The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


გიორგი ხინთიბიძე

გიორგი ხინთიბიძე
სხვა სახელი:გია  (შემოკლებული ფორმა)
დაბადების თარიღი:7 აპრილი, 1951  (73 წლის)
კატეგორია:მუსიკოსი

ბიოგრაფია

გია ხინთიბიძე დაიბადა თბილისში, 1951 წლის 7 აპრილს. 1969 წელს დაამთავრა თბილისის II მუსიკალური სასწავლებელი (სავიოლინო, პედ.:ი. ოგანეზოვი)); 1975 წელს – ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (პედ.: მ. იაშვილი, თ. ბათიაშვილი); 1981 წელს – მოსკოვის გნესინების სახელობის მუსიკალური ინსტიტუტის ასპირანტურა (კვარტეტისა და კამერული ანსამბლის კლასი, პედ.: ვ. ბერლინსკი).

საქართველოს ტელევიზიისა და რადიოს კვარტეტი სამოღვაწეო ასპარეზზე 1980–იან წლებში გამოვიდა. მის შემადგენლობაში იყვნენ: ლევან ჩხეიძე (I ვიოლინო), გია ხინთიბიძე (II ვიოლინო), არჩილ (ტატო) ხარაძე (ალტი) და რეზო მაჩაბელი (ჩელო). ეს მუსიკოსები ერთად შეიკრიბნენ 1979 წელს.  მანამდე კვარტეტის ყველა წევრი სახელმწიფო კამერულ ორკესტრში უკრავდა. მათი გაერთიანების სტიმული გახდა სიმებიანი კვარტეტების საკავშირო კონკურსი, რომლის პირობა ასეთი იყო – ვინც აიღებდა I პრემიას, ის კოლექტივი შემდეგ გაემგზავრებოდა საფრანგეთში, ქ. ევიანის სიმებიანი კვარტეტების საერთაშორისო კონკურსზე. მოსკოვის საკავშირო კონკურსზე ახალჩამოყალიბებულმა კვარტეტმა I პრემია მოიპოვა და 1980 წელს გაემგზავრა საფრანგეთში, სადაც აიღო II გრან–პრი.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ მუსიკოსები სიამოვნებით დათანხმდნენ ტელე–რადიო კომიტეტის თვმჯდომარის ნუგზარ ფოფხაძის  შეთავაზებას გამხდარიყვნენ საქართველოს რადიოსა და ტელევიზიის კვარტეტი.

იმ პერიოდში საქართველოს ტელე–რადიოს კოლექტივები აქტიურ მოღვაწეობას ეწეოდნენ. ხდებოდა საფონდო ჩანაწერების მომზადება, სრულდებოდა ახალი ქართული მუსიკა, გამოდიოდა ფირფიტები. ხშირი იყო კონცერტები, ფესტივალები, პირდაპირი ეთერი.

კვარტეტს ოქროს ფონდისთვის ჩაწერილი აქვს ქართველი, რუსი და ევროპელი კომპოზიტორების თხზულებები. მათ შორის, ყველა თაობის ქართველ კომპოზიტორთა საკვარტეტო ნაწარმოები. სულხან ცინცაძემ მათ მიუძღვნა N11 კვარტეტი და ამ ნაწარმოების პირველი შემსრულებლები არიან (1989). გარდა ამისა შესრულებული აქვთ მისივე N1 და N2 კვარტეტი, საკვარტეტო მინიატურები; ასევე, ვ. აზარაშვილის დუეტი ორი ვიოლინოსათვის (პირველი შესრულება ს. გონაშვილთან ერთად), კ. ცაბაძის სიმებიანი კვარტეტი N1 (1988, პირველი შესრულება), მ. ოძელის N1 კვარტეტი ( 1985, პირველი შესრულება), ა. ბალანჩივაძის სიმებიანი კვარტეტი N1(1989, პირველი შესრულება), ნ. გუდიაშვილის სიმებიანი კვარტეტი და კვინტეტი (გამოიცა დისკი), ა. შავერზაშვილის "ჩეხური კვარტეტი" და კვარტეტი ბარიტონთან ერთად (1980, პირველი შესრულება, სოლისტი ე. გეწაძე), ბ. ტუღუშის კვარტეტი N2 (1990),  ვ. აზარაშვილის საკვარტეტო მინიატურა "მშობლიური მხარის ექო"(1990); გარდა ამისა, კვარტეტმა გამოსცა ალექსი მაჭავარიანის ორი ფირფიტა – მისი ოთხი კვარტეტი; ვაჟა აზარაშვილის მინიატურები; ზურაბ ნადარეიშვილის კვარტეტები და სხვ.

საქართველოს რადიოსა და ტელევიზიის კვარტეტი წარმატებით ასრულებდა უცხოელ კომპოზიტორთა ნაწარმოებებსაც: ჰაიდნი, მოცარტი, ბეთჰოვენი, შუბერტი, შუმანი, ბრამსი, ბარტოკი, პროკოფიევი, შოსტაკოვიჩი კვარტეტი N9 (1980); მიხეილ მეიროვიჩმა მათ მიუძღვნა კვარტეტი და ისინი იყვნენ მისი პირველი შემსრულებლები.

1987 წელს დიმიტრი შოსტაკოვიჩის მშობლიურ ქალაქ სანკტ–პეტერბურგში გაიმართა მისი სახელობის სიმებიანი კვარტეტების საერთაშორისო კონკურსი, რომელზეც საქართველოს ტელე–რადიო კვარტეტმა I პრემია და ოქროს მედალი მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ დ. შოსტაკოვიჩის მეუღლის თხოვნით, 1988–1989 წლებში, ქართველმა მუსიკოსებმა შეასრულეს შოსტაკოვიჩის კვარტეტები კომპოზიტორის საიუბილეო კონცერტებზე.

კვარტეტმა გასტროლებით მოიარა მრავალი ქვეყანა: გერმანია, დანია, იტალია, საფრანგეთი, რუსეთი და სხვ. აქტიური საკონცერტო მოღვაწეობისთვის გია ხინთიბიძეს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება (1989) და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია (1988).

1990 წლიდან მუსიკოსი ცხოვრობს და მოღვაწეობს საფრანგეთში. თავიდან კვარტეტ იქ  ,,Radio France”–ს მიწვევით ჩავიდა თანამედროვე მუსიკის ფესტივალზე და ანშლაგით ჩაატარა 30 კონცერტი. ქ. ბლუაში გამართული კონცერტის შემდეგ ქალაქის მერმა ჟაკ ლანჟმა ქართველ მუსიკოსებს შესთავაზა სამწლიანი კონტრაქტი, რაზეც კვარტეტის 3 წევრი დათანხმდა. უარი თქვა ლევან ჩხეიძემ (I ვიოლინო) და იგი საქართველოში დაბრუნდა. მის ნაცვლად ანსამბლში ჩაერთო გია მელიქიშვილი. კვარტეტს ეწოდა „თბილისი“ და სამი წლით დამკვიდრდა ქ. ბლუაში.  

1993 წელს, საფრანგეთის კულტურის მინისტრის თხოვნით, კვარტეტის წევრები  საფრანგეთში დარჩნენ. 1996 წელს კვარტეტი „თბილისი“ დაიშალა ერთ–ერთი წევრის ავადმყოფობის გამო და მუსიკოსებმა ცალ–ცალკე დაიწყეს მოღვაწეობა.

წყარო: 

1. ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 584

2. ზაქარია ფალიაშვილის პრემიის ახალი ლაურეატები // საბჭოთა ხელოვნება. - , 1988. - N3. - გვ.93

3. ხარაძე, არჩილ. ქართული კვარტეტის ემიგრანტული ისტორია: ინტერვიუ / არჩილ ხარაძე ; ესაუბრა მზია ჯაფარიძე // მუსიკა / საქ. კომპოზიტორთა კავშირის ჟურნალი. - თბ., 2012. -  N3. - გვ.65-71.


გააზიარე: