The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ვალიკო ძამია

ვალიკო ძამია
დაბადების თარიღი:1921  (103 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

ვალიკო ძამია მეორე ტალღის ქართველი ემიგრანტია. იგი მეორე მსოფლიო ომის დროს ტყვედ ჩავარდა და რომ არა შემთხვევითობა ვინ იცის როგორ წარიმართებოდა მისი შემდგომი ცხოვრება. ტყვეთა ბანაკიდან გასვლა მან ცოტაოდენი გერმანულის ცოდნის წყალობით მოახერხა. გერმანელებმა ვალიკო მიიყვანეს სამუშაოდ დაწესებულებაში, სადაც შეხვდა სკოლისდროინდელ მეგობარს, ვახტანგ მირიანაშვილს, რომელიც დაეხმარა ტყვეობიდან განთავისუფლებაში.

ომის შემდეგ ვალიკო ძამია სამშობლოში აღარ დაბრუნდა, რადგან იცოდა, რომ დახვრეტა ან გადასახლება არ ასცდებოდა. მუშაობდა „რადიო ლიბერთის“ ქართულ რედაქციაში. გერმანიაში 11 წელი გაატარა, 1956 წელს კი უკრაინელ მეუღლესთან ერთად ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად. 

პროფესიით ვალიკო ძამია გამაგრილებელ სისტემათა ინჟინერ-დამპროექტებელია. მისი  პროექტითა და უშუალო ხელმძღვანელობით ნიუ-იორკის ბევრ დაწესებულებაში დამონტაჟდა ცენტრალური გამაგრილებელი სისტემა. მათ შორის ცნობილი ბანკები, სატელეფონო კომპანიები და კლინიკებია, მაგ.: ბროდვეიზე მდებარე პრესვიტერიანთა კლინიკა და ფედერალური სარეზერვო ბანკი.

ამერიკაში ჩასვლის პირველ ხანებში ვალიკო ჯერ მშენებლობაზე მუშაობდა (ერთი თვე), შემდეგ მხაზველად დაიწყო მუშაობა საინჟინრო ფირმაში, რაშიც კვლავ ქართველი მეგობარი დაეხმარა, ამჯერად, გოგი ვაჩნაძე.

1958 წელს ვალიკო ძამია დაუკავშირდა კავკასიურ საზოგადოება „ალავერდს“. ეს საზოგადოება 1937 წელს ჩამოაყალიბა სიკო სიდამონ–ერისთავმა და თავად გახდა მისი პირველი პრეზიდენტი. საზოგადოებამ ნიუ–იორკის გარეუბანში შეიძინა შენობა, სადაც შაბათ–კვირას და ზაფხულობით იკრიბებოდა ნიუ–იორკის ქართველობა. შემდეგში „ალავერდს“ კიდევ დაემატა კოტეჯები და გადაიქცა კავკასიელების არამარტო დასვენების, არამედ დაახლოებისა და დამეგობრების ცენტრად.

ამერიკული "ალავერდი" 1969 წელს ნახა რადიო „თავისუფლების" რედაქტორმა კარლო ინასარიძემ: „ორსართულიანი კეთილმოწყობილი სახლი. მისაღები სტუმრებისთვის და დამხმარე სათავსები. ლამაზი ეზო და ბაღი, რომელსაც დაარქვეს კავკასიური სამოთხე. აქვეა საცურაო აუზი და ბოსტანი სადაც იზრდება წიწმატი, ტარხუნა და ქინძი“,  – ასე აგვიწერს ის იქაურობას..

თითქმის 40 წლის მანძილზე ვალიკო ძამია აქტიურად იყო ჩართული „ალავერდის“ საქმიანობაში. 1964 წლიდან იგი საზოგადოების გამგეობის წევრი იყო, ასრულებდა მოლარის მოვალეობას. აქ მუშაობის წყალობით მას მუდმივი კავშირი ჰქონდა ამერიკელ ქართველებთან, რაც ქართულად საუბრის საშუალებას აძლევდა. სწორედ ამის შედეგია, რომ ამ თაობამ მშობლიური ენა არ დაივიწყა და შთამომავლობასაც გადასცა.

1997 წლიდან ბატონმა ვალიკომ ჩაიბარა „ალავერდის“ ხელმძღვანელობა და მეუღლესთან, ქალბატონ მზიასთან ერთად (რომელზეც 1994 წელს იქორწინა), დიდი ამაგი დასდო ქართულ–კავკასიურ კერას. მისი უშუალო მონაწილეობით 1990-იან წლებში რამოდენიმეჯერ დიდი რაოდენობით ჰუმანიტარული დახმარება  გაიგზავნა საქართველოში.  ის და მისი მეგობრები საკუთარი სახსრებით საკვებ პროდუქტს და მედიკამენტებს იძენდნენ და პერიოდულად სამშობლოს აწვდიდნენ. ამას გარდა ბატონი ვალიკო სამეცნიერო-დოკუმენტური ფილმის დაბეჭდვაში, გამოფენის მოწყობაში და მრავალი სხვადასხვა სახის ღონისძიების ორგანიზებაშიც არაერთხელ დახმარებია ქართველებს.

„ალავერდი“ 1950-იანი წლების მიწურულში ყოველწლიურად გრანდიოზულ მეჯლისებს აწყობდა. მდიდრული მეჯლისები ნიუ იორკის საუკეთესო სასტუმროებში იმართებოდა. მათ იმ პერიოდის ისეთი ცნობილი ამერიკული ოჯახები ესწრებოდნენ, როგორიც იყო როკფელერები, ფიბსები, მორგანები და მაღალი საზოგადოების ბევრი სხვა წარმომადგენელი. სადილი სიკო სიდამონ–ერისთავის ოჯახში იმართებოდა ხოლმე – ისთსაიდზე, 89-ე ქუჩაზე. იქიდან კი ყველანი მანქანებით, ან ავტობუსებით მეჯლისზე მიდიოდნენ.

მეჯლისი ძირითადად ევროპულ ცეკვებს ეთმობოდა. მაგრამ პოპულარობით სარგებლობდნენ ქართული ხალხური ცეკვებიც, განსაკუთრებით „მთიულური“. ეროვნულ სამოსს იქვე იკერავდნენ, წარმოშობით ჩერქეზ მკერავ ქალთან.

ვალიკო ძამია ქართული ხალხური ცეკვების ერთ–ერთი კარგი შემსრულებელი იყო, თუმცა ცეკვები წიგნიდან ჰქონდა ნასწავლი. დავიწყებული ცეკვების გახსენებაში მას რუსულ მაღაზიაში შემთხვევით  ნაპოვნი დავით ჯავრიშვილის წიგნი დაეხმარა, რომელშიც ნოტებიც იყო და მოძრაობებიც. ჯავრიშვილის წიგნით ძია ვალიკომ ცეკვა სხვებსაც ასწავლა, მათ შორის მანდილოსნებს – ნინო ვაჩნაძეს, ქაქუცა ჩოლოყაშვილის თანამებრძოლის ელიზბარ ვაჩნაძის ქალიშვილს და სიკო ერისთავის რძალს, ენი ფიბსს. „ძალიან ნიჭიერი ქალბატონი იყო, ცეკვა უცებ შეისწავლა და ყველა ქართველზე უკეთ ასრულებდა“, – იგონებს ბატონი ვალიკო.

მე–20 საუკუნის ბოლო მეოთხედში ვალიკო ძამიამ ხუთჯერ მოახერხა საქართველოში ჩამოსვლა, ინახულა ნათესავები და მშობლიური ადგილები. უკანასკნელად სამშობლოს იგი 1998 წელს სტუმრობდა.

წყარო:

1. https://blogs.voanews.com/georgian/.../2011/07/.../ვალერიან-ძამია-და-50-იანი-...

2. ჯერვალიძე, ციცინო. "ახალი ქართველებიდან "ალავერდით" ვერავინ დავაინტერესეთ" : ქართველები უცხოეთში / ციცინო ჯერვალიძე // თანამემამულე : უცხოეთში მცხოვრებ ქართველთა ცენტრალური პერიოდული გამოცემა. - ლონდონი, 2008. - ივლისი-აგვისტო. - N4(30). - გვ.7-9

3. gutani.ge/ვალიკო-ძამია-ინტერვიუ/ 

4. https://www.youtube.com/watch?v=6Nf_VIlJoys 

 

 

 


გააზიარე: