The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ალექსანდრე ბაგრატიონ–მუხრანელი

ალექსანდრე ბაგრატიონ–მუხრანელი
დაბადების თარიღი:2 ივლისი, 1853
გარდაცვ. თარიღი:10 ოქტომბერი, 1918  (65 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვერის სასაფლაო, თბილისი, საქართველო
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

XVI—XVII საუკუნეებში მუხრანბატონები ქართლის 5 დიდებულ თავადთა რიცხვში შედიოდნენ და დიდ როლს ასრულებდნენ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. მუხრანბატონების წინაპარი იყო ქართლის მეფე კონსტანტინე მეორე, რომელიც 1505 წელს გარდაიცვალა. კონსტანტინეს უფროსმა ძემ, მეფე დავით მეათემ 1512 წელს თავის ძმას, ბაგრატს საუფლისწულოდ მუხრანის მამული უბოძა. საგვარეულოს უფროსს მუხრანბატონი ეწოდებოდა, მოგვარეებს კი – მუხრანბატონიშვილები. ბაგრატიონთა დინასტიის მუხრანბატონთა შტოს ფუძემდებელია ბაგრატ მუხრანბატონი (1485–1561). მუხრანბატონების შტო 1724 წლამდე განაგებდა ქართლის ტახტს.

XIX საუკუნის ბოლოს ბაგრატიონთა გვარის უფროსობა ალექსანდრე ირაკლის ძე ბაგრატიონ-მუხრანელზე გადავიდა. 1903 წელს მან ტახტის მემკვიდრის ტიტულიც მიიღო. თავადი ალექსანდრე ბაგრატიონ-მუხრანბატონი დაიბადა 1853 წლის 2 ივლისს. მამამისი, ირაკლი კონსტანტინეს ძე, იყო ნამდვილი სახელმწიფო მრჩეველი. დედა გახლდათ ეკატერინე ივანეს ასული არგუტინსკაია–დოლგორუკოვა. ცხოვრობდნენ სანკტ-პეტერბურგში.

ალექსანდრე 1872 წლის 16 აგვისტოს ჩაირიცხა ნიკოლოზის კავალერიის სასწავლებელში, რომლის დამთავრების შემდეგ, 1874 წლის 7 აგვისტოს, კორნეტის ჩინით გაამწესეს ლეიბ-გვარდიის ცხენოსანთა პოლკში. 1877 წელს იბრძოდა კავკასიის ფრონტზე თურქების წინააღმდეგ. ამავე წლის 8 ნოემბერს დააწინაურეს პორუჩიკად და დააჯილდოვეს წმინდა ანას IV ხარისხის ორდენით. 1878 წელს ყიზილ–ტაპის ბრძოლაში თავის გამოჩენისთვის დაიმსახურა წმინდა ანას III ხარისხის ორდენი მახვილებითა და ბაფთით. 1880 წელს ყარსის აღებისას გამოჩენილი სიმამაცისთვის მიიღო წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი მახვილებითა და ბაფთით.

1878 წელს ალექსანდრე ბაგრატიონ–მუხრანელმა გამოცდები ჩააბარა და ჩაირიცხა ნიკოლოზის გენერალური შტაბის აკადემიაში, მაგრამ არ დაუმთავრებია, რადგან 1880 წლის 5 ნოემბერს კვლავ პოლკში მიავლინეს სამხედრო სამინისტროს კანცელარიაში სამუშაოდ. 1881 წლის 12 აპრილს დააწინაურეს შტაბს–როტმისტრად.

1885 წლის 3 დეკემბერს ალექსანდრე ირაკლის ძე გადაიყვანეს კავალერიის კადრების თადარიგში. აქტიურ სამწყობრო მსახურებას იგი დაუბრუნდა 1890 წლის 1 აპრილს, როცა როტმისტრის ჩინით ერთი წლისა და ცხრა თვის განმავლობაში მეთაურობდა ლეიბ–გვარდიის საცხენოსნო პოლკის ესკადრონს. 1893 წლის 30 აგვისტოს მიიღო პოლკოვნიკის წოდება.

1895 წლიდან ალექსანდრე ბაგრატიონ–მუხრანბატონი ირიცხებოდა კავკასიის სამხდრო ოლქის ჯარების შემადგენლობაში. 1902 წლის 22 თებერვალს დაინიშნა 44–ე დრაგუნთა ნიჟეგოროდის პოლკის უფროსად. 1904 წლის 10 ივლისს მიანიჭეს გენერალ–მაიორის წოდება და დანიშნეს საცხენოსნო პოლკის ლეიბ–გვარდიის მეთაურად. 1905 წელს იყო მისი საიმპერატორო უდიდებულესობის სვიტის წევრი.

1906 წლის ზაფხულიდან ალექსანდრე ირაკლის ძეს არანაირი თანამდებობა არ ეკავა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მიღებული აქვს ორდენები: წმინდა სტანისლავის I ხარისხის (1907);  წმინდა ანას I ხარისხის(1911); წმინდა ვლადიმირის II ხარისხის (1913); 1917 წლის 6 აპრილს მან მიიღო გენერალ–ლეიტენენტის სამხედრო წოდება და სამსახურიდან გადადგა.

ალექსანდრე ბაგრატიონ–მუხრანელს ცოლად ჰყავდა მარია გოლოვაჩოვა, ვიცე-ადმირალ დიმიტრი გოლოვაჩოვისა და ჰოლანდიელი ლეონიდა ჰესენის ქალიშვილი. მათ შეეძინათ ქალ–ვაჟი: ნინო (1882—1972) და გიორგი  (1884—1957). 

ნინა ბაგრატიონი, ნიკოლოზ მეორის დედის ფრეილინა გახლდათ, ხოლო ვაჟიშვილს, გიორგი ბაგრატიონს, სანკტ-პეტერბურგი არ ხიბლავდა, ცხოვრობდა თბილისში მეუღლესთან (პოლონელი არისტოკრატის სიგიზმუნდ ზლოტნიცკის ასული ელენე) და სამ შვილთან ერთად (ირაკლი, მარიამი და ლეონიდა). შვილიშვილები პაპას იშვიათად ხედავდნენ, სამაგიეროდ ბებია ზაფხულობით მათთან ერთად ისვენებდა მჭადიჯვრის მამულში.

1918 წლის შემოდგომაზე ალექსანდრე ირაკლის ძე ბაგრატიონ-მუხრანბატონი მეფის არმიის სხვა ყოფილ გენერლებთან და ოფიცრებთან ერთად პიატიგორსკში მძევლად აიყვანეს და 19 ოქტომბერს, ღამით, მხეცურად აჩეხეს.

გიორგი ბაგრატიონმა, დიდი რისკის ფასად, მამის ცხედარი თბილისში გადმოასვენა და დაკრძალა კალოუბნის ეკლესიაში, რომელიც კინოთეატრ რუსთაველის ადგილზე მდებარეობდა. მოგვიანებით, როდესაც ეკლესიის დანგრევა გადაწყდა, გენერალი ვერის სასაფლაოზე გადაასვენეს.

ალექსანდრე ირაკლის ძის დაღუპვის შემდეგ მისი მეუღლე და ქალიშვილი ცოტა ხნით თბილისში ჩამოვიდნენ. მერე კი ემიგრაციას მიაშურეს. ნინო ბაგრატიონმა მთელი ცხოვრება ემიგრაციაში გაატარა, არ გათხოვილა.

1921 წელს გიორგი ბაგრატიონის ოჯახმაც ემიგრაციაში მოიყარა თავი. რამდენიმე წლის შემდეგ დაბრუნდნენ, მაგრამ 1931 წელს საბოლოოდ დატოვეს სამშობლო. ემიგრაციაში ყოფნისას, 1946 წელს, გიორგი ბაგრატიონი ბაგრატიონთა სამეფო სახლის მეთაურად გამოცხადდა. 1957 წელს, მისი გარდაცვალების შემდეგ ტახტის მემკვიდრის ტიტულის  მფლობელი გახდა მისი ვაჟი, ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელი.

წყარო:

1. www.georoyal.ge/?MTID=4&TID=1&id=593 

2. https://ru.wikipedia.org/.../Багратион-Мухранский,_Ал... 



 


გააზიარე: