The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე გამოჩენილი ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
ტექსტები მოცემულია ქართულ და ინგლისურ ენებზე.


ნათელა ჭყონია–ნიკოლი

ნათელა ჭყონია–ნიკოლი
სხვა სახელი:ნატო  (შემოკლებული ფორმა)
დაბადების თარიღი:19 აპრილი, 1959  (60 წლის)
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

ნათელა (ნატო) ჭყონია დაიბადა 1959 წლის 19 აპრილს, უკრაინაში, სადაც იმ პერიოდში მოღვაწეობდნენ მისი მშობლები –  ოპერის მომღერალი ლამარა ჭყონია და ბალეტის მოცეკვავე მორის ლეკიაშვილი.

მუსიკალური სასწავლებელი ნატომ ექსტერნად დაამთავრა ბათუმში, შემდეგ ჩააბარა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში, სადაც ორი ფაკულტეტი დაამთავრა: 1979 წელს – საფორტეპიანო, ხოლო, 1984 წელს – ვოკალური (პედაგოგი: ლ. ჭყონია).

1984 წლიდან ნატო ჭყონია იყო კონსერვატორიის საოპერო სტუდიის სოლისტი (მეცო–სოპრანო) და კონსერვატორიასთან არსებული ექსპერიმენტული მუსიკალური სკოლის პედაგოგი; 1986–1991 წლებში იგი ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი იყო.

1990–1991 წწ. მომღერალმა გაიარა სტაჟირება მოსკოვის დიდ თეატრში. მას, ასევე, გავლილი აქვს საოპერო ხელოვნების დაოსტატების კურსები (1992–1995 წწ.): კრ. ლუდვიგი, რ. სკოტო და სხვ.

1992 წლიდან ნატო ჭყონია მოღვაწეობს ავსტრიაში, 1992 წელს ვენაში ჰქონდა სოლო კონცერტები "ვენის აკადემიის" ორკესტრთან ერთად, ამავე წლიდან იყო ქ. გრაცის საოპერო თეატრის წამყვანი სოლისტი; 1994 წელს დაიმსახურა პრესტიჟული პრემია კარმენის პარტიის საუკეთესო ინტერპრეტაციისათვის (გერმანია); 1996 წელს მას მიანიჭეს ავსტრიის მოქალაქეობა ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის; 2001 წლიდან არის გრაცის კონსერვატორიის პროფესორი, 2005 წლიდან – ვოკალური განყოფილების გამგე.

ნათელა ჭყონია მონაწილეობდა ევროპის უმნიშვნელოვანეს საოპერო ფესტივალებში: ზალცბურგის, ბად–ხერსფელდის, მიორბიშის; მართავდა მასტერკლასებს – ავსტრიაში, პორტუგალიაში, ესპანეთში, საფრანგეთში, ჩინეთში, ჰონგ–კონგსა და უკრაინაში; გამოდიოდა მსოფლიოს წამყვან საოპერო სცენებზე: ლა სკალას, ბერლინის, სოფიის, დრეზდენის, ფლორენციის, ვენის კონცერჰაუზის და სხვ. მისი პარტნიორები იყვნენ მსოფლიოში სახელგანთქმული მუსიკოსები.  

მომღერლის რეპერტუარშია მრავალი საოპერო პარტია: ნანო, ეთერი, ნათელა (ზ. ფალიაშვილი "დაისი", "აბესალომ და ეთერი"); კამერულ–ვოკალური ნაწარმოებები: ო. თაქთაქიშვილის, ა. მაჭავარიანის. ა. და მ. ბალანჩივაძეების, რ. ლაღიძის რომანსები;  კარმენი (ბიზე "კარმენი"); ოქტავიანი, კომპოზიტორი, ჰეროდიადა (რ. შტრაუსი "ვარდების კავალერი", "არიადნა ნაქსოსზე", "სალომე"); დალილა (სენ–სანსი "სამსონი და დალილა"); ორფეოსი (გლუკი "ორფეოსი და ევრიდიკე"); ლოლა, ლუჩიას დედა (მასკანი "სოფლის პატიოსნება"); შარლოტა (მასნე "ვერტერი"; სუძუკი (პუჩინი "ჩიო–ჩიო–სანი"); მინონი (ტომა "მინონი"); ფენენა, ამნერისი, ემილია, აზუჩენა, მადალენა (ვერდი "ნაბუქო", "აიდა", "ოტელო", "ტრავიატა", "რიგოლეტო"); ბრანგენა, ვალტრაუტა, ფრიკე (ვაგნერი "ტრისტან და იზოლდა", "ვალკირია"); ოლგა ლარინა, გუვერნანტი ქალი, პოლინა (ჩაიკოვსკი "ევგენი ონეგინი", "პიკის ქალი"); აგრეთვე, დვორჟაკის, მოცარტის, ვერდის "რეკვიემი", მალერის N2, N3 სიმფონიები და სხვ.

2013 წელს ავსტრიის ქალაქ გრაცში ნათელამ დასთან, ეთერ ჭყონია–ლამორისთან ერთად დააარსა ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსი Academia Belcanto. რომლის ფარგლებში ტარდება საერთაშორისო კონკურსი, აგრეთვე მასტერკლასები და გალაკონცერტები მსოფლიოს გამოჩენილი მომღერლების მონაწილეობით.

ნათელა ჭყონია Academia Belcanto-ს პრეზიდენტი და სამხატვრო ხელმძღვანელია, ხოლო ეთერ ჭყონია – დირექტორი; აკადემიის  დაარსება ნაწილობრივ დააფინანსა შტაიერმარკის ფედერალური მიწის მთავრობამ, ნაწილობრივ კი თავად ქალბატონმა ნიკოლმა. "Accademia Belcanto"-ს მიზანია, ინტენსიური საზაფხულო კურსების ფარგლებში, საოპერო მომღერლები სცენისთვის მოამზადოს. ეს ორგანიზაცია გამოირცევა იმით, რომ აქ არ არის ასაკობრივი ზღვარი და საზაფხულო კურსებზე მონაწილეობა შეუძლია სრულწლოვანებას მიღწეულ ყველა ნიჭიერ მომღერალს.

"Accademia Belcanto"-ს ეგიდით გამართულ კონკურსებსა და ფესტივალებში მუდმივად მონაწილეობენ ქართველი ახალგაზრდები. ნათელა ჭყონია–ნიკოლი ქართველ სტუდენტებს სწავლასაც უფინანსებს. ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსი უკვე ორჯერ ჩატარდა 2014 და 2016 წლებში. 2014 წელს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით, Accademia Belcanto-ს ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსზე ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრიზი დაწესდა, რომელსაც მეორე ადგილზე გასული კონკურსანტი მიიღებს.  

წყარო:

1. ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 575

2. www.culture.gov.ge/News/Accademia-Belcanto-meore-saertashoriso-musikaluri.aspx 

3. www.ghn.ge/print.php?print=112920 

 

 

 


გააზიარე: