწავლობდა, რათა მშობლიური მხარე უკეთ შეესისხლხორცებინა. შემთხვევითი არ არის, რომ თავისი ფეისბუქის გვერდზე გიას თავისი სოფლის, არგვეთის სახლი აქვს ქავერად შერჩეული. მისი ხელოვნების ფონდის სახელიც „არგვეთია“. მუსიკოსის სურვილია, რომ იმერეთის ამ კუთხის მუსიკალური ცხოვრება გამოაცოცხლოს. მის დიდ ჩანაფიქრს წარმოადგენს ქართული „მუსიკალური სეზონის“ დაარსება, რაც წლის განმავლობაში, თვეში ერთი გალა–კონცერტის გამართვას გულისხმობს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოში განთქმული მუსიკოსები.

„ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს ქართული ფოლკლორის მოსმენა... ჩვენი განძი ხელოვნებაა. სწორი მენეჯმენტის პირობებში, თავისუფლად შეგვიძლია, მსოფლიოს ყურადღება მივიპყროთ. ჩვენი ფოლკლორით, თეატრით, მხატვრობით, მსოფლიო დონის მუსიკოს-შემსრულებლებით... ამიტომაც არის საჭირო, საქართველოში, რაც შეიძლება, მეტი საერთაშორისო ფესტივალებისა და ფორუმების მოწყობა“, – აღნიშნავს გია იაშვილი.
რამდენიმე წლის წინ გია იაშვილმა ცოლად მოიყვანა – მირეი დიურანდი -კურიხარა (მიმი), მამით ფრანგი და დედით იაპონელი, პროფესიით მუსიკალური პროდიუსერი. საქართველოს სიყვარულის ნიშნად ის მართლმადიდებლად მოინათლა და ჯვარიც კახეთში, გურჯაანის ამაღლების ეკლესიაში დაიწერეს. შემდეგ იყო ხელისმოწერა პარიზში და ტრადიციული ქორწილი იაპონიაში. სამწუხაროდ, ქორწინებამ მხოლოდ სამ წელიწადს გასტანა, შემდეგ კი დაშორდნენ, მაგრამ გია თვლის, რომ საქართველოში მათი ყოფნა და ქორწილი ძალიან პოზიტიური მოვლენა იყო – „არაფერს ვნანობ, პირიქით, ყველაფერი უაღრესად ძვირფასია ჩემთვის და დადებითად მახსენდება“, – ამბობს მუსიკოსი.   

წყარო:

1. იაშვილი, გია. როგორ გახდა გია იაშვილი ევროპაში აღიარებული მუსიკოსი და რატომ შეიკერა ჯვრისწერისთვის ქალაქური და თავადური კაბა : ინტერვიუ / გია იაშვილი ; ესაუბრა კატო ჟღენტი // თბილისელები. - თბილისი, 2011. - 10-16 ოქტომბერი. - N41(563). - გვ.67

2. გარდაფხაძე, ნარგიზა. იაშვილების დინასტიის გამგრძელებელი: // მუსიკა = Musika : საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის ჟურნალი. - თბილისი, 2013. - N1(15). - გვ.23-24

3. იაშვილი გია. "ცომის მოზელას ისეთივე მეცადინეობა სჭირდება, როგორიც ვიოლინოზე დაკვრას..." : ინტერვიუ / გია იაშვილი ; ესაუბრა ანა კალანდაძე // რეიტინგი. თბილისი, 2015. აგვისტო. N 1 (664). გვ. 64

4. ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 216.


გააზიარე: