The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


მიხეილ ჩხენკელი

მიხეილ ჩხენკელი
დაბადების თარიღი:1 აპრილი, 1968  (56 წლის)
კატეგორია:მათემატიკოსი

ბიოგრაფია

მიხეილ ჩხენკელი დაიბადა თბილისში, 1968 წლის 1 აპრილს. მშობლები უცხო ენების სპეციალისტები იყვნენ: მამა – გერმანისტი ზურაბ ჩხენკელი ტექნიკური უნივერსიტეტის უცხო ენათა კათედრას ხელმძღვანელობდა; დედა – ინგლისური ენის სპეციალისტი მერი ბაქრაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე ასწავლიდა.

მიხეილმა 1985 წელს ოქროს მედლით დაამთავრა თბილისის პირველი საშუალო სკოლა. იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე, სადაც იგი აკადემიკოს მუსხელიშვილის სახელობის სტიპენდიანტი იყო.

უნივერსიტეტის წარჩინებით დამთავრების შემდეგ სწავლა ამერიკაში, პენსილვანიის უნივერსიტეტში განაგრძო – ჯერ მაგისტრის წოდება მოიპოვა, დოქტორანტურის გავლის შემდეგ კი მას მათემატიკის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი მიენიჭა.

მიხეილ ჩხენკელი 20 წლის განმავლობაში ასწავლიდა აშშ–ის წამყვან უნივერსიტეტებში. მას მიღებული აქვს მრავალი ჯილდო სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისთვის, მათ შორის საპროფესორო ოსკარი და პენსილვანიის უნივერსიტეტის 9 ჯილდო საუკეთესო სწავლებისთვის, ასევე Goldman Sachs-ის ფონდის პრემია, სამეცნიერო-კვლევითი გრანტები და სტიპენდიები. იგი არის მრავალი სამეცნიერო სტატიის ავტორი, ამერიკაში გამოცემული წიგნების რეცენზენტი და სამეცნიერო-კვლევითი საზოგადოებების წევრი.

ამერიკის უნივერსიტეტებში მოღვაწეობისას მიხეილ ჩხენკელი იყო მათემატიკის დეპარტამენტის კომპიუტინგის კომიტეტის თავმჯდომარე, პროფესორთა სენატის წევრი, მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების საკონკურსო კომიტეტების წევრი, ტექნოლოგიის, ანალიტიკური აზროვნების, აკადემიური სტანდარტების კომიტეტების წევრი, ამერიკის მათემატიკური საზოგადოების სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციების ჟიურის წევრი, სამეცნიერო-კვლევითი კონფერენციებისა და მათემატიკური ოლიმპიადების ორგანიზატორი, Cengage Learning-ის მრჩეველი და გოლდვოტერის პრემიის კომიტეტის წევრი.

პროფესორი მიხეილ ჩხენკელი მონაწილეობს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში, მათ შორის ამერიკის მათემატიკური საზოგადოებისა და ამერიკის მათემატიკური ასოციაციის სამეცნიერო კონფერენციებში. იგი მონაწილეობს ახალი კურიკულუმების შემუშავებაში და კვლავ კითხულობს ლექციებს ამერიკის შეერთებულ შტატებში. იგი არის ამერიკის უნივერსიტეტების პროფესორთა ასოციაციის წევრი და   მჭიდრო პროფესიული კავშირები აქვს ამერიკის მრავალი წამყვანი უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებლებთან, მათ შორის: ჰარვარდის, პრინსტონის, პენსილვანიის, იელის, კოლუმბიის, ბრაუნის, კორნელის, ჩიკაგოს, ბერკლის, ნიუ იორკის, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტებში და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში.

მიხეილ ჩხენკელი მუდმივად ადევნებდა თვალს ცვლილებებს საქართველოს განათლების სისტემაში და აქტიურად მონაწილეობდა სიახლეების დანერგვაში. ის არის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ერთ–ერთი დამფუძნებელი, სადაც ასწავლიდა კიდეც სრული პროფესორის ხარისხით  და სხვადასხვა დროს ეკავა ვიცე–პრეზიდენტისა და ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის დეკანის პოსტები. 

2016 წლის პირველ ნოემბერს მიხეილ ჩხენკელი ი. ჯავახიშვილის სახელობის თსუ-ის პრორექტორად დაინიშნა, ხოლო, 2017 წლის ნოემბრიდან მან დაიკავა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის თანამდებობა.

მიხეილ ჩხენკელს ჰყავს მეუღლე, ია ჭანუყვაძე. მისი უმცროსი ძმა, ეკონომიკის მაგისტრი გიორგი ჩხენკელი, რომელმაც განათლება, ასევე, აშშ–ში მიიღო, დღემდე იქ ცხოვრობს და ერთ–ერთი სადაზღვევო კომპანიის დირექტორად მუშაობს.  
წყარო:

1. www.gau.ge/ge/professors-and-lecturers/informatics-and.../mikheil-chkhenkeli 

2. https://www.allnews.ge/.../157081-ვინ-არის-მიხეი-ჩხენკელი,-რომელიც-ალექს..  

 

 


გააზიარე: