Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
სვიმონ სიდამონ–ერისთავი![]()
Biographyარაგვის ერისთავების შთამომავალი სვიმონ (სიკო) სიდამონ–ერისთავი პირველი თაობის ქართველი ემიგრანტია. ოქტომბრის რევოლუციამდე იგი რუსეთის არმიის, 1918–1921 წლების დამოუკიდებელ საქართველოში კი უკვე ქართული არმიის პოლკოვნიკი გახლდათ. 1921 წელს, საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, მეუღლესთან ერთად წავიდა ამერიკაში (მეუღლე ახალაგაზრდა გარდაიცვალა). სიკო სიდამონ-ერისთავი ერთი პერიოდი ნიუ იორკში მუშაობდა ვინმე ლოლაძის რადიოსახელოსნოში. სარდაფში არსებულ სახელოსნოში ბრწყინვალე საზოგადოება შეიკრიბა. მის გვერდით იყვნენ ჰოლივუდის სახელგანთქმული ვარსკვლავების მეუღლეები, ძმები დავით და სერგო მდივნები. მას შემდეგ რაც ამერიკაში მაღალ საზოგადოებრივ მდგომარეობას მიაღწია, სიკო ერისთავმა დააარსა საქართველოს დამხმარე საქველმოქმედო ფონდი და მუდმივად ეხმარებოდა გაჭირვებულ თანამემამულეებს. სვიმონმა თავის გარშემო ქართველებთან ერთად ჩრდილო კავკასიელებიც შემოიკრიბა. 1934 წელს მან ნიუ იორკის პრესტიჟულ რაიონში გახსნა რესტორანი „კავკასიის არწივი“, სადაც ხშირად იკრიბებოდნენ და ეროვნულ დღესასწაულებს ერთად აღნიშნავდნენ ქართველები და კავკასიელები. 1937 წელს, ნიუ-იორკიდან ასი კილომეტრის დაშორებით, მდინარე ჰუძონის ნაპირას, კლოდ-სპრინგის რაიონში, იტალიაში საქართველოს ელჩ გიორგი მაჩაბელთან და ქართული სათვისტომოს თავმჯდომარე ერეკლე ორბელიანთან ერთად სიკო სიდამონ–ერისთავმა დააარსა დასასვენებელი სახლი "ალავერდი“, სადაც ზაფხულობით და უქმე დღეებში ისვენებდნენ ნიუ იორკელი კავკასიელები. საზოგადოება „ალავერდში“ გაერთიანებულ ქართველებსა და კავკასიელებს ერთმანეთთან ნათესაური ურთიერთობა ჰქონდათ და მიუხედავად რელიგიური განსხვავებისა, ბოლომდე შეინარჩუნეს ერთსულოვნება და ურთიერთპატივისცემა. სახელწოდება „ალავერდიც“ იმიტომ შეარჩიეს, რომ ყველა კავკასიელისათვის ერთნაირად იყო მისაღები. როგორც ამ საქმის ინიციატორი, „ალავერდის“ პირველ პრეზიდენტად სიკო სიდამონ–ერისთავი აირჩიეს. ერთი წლის შემდეგ ის გადადგა, მერე თითო წელს პრეზიდენტები ჯერ თავადი გიორგი მაჩაბელი იყო, მერე თავადი ორბელიანი, მაგრამ რადგან ქართულ–კავკასიური კერის მოვლა–პატრონობა, არც ისე ადვილი აღმოჩნდა, ისევ ბატონ სიკოს სთხოვეს გაეგრძელებინა თავისი დაწყებული საქმე და ისიც გარდაცვალებამდე „ალავერდის“ შეუცვლელი ხელმძღვანელი იყო. ამერიკული "ალავერდი" 1969 წელს ნახა და აღწერა რადიო "თავისუფლების" რედაქტორმა კარლო ინასარიძემ: "ეს იყო ორსართულიანი კეთილმოწყობილი სახლი. მისაღები სტუმრებისთვის და დამხმარე სათავსები, ულამაზესი ეზოთი და ბაღით, რომელსაც „კავკასიურ წალკოტს“ უწოდებდნენ, იქვე იყო საცურაო აუზი და ბოსტანი, სადაც წიწმატი, ტარხუნა და ქინძი მოჰყავდათ“. „ ალავერდი“ არა მარტო დასასვენებელი, არამედ კავკასიელთა სამეგობრო ცენტრი გახდა: „ასე ძმურად და ერთობის გაგებით რომ გვეცხოვრა იქ, კავკასიაში, მაშინ დღეს სამშობლოში ვიქნებოდით“, - უთქვამთ ჩრდილო კავკასიელებს კარლო ინასარიძისთვის. სიკო სიდამონ–ერისთავი შესაშური მონდომებით პატრონობდა „ალავერდსა“ და მის ყოველ წევრს. მისი თაოსნობით ეწყობოდა საინტერესო საღამოები. რაც ქართული სუფრით მთავრდებოდა, არც სპორტულ თამაშებსა და გასართობს იკლებდნენ. სიკო სიდამონ–ერისთავი ქართულ საღამოებს ნიუ–იორკშიც მართავდა. სადილი ბატონი სიკოს ოჯახში იმართებოდა ხოლმე – ისთსაიდზე, 89-ე ქუჩაზე. იქიდან კი ყველანი მანქანებით, ან ავტობუსებით მეჯლისზე მიდიოდნენ. მეჯლისი ძირითადად ევროპულ ცეკვებს ეთმობოდა. მაგრამ პოპულარობით სარგებლობდნენ ქართული ხალხური ცეკვებიც, განსაკუთრებით „მთიულური“. ეროვნულ სამოსს იქვე იკერავდნენ, წარმოშობით ჩერქეზ მკერავ ქალთან. 1950-იან წლებში მეჯლისები ყოველწლიურად იმართებოდა ნიუ იორკის საუკეთესო სასტუმროებში და მათ იმ პერიოდის ცნობილი ამერიკული ოჯახები ესწრებოდნენ – როკფელერები, ფიბსები, მორგანები და მაღალი საზოგადოების ბევრი სხვა წარმომადგენელი. 1964 წელს, ერთ–ერთი თავყრილობის დროს, სიკო სიდამონ–ერისთავი უეცრად ცუდად გახდა და საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ბატონი სიკოს სიკვდილის შემდეგ დასასვენებელი სახლისა და „ალავერდის საზოგადოების“ ხელმძღვანელობა მისმა ვაჟმა კონსტანტინემ გადაიბარა, მდივნობა კი - მისმა მეუღლემ, ენ ფილიპსმა. სიკო სიდამონ ერისთავს პირველი ქორწინებიდან ერთი ქალიშვილი - ირინე ჰყავდა, მეორე ქორწინებაში კი ქალ-ვაჟი შეეძინა – კონსტანტინე და ნინო, რომლებმაც 2002 წელს მამის მემუარები და ფოტოები წიგნად გამოსცეს. ამერიკაში დაბადებულ თავის შვილებზე ბატონი სიკო წერდა: " გულით დავრჩი ქართველი, ჩემს ახალ სამშობლოს ვუძღვენი უძვირფასესი ძღვენი – ორი ამერიკელი ქართული სისხლით“. კონსტანტინე (კონი) სიდამონ–ერისთავი1965 წლიდან ნიუ–იორკის ვიცე–მერი იყო. ამ თანამდებობაზე, კარგა ხანს იმუშავა, სამი მთავრობა გამოიცვალა და პენსიაში გასვლამდე ქალაქის მმართველობაში დიდ როლს ასრულებდა. მიუხედავად იმისა, რომ იგი უცხოეთში დაიბადა და გაიზარდა, ქართულ ადათ–ჩვევებს პატივს სცემდა. ქულაჯასა და ჩოხაში გამოწყობილი ყოველთვის ესწრებოდა სათვისტომოს ღონისძიებებს. საღამოებს. პროფესიით იურისტი, შეძლებისდაგვარად ეხმარებოდა ქართველებს იურიდიული კონსულტაციებითა თუ სამსახურში მოწყობით. კონი ერისთავის ინიციატივითა და დიდი ძალისხმევით 1994 წელს დაარსდა ამერიკული ჰუმანიტარული ორგანიზაცია "საქართველოს ამერიკელი მეგობრები", რომლის დირექტორთა საბჭოს ის სიცოცხლის ბოლომდე თავმჯდომარეობდა. წყარო: 1. ჯერვალიძე, ციცინო. "ახალი ქართველებიდან "ალავერდით" ვერავინ დავაინტერესეთ" : ქართველები უცხოეთში / ციცინო ჯერვალიძე // თანამემამულე : უცხოეთში მცხოვრებ ქართველთა ცენტრალური პერიოდული გამოცემა. - ლონდონი, 2008. - ივლისი-აგვისტო. - N4(30). - გვ.7-9. 2. https://www.kvirispalitra.ge/.../11282-konstantine-sidamon-eristhavi-niu-iorkis-yofili- 3. https://blogs.voanews.com/georgian/.../2012/02/14/კონსტანტინე-სიდამონ-ერის/. givargi.blogspot.com/2013/02/blog-post_5.html
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |