The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


კონსტანტინე თარხან–მოურავი

კონსტანტინე თარხან–მოურავი
დაბადების თარიღი:1811
გარდაცვ. თარიღი:6 თებერვალი, 1869  (58 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელი ახალქალქი საგვარეულო აკლდამა, კასპის რაიონი, საქართველო
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

ბაქოს პირველი სამხედრო გუბერნატორი (1859), თავადი კონსტანტინე თარხან–მოურავი დაიბადა 1811 წელს სოფელ ახალქალაქში (კასპის რაიონი). მამა – დავით ზაზას ძე თარხან–მოურავი (1764–1839); დედა – მაკრინე ზურაბის ასული წერეთელი. დედის მხრიდან ენათესავებოდა სამეგრელოს მთავარს, დავით I დადიანს. მამის მხრიდან დიდი მოურავის, გიორგი სააკაძის შთამომავალი იყო.

სამხედრო სამსახური კონსტანტინე თარხან–მოურავმა 1820–იანი წლების შუა ხანებში  დაიწყო კავკასიის სამხედრო კორპუსის ფეხოსანთა რიგებში. მონაწილეობდა რუსეთ-ირანისა (1826–1828) და რუსეთ-ოსმალეთის (1828–1829) ომებში. 1829 წლის 19 აპრილს დააწინაურეს პრაპორშჩიკად. არაერთხელ გამოიჩინა თავი მთიელების წინააღმდეგ ბრძოლებში და დაიმსახურა იმპერიის ორდენები: წმინდა ანას IV ხარისხის (1830); წმინდა ანას III ხარისხის ბაფთით (1831); წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ბაფთით (1833);1839 წლის 2 მარტს ებოძა ოქროს დაშნა წარწერით „სიმამაცისთვის“. ამ დროს პორუჩიკის ჩინი ჰქონდა, შემდეგ შტაბს–კაპიტნის წოდება მიიღო და ელიზავეტპოლის გუბერნიის ქ. ნუხის მმართველად დაინიშნა (1839–1853).

1846 წელს კონსტანტინე თარხან–მოურავი მაიორი გახდა, 1848 წელს – პოდპოლკოვნიკი; ამავე წელს დაჯილდოვდა წმინდა ანას II ხარისხის ორდენით (1856 წელს ამ ორდენს დაემატა იმპერატორის გვირგვინი); 1851 წლის 26 ნოემბერს მიეკუთვნა წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენი ოფიცრის 25 წლიანი უმწიკვლო სამსახურისთვის. ერთ წელიწადში პოლკოვნიკობაც მიიღო.

ყირიმის ომში (1853–1856) კონსტანტინე დავითის ძე მეთაურობდა ქართველ გრენადერთა მე-14 პოლკს და თავი გამოიჩინა ქურუქ–დარის ბრძოლაში, რისთვისაც 1855 წლის 18 აპრილს მას ებოძა ფრიად იშვიათი ჯილდო – წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენს დაემატა ბაფთა. 1855 წლის დასაწყისში მან პოლკის მეთაურობა გადააბარა უმცროს ძმას, იოსებ თარხან-მოურავს და გარკვეული დრო არმიაში თანამდებობის გარეშე გაატარა.

1857 წლის 17 აპრილს კონსტანტინე თარხან–მოურავმა მიიღო გენერალ-მაიორის ჩინი. 1858 წლიდან დაიკავა ქ. შემახის სამხედრო გუბერნატორისა და სამოქალაქო ნაწილის მმართველის პოსტი. 1859 წლის დეკემბერში ბაქო გახდა საგუბერნიო ქალაქი და იგი დაინიშნა ბაქოს ოლქის სამხედრო–სამოქალაქო მმართველად. 1863 წელს მიიღო რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-ლეიტენანტის წოდება. 1865 წელს თადარიგში გავიდა.

კონსტანტინე თარხან–მოურავი დაჯილდოებულია, ასევე,  წმინდა ანას I (1861), წმინდა სტანისლავის I (1859) და წმინდა გიორგის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით.

გენერალი გარდაიცვალა 1869 წლის 6 თებერვალს სოფელ ერთაწმინდაში (კასპის მუნიციპალიტეტი). დაკრძალულია სოფელ ახალქალაქში საგვარეულო აკლდამაში.

წყარო:

1. საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.476

2. https://ru.wikipedia.org/.../Тархан-Моуравов,_Констан...

3. https://www.baku.ru/enc-show.php?id=132678...id...

4. 1853-1856 წლების რუსეთ-თურქეთის ომი ქართულ პრესაში / მოამზადა დარეჯან ანდრიაძემ // ისტორიული მემკვიდრეობა : სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალი. - თბილისი, 2010. - დეკემბერი. - N11(13). - გვ.27-29.



 


გააზიარე: