The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე გამოჩენილი ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
ტექსტები მოცემულია ქართულ და ინგლისურ ენებზე.


მელიტა ჩოლოყაშვილი

მელიტა ჩოლოყაშვილი
დაბადების თარიღი:1895
გარდაცვ. თარიღი:1985  (90 წლის ასაკში)
კატეგორია:ხელოვნების მუშაკი

ბიოგრაფია

არისტოკრატიული მშვენიერებით გამორჩეული მელიტა, იგივე მელანია ჩოლოყაშვილი 1895 წელს დაიბადა თადეოზ ნიკოლოზის ძე ჩოლოყაშვილისა (1865-1931) და მარიამ სვიმონის ასული ჯორჯაძის (1873-1934) ოჯახში, საგარეჯოს რაიონის სოფელ ყარაბულახში, დღევანდელ ხაშმში.

თადეოზ (თადია) ჩოლოყაშვილი კახეთში ცნობილი მეღვინე იყო. მან XIX საუკუნის მიწურულს თავისი სასახლის ეზოში ააშენა მარანი, რომელიც იტალიელ სპეციალისტებს დააპროექტებინა. მარნის უნიკალური ქვევრები და სხვა საგნები დღემდე დაცულია. მამულს საკუთარი წყალმომარაგება ჰქონდა და ამით სოფელიც სარგებლობდა. ადგილობრივი მკვიდრნი ამ წყალს დღესაც "თადიანთ" წყალს ეძახიან. წყალი შემოდიოდა ვენახებიდან, ერთ ადგილას გროვდებოდა, შემდეგ, სპეციალური სისტემის წყალობით, ქვევრებს გარს უვლიდა, რაც მუდმივ და საჭირო ტემპერატურას ქმნიდა.

თავადი მარანში მხოლოდ ადგილობრივი გლეხებისაგან აღებულ და საკუთარ ვენახებში დაკრეფილ წითელ ყურძენ – საფერავს წურავდა. ღვინო დუღდა მუხის ჩანებში, შემდეგ კი ღვინომასალა თბილისის ქარხნებში იგზავნებოდა ბოთლებში ჩამოსასხმელად. ღვინის ხარისხს აქ უაღრესად დიდი ყურადღება ექცეოდა და საქართველოს გარდა წარმატებით იყიდებოდა რუსეთის იმპერიასა და ევროპაში.

1928 წელს თადეოზ ჩოლოყაშვილი დააპატიმრეს და ქონება ჩამოართვეს.

თადეოზსა და მარიამს ექვსი შვილი ეყოლათ: უფროსი მელიტა იყო. მას მოჰყვნენ: ნინა (1898-1903), დარეჯანი, იგივე დარუსია (1900-1974), ელენე (1902-1990), ანა, იგივე ნიუტა (1905-1981) და ნიკოლოზი ( 1913-1990).

ყარაბულახის ჩოლოყაშვილისეულ სასახლეში ხშირად იმართებოდა ე. წ. სალონური შეხვედრები, მუსიკალური და ლიტერატურული საღამოები, სტუმრად ჩამოდიოდნენ ერისთვის საამაყო ადამიანები. ილია ჭავჭავაძის ნათლული ყოფილა მელიტას ერთ-ერთი და - დარუსია.

ოჯახური ტრადიცია თბილისში გადმოსვლის  შემდეგაც გაგრძელდა. მელიტას თბილისურ სახლში იკრიბებოდა ქართული ინტელიგენციის ნაღები საზოგადოება. სწორედ აქ კითხულობდნენ საკუთარ ლექსებს პაოლო იაშვილი და გრიგოლ რობაქიძე. მელიტა ბრწყინავდა სილამაზით, სიმღერით, ცეკვით. ტიციან ტაბიძე მას ქალღმერთს უწოდებდა და მადონას ადარებდა, ხოლო იმ პერიოდის ცნობილი მხატვრები ზიგმუნდ ვიშნევსკი და სერგეი სუდეიკინი მის პორტრეტებს ხატავდნენ.

მელიტა ჩოლოყაშვილი 18 წლის ასაკში გათხოვდა ცნობილ პეტერბურგელ ადვოკატსა და მწერალ კონსტანტინ ზელენსკიზე. სწორედ მასთან შეეძინა ქალიშვილი ლილია, მაგრამ მათი კავშირი ხანმოკლე აღმოჩნდა. მელიტა სიყვარულით გათხოვდა, მაგრამ მერე, როგორც სჩანს, გაუჭირდა მასზე 20 წლით უფროს ქმართან ურთიერთობა.

1922 წელს მელიტა ჩოლოყაშვილი 6 წლის ქალიშვილთან და დასთან — დარუსიასთან ერთად საზღვარგარეთ გაემგზავრა. თან მხოლოდ საკუთარი სიმდიდრის უმცირესი ნაწილის წაღება მოახერხა. მისი ბრწყინვალე სახლის მდიდრული ავეჯი თუ ნახატები საქართველოში დარჩა.

უცხოეთში გახიზნულ  მელიტას მეუღლე არ გაჰყოლია. მას ბოლომდე არ ტოვებდა იმედი, რომ ცოლი და ქალიშვილი საქართველოში დაბრუნდებოდნენ. ფულიც კი გაუგზავნა ჯერ კიდევ კონსტანტინოპოლში მყოფს უკან დასაბრუნებელი ბილეთის საყიდლად. ბოლოს, როცა მიხვდა, რომ ორი მისთვის უძვირფასესი ქალი თბილისში ჩამომსვლელი აღარ იყო, თავადაც ემიგრაციაში წავიდა, თუმცა მათ ქორწინებას გადარჩენა არ ეწერა.
მიუხედავად იმისა, რომ მელიტასა და კონსტანტინის ოჯახი არ შედგა, ქვეყნიდან წასვლას ზელენსკისთვის მაინც ჰქონდა მნიშვნელობა — ამით მან თავი გადაირჩინა. მეუღლეები თურქეთიდან საფრანგეთში გადაბარგდნენ და იქ უკვე ცალ–ცალკე დაიწყეს ცხოვრება.

პარიზში მელიტამ მოდელობას მიჰყო ხელი, რაც მისი შემოსავლის ერთ–ერთ წყაროდ იქცა. ერთი პერიოდი კოკო შანელის ჩვენებებზე გამოდიოდა.

მელიტა ჩოლოყაშვილი არ იყო ფოტოგენური და ფოტოებით მის სილამაზეზე მსჯელობა რთულია. როგორც საველი სორინი ამბობდა, ჩოლოყაშვილის მშვენიერება მხოლოდ მოძრაობისას იჩენდა თავს. სხვათა შორის, ამაზე თავად მელიტაც წერდა საკუთარ წერილებში. 

საველი სორინს ეკუთვნის მელიტა ჩოლოყაშვილის ყველაზე ცნობილი პორტრეტი, რომელზე მუშაობაც მან თბილისში ყოფნისას დაიწყო. ჩოლოყაშვილის ასულმა სულ 30 სეანსს გაუძლო, მერე კი უარი თქვა სახელოსნოში სიარულზე. მხატვარს თავისი მეგობრისა და მელიტას მეუღლის, კონსტანტინ ზელენსკის ჩარევა დასჭირდა, რომ მოდელი დაეთანხმებინა და პორტრეტი დაემთავრებინა. სორინი იმდენად კმაყოფილი დარჩა ნამუშევრით, რომ ნახატი თავისთვის დაიტოვა და პარიზში თან წაიღო.

მელიტა ჩოლოყაშვილის პორტრეტი საქართველოში მხოლოდ სორინის სიკვდილის შემდეგ დაბრუნდა —მხატვრის ქვრივმა ნახატი საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადასცა საჩუქრად. 1974 წლიდან ნამუშევარი თბილისშია და მუდმივმოქმედი ექსპოზიციის სახით არის წარმოდგენილი.

ქართველმა თავადის ასულმა ემიგრაციაში ძველი კაპრიზები დაივიწყა და ახლა წარსულის გახსენება მისთვის საყვარელ საქმედ იქცა. მელიტა სიამოვნებით იგონებდა, როგორ ხატავდა მის პორტრეტს სახელოვანი სორინი, როგორ სთხოვდა ის პოზირებას, ხოლო თავად უარზე იყო, როგორ ესწრებოდა პოეტ პაოლო იაშვილის ქორწილს, როგორ ხვდებოდა მომღერალ ვანო სარაჯიშვილს, როგორ გაიცნო კომპოზიტორი სერგეი რახმანინოვი ლიზა ორბელიანის სახლში…

სამშობლოს მონატრება იმდენად ძლიერი იყო, რომ პარიზში ქართული ენის შესწავლაც კი დაიწყო. მანამდე ის მხოლოდ რუსულად და ფრანგულად საუბრობდა. პარიზში დაუმეგობრდა მერი შერვაშიძეს. მშვენიერი ქართველი ქალბატონები ერთად თამაშობდნენ პოკერს და იხსენებდნენ სამშობლოს.

უნდა ითქვას, რომ მშობლიურ ენაზე გამართულად არცერთი არ ლაპარაკობდა, მაგრამ 60-იან წლებში საქართველოდან ჩასულ ტურისტებთან ცდილობდნენ ქართულად ესაუბრად — თუნდაც ორიოდე სიტყვა, მაგრამ ქართულად!

საფრანგეთში მელიტა ჩოლოყაშვილი მეორედ გათხოვდა. იგი ცოლად გაჰყვა სალომე ანდრონიკაშვილის ყოფილ ქმარს, პოეტ სერგეი რაფალოვიჩს. ქალი მთრთოლვარე ზრუნვით ეკიდებოდა მეუღლის შემოქმედებას და გულმოდგინედ ადევნებდა თვალს, რომ  სერგეის სახელი საჯაროდ ხშირად ეხსენებინათ. თბილისში გამოგზავნილ ერთ–ერთ წერილში მელიტა წყენით შენიშნავს, რომ ქართულ ლიტერატურულ ჟურნალში გამოქვეყნდა თარგმანი, რომელიც ნაწილობრივ რაფალოვიჩის გაკეთებული იყო, მაგრამ ავტორებში მისი სახელი არ მოუხსენებიათ. მეგობრებმა დაამშვიდეს და აუხსნეს, რომ საბჭოთა ხელისუფლების პირობებში ემიგრაციაში წასული კაცის ავტორად მოხსენიება, უბრალოდ, შეუძლებელი იყო.

ლილიამ პარიზში საბალეტო სტუდია დაამთავრა და ჟურნალისტ იური როტვანს გაჰყვა ცოლად. როდესაც მელიტა ჩოლოყაშვილის სამოდელო კარიერა დასრულდა, პოდიუმზე ის მისმა  ქალიშვილმა ჩაანაცვლა.

ლილია ზელენსკაიას სილამაზეზე მთელი პარიზი ლაპარაკობდა. იგი არაერთ ცნობილ სამოდელო სახლთან თანამშრომლობდა, მათ შორის, ცნობილი ფრანგი კუტურიეს, ლიუსიენ ლელონგის წამყვანი მოდელი იყო. ლილიას ფოტოებით აჭრელებულია 1930–იანი წლების ჟურნალ Vogue–ის ფურცლები. მას იღებდნენ ისეთი ცნობილი ფოტოგრაფები, როგორებიც იყვნენ სესილ ბიტონი, ჰორსტი და მან რეი.

თავის ერთადერთ ასულს ლილიამ მელიტა დაარქვა. ჩოლოყაშვილების გენმა მის გარეგნობაშიც იჩინა თავი. როდესაც 1961 წელს პატარა მელიტა ვერსალში გამართულ მეჯლისზე წარსდგა მაღალი საზოგადოების წინაშე, იქ მყოფებმა აღფრთოვანება ვერ დამალეს. მისი ფოტო ჟურნალ „ოფისიელში" დაიბეჭდა წარწერით „შუაში მელიტა როტვანია, იგი აფრქვევს სილამაზესა და სათნოებას“. პატარა მელიტა ოთხი ვაჟის დედაა.

ლილია ზელენსკაიამ 91 წელი იცოცხლა. მან ღრმა სიბერეშიც შეინარჩუნა წერწეტი ტანი და სილამაზე, რასაც მაღალი მოდის სამყაროსგან ძალიან შორს მყოფი ადამიანებიც კი აქცევდნენ ყურადღებას. უფრო მეტიც, თავად უახლოესი ნათესავებიც კი აღიარებდნენ ლილიას გასაოცარ ქარიზმას — ვერავინ ბედავდა მასთან კამათს. უკვე სრულიად ჭაღარა, პიჯაკსა და შარვალში გამოწყობილი, ხელში სიგარეტმომარჯვებული ლილია ზელენსკაია–როტვანი უკანასკნელი სხივი გახლდათ შანელისდროინდელი პარიზის იმ დიდებულებისა, რომლის ანარეკლი ახლაც, 21–ე ასწლეულშიც კი იგრძნობა.

ლილია ზელენსკაია ძილში გარდაიცვალა. სიკვდილამდე ორიოდე საათით ადრე ის ნათესავ ქალბატონს ესაუბრა ტელეფონით. მისი ბოლო სიტყვები იყო: „ღამე მშვიდობისა. ახლა ჩემ საყვარელ სერიალს უნდა ვუყურო“.

ემიგრაციის შემდეგ, მელიტა სამშობლოში ერთხელ, 1958 წელს ჩამოვიდა, ხოლო მისი ქალიშვილი ორჯერ. ლილიას ბოლო ვიზიტს, 2001 წელს, ასე აღწერს მელიტას დის შვილი ნინო ჩოლოყაშვილი: „ რუსთაველის პროსპექტზე ამაყად მიმავალი, უკვე ძლიერ ასაკოვანი, ჭაღარა ქალბატონის დანახვაზე მთელი თბილისი ჩერდებოდა და თვალს აყოლებდა მის დიდებულ სილამაზეს. კოკო შანელის, ლელონგისა და სკიაპარელის ყოფილი მოდელის მშვენება და მანერები არავის ტოვებდა გულგრილს“.

წყარო:
1. https://sputnik-georgia.com/positive/20160718/232703383.html 

2. www.nukri.org/index.php?name=News&file...sid...

3. თაბუკაშვილი, რეზო. საუბარი მელიტა ჩოლოყაშვილთან // სცენარები, ლექსები, გამოსვლები ...  / რეზო თაბუკაშვილი. - თბილისი, 2013. - გვ. 165-171.

4. ჯაფარიძე, თეონა. ემიგრაცია და ნოსტალგია : Emigration / თეონა ჯაფარიძე // ამარტა. - თბილისი, 2010. - ზაფხული. - N40. - გვ.186-189.

5. ჯავახიშვილი ნიკო. 100 წლის წინანდელ ქართულ ფულზე გამოსახული მანდილოსნის პროტოტიპები // ისტორიანი. – 2019. - #3. - გვ. 36-43

6. Оболенский, И.В. Мелита Чолокашвили // Судьба красоты : Истории грузинских жен / Игорь Оболенский. - Тбилиси, 2014. - с.163-173.


გააზიარე: