The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ნიკო ჩოჩელი

ნიკო ჩოჩელი
დაბადების თარიღი:1968  (56 წლის)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

ნიკო ჩოჩელი დაიბადა 1968 წელს, მხატვრების ლელა ჩოხელისა და რობერტ ჩოჩელის ოჯახში. 4 წლის ასაკიდან ხატავს, პირველი პერსონალური გამოფენა 9 წლის ასაკში ჰქონდა. სამხატვრო განათლება ჯერ ნიკო ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელში მიიღო, შემდეგ კი სწავლა ა. ქუთათელაძის სახელობის თბილისის სამხატვრო აკადემიაში განაგრძო დაზგური ფერწერისა და გრაფიკის განხრით. ამჟამად არის აკადემიის საპატიო პროფესორი და საქართველოს ჰუმანიტარული და სახელოვნებო მეცნიერებათა აკადემიის საპატიო დოქტორი.

1995 წლიდან ნიკო ჩოჩელი ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწეობს. ეს ემიგრაციაში წასვლა არ ყოფილა. უბრალოდ, მეგობარმა მიიწვია სამი თვით იქაურობის გასაცნობად და დასათვალიერებლად. მერე ისე მოხდა, რომ მისი ნახატების ნახვის შემდეგ,  როგორც   განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებულ უცხოელს, აშშ–ის მთავრობამ ექსტრაორდინალური ნიჭის გრინ–ქარდი მიანიჭა, რაც საკმაოდ იშვიათი მოვლენაა.

ნიკო პენსილვანიის შტატის ერთ-ერთ ულამაზეს ბაქსის რაიონში ("ბაქს ქაუნთში") ქალაქ დოილესთაუნში დამკვიდრდა. აქ გახსნა სამხატვრო სკოლა, რომელსაც თავადვე უძღვება, აქვს საკუთარი სახელოსნო და სიყვარულიც აქვე იპოვნა. მისი მუზა - მისი მეუღლეა, როგორც თავად უწოდებს - "რენესანსული ადამიანი" - მუსიკოსი, მგალობელი, მხატვარი. სწორედ ქრისტინასადმი სიყვარულის გამო დარჩა ამერიკაში, ხოლო მოგვიანებით, რელიგიურ თემაზე შექმნილი წიგნის დასურათებისას, ბიბლიურ დედოფლადაც კი წარმოსახა.

ახალგაზრდა მხატვარს გაუმართლა და ამერიკაში მუშაობა თავიდანვე თავისი პროფესიით დაიწყო. ნიჭიერებითა და თავდაუზოგავი შრომით შეძლო იქაური სახელოვნებო კრიტიკისა და მედიის კეთილგანწყობის მოპოვება, მერე კი აღიარებაც მოვიდა – შეერთებული შტატების სხვადასხვა მუზეუმსა და კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოეწყო მისი ნამუშავრების გამოფენები; მიიღო მრავალი საპატიო სიგელი აშშ–ის მთავრობის სახელით (კონგრესი, თეთრი სახლი) და პენსილვანიის შტატის მთავრობის სახლიდან; გამოსცეს მისი რამოდენიმე უნიკალური ალბომი.

2009 წლის აპრილში ბაქსქაუნთელებმა ქართველი მხატვარი ოფიციალურადაც დააფასეს - ღირსების ოქროს მედლითა და აშშ-ის კონგრესისა და სენატის საპატიო სიგელებით დააჯილდოვეს.

არაერთი კონკურსის გამარჯვებულსა და პრიზის მფლობელს 40-ზე მეტ გამოფენაში აქვს მონაწილეობა მიღებული, მათ შორის ბევრია პერსონალური. ამ გამოფენების არეალი საკმაოდ ვრცელია – საქართველო, ამერიკა, საფრანგეთი, იტალია, ბელგია, გერმანია, იაპონია, ინდოეთი, რუსეთი და ავსტრალია. გამოფენებზე მიღებული აქვს ხუთი ოქროს მედალი, ათი დიპლომი და მრავალი სიგელი. მისი ნამუშევრების გამოფენა ნიუ-იორკში საქართველოს საკონსულოს ინიციატივით საქართველოს წარმომადგენლობაშიც მოეწყო. მხატვრის სურვილით გაყიდვიდან შემოსული თანხის ნაწილი პენსილვანიაში ქართული ეკლესიის მშენებლობას მოხმარდა.

ნიკო ჩოჩელის შემოქმედების ერთ-ერთი მთავარი თემა რელიგიაა. ძველი და ახალი აღთქმა, ფსალმუნები, ქართველი წმინდანები, ბიბლიური სიბრძნის დეტალები აძლევს მას ზღვა ენერგიას, რომ ტილოზე გადაიტანოს ნაფიქრ-ნააზრევი. იგი ხატმწერიცაა – ამერიკაში ორი მართლმადიდებლური ეკლესია მოხატა და ლამის მაშინვე იქაურმა ხელოვნებათმცოდნეებმა რელიგიური წიგნის ილუსტრირების ახალი სტანდარტების დამაარსებლად აღიარეს. მის მიერ დასურათებული წიგნების უმეტესობა, ძირითადად, რელიგიურ თემაზეა შექმნილი: "იონა", "მოემზადე, ბეთლემო", "148-ე ფსალმუნი", "ქრისტე ძველ აღთქმაში", "სრულყოფილი შობა", "ჰალოუინის ქალაქი" და სხვ.; ეს წიგნები სხვა ინგლისურენოვან ქვეყნებშიცაა გავრცელებული – კანადა, ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი, ახალი ზელანდია.

„ჩემთვის ჩემი სარწმუნოება ყველაფერია. მორწმუნე ადამიანის ცხოვრება ასეთია: სადაც არ უნდა იყოს, იგი ეკლესიას აუცილებლად პოულობს. ადამიანი თავის ტაძარს ეძებს. 5 წლის წინათ ოკეანის ნაპირას, ნიუ-ჯერსიში წმინდა დემეტრეს სახელობის ტაძარში გახლდით. ტაძრის ნაწილი ძალიან ლამაზად იყო მოხატული, მეორე ნაწილი კი - არა. მხოლოდ ცარიელი, თეთრი კედლები იდგა. მისი მოხატვა ჩემი სურვილიც იყო და კიდეც არ შემომთავაზეს. ხატები ზომით ადამიანის სიმაღლისაა: წმინდა გიორგი, წმინდა ეკატერინე და წმინდა საბა განწმენდილი. ასევე ღვთისმშობლის მიძინების ფრესკაც დავხატე. როცა ბერძნული ტაძრის მოხატვა დავასრულე, ფრესკის ქვეშ ქართული წარწერა განვათავსე იმის შესახებ, რომ იგი ქართველის მიერაა შესრულებული. არ მინდა, რომ ქართველის ნაშრომი უკვალოდ გაქრეს“, ამბობს ბატონი ნიკო.

პენსილვანიაში ნიკო ჩოჩელს ბასილ დიდის ტაძარიც მაქვს მოხატული. ბუნებრივია, თავის ლექციების კურსში ხატწერის ტექნიკას მნიშვნელოვან ადგილს უთმობს. იგი უკვე მრავალი წელია ასწავლის კაბრინის კოლეჯში, ფილადელფიისა და ლასალის უნივერსიტეტებში. ამ უკანასკნელის მსოფლიო ხელოვნების მუზეუმში კი მისი ნახატები ტინტორეტოს, რემბრანდტისა და პიკასოს გვერდითაა.  იგი პირველი ქართველი მხატვარია, რომელსაც ეს პატივი ერგო. გარდა ამისა, უკვე რამდენიმე წელია მონაცემები ნიკო ჩოჩელის შესახებ შეაქვთ ყოველწლიურ გამოცემაში – „ვინ ვინ არის ამერიკაში“ და „ვინ ვინ არის მსოფლიოში“. მისი ნამუშევრები ინახება კერძო კოლექციებშიც.

ამჟამად მხატვარი პენსილვანიის შტატში, ფილადელფიის მახლობლად პატარა ქალაქ სილვერდეილში ცხოვრობს და 20 წლის წინ დააარსებულ "ჩოჩელის კლასიკური ხელოვნების სკოლაში"საკუთარი პროგრამით ასწავლის. მასთან ორსაათიანი გაკვეთილისთვის შორეული კალიფორნიიდანაც კი ჩამოდიან. სკოლა დიდი არ არის, ეს უფრო სახელოსნოს ტიპის სასწავლებელია ფაკულტატური განცალკევების გარეშე. სკოლას მინიმალური რეკლამა აქვს, მის არსებობას კი უკვე შექმნილი რეპუტაცია უზრუნველყოფს. სწავლის მსურველთა ასაკი შეზღუდული არ არის, თუმცა უმეტესად კოლეჯის ასაკის ხალხი მოდის. პედაგოგის ფუნქციაა დაეხმაროს სტუდენტებს პორტფოლიოს შექმნაში, ანუ გარკვეული თემატიკისა და რაოდენობის ნამუშევრების ნაკრების შედგენაში. ბატონი ნიკო სიამაყით აღნიშნავს, რომ მისი ყველა სტუდენტი ამერიკის წამყვან სამხატვრო კოლეჯებში ჩაირიცხა.

ნიკო ჩოჩელი ამერიკაში ჩასვლის დღიდან კითხულობს ლექციებს სხვადასხვა დაწესებულებაში საქართველოს კულტურაზე, ხელოვნებასა და საეკლესიო ისტორიაზე, ასევე პოეზიაზე. მხატვრობასა და ფილოსოფიაზე. საჯარო ლექციებს, თავდაპირველად, უფრო ამერიკელები ესწრებოდნენ, ბოლო დროს კი ქართველთა რაოდენობამაც იმატა, რაც მხატვარს განსაკუთრებით ახარებს, რადგან სწორედ ახალგაზრდა თაობისთვისაა აუცილებელი არ მოწყდნენ ქართულ ფესვებს.

„ბედნიერი ვარ, რომ ხატვას ვასწავლი და, ასე ვთქვათ, თავს სწორედ ხატვით ვირჩენ. მეტი საშუალება რომ მქონდეს, ჩემს შემოქმედებას მეტ დროს დავუთმობდი. მაგრამ მაინც: ჩემი გული ოკეანისგადაღმაა; ჩემი მომავალი კი საქართველოს, ჩემი თბილი და საყვარელი ხალხის გარეშე ვერ წარმომიდგენია. ჯერ არ ვიცი როდის, მაგრამ ნამდვილად ვიცი, რომ აუცილებლად დავბრუნდები იქ, სადაც ჩემი პატარა საქართველო მელოდება“, – აღნიშნავს ნიკო ჩოჩელი.

მაგრამ სანამ სამუდამოდ დაბრუნდება, ცდილობს შეძლებისამებრ ხშირად ჩამოვიდეს სამშობლოში მშობლებისა და ახლობლების მოსანახულებლად. საქართველოში უკვე არაერთი ამერიკელი ჩამოიყვანა, რომელიც ჩვენი ქვეყნით აქტიურად დაინტერესდა. ამერიკის მოქალაქედ გახდომა მარტივად შეუძლია, მაგრამ დღემდე საქართველოს მოქალაქედ რჩება. მხატვარს მიაჩნია, რომ უცხოეთში უფრო მეტად საჭირო გახდა იმ კულტურისა და ფესვების წარმოჩენა, რომელიც აქედან გაჰყვა, რათა ჯერ საკუთარ თავში შემოენახა ქართველობა, მერე კი ეს ფასეულობები სხვებამდეც მიეტანა. საკუთარ მისიას სწორედ ქართველი და ამერიკელი ხალხის დაკავშირებაში ხედავს.

წყარო:

1. ჩოჩელი ნიკო. ამერიკელს უფრო ადვილად გააქართველებ, ვიდრე ქართველს გაამერიკელებ!: ინტერვიუ; ესაუბრა ოთარ ტურაბელიძე // საქართველოს რესპუბლიკა. თბილისი, 2016. –30 ივლისი..–N141(8033). გვ.8

2. ნიკო ჩოჩელი // ერთობა. - ფილადელფია, 2011. - ოქტომბერი. - N3. - გვ.14

3. ქობულია, სპარტაკ. ნიკო ჩოჩელის სამხატვრო სკოლა ამერიკაში... / სპარტაკ ქობულია // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2009. - 16 ივლისი. - N143 (6244). - გვ. 7

4. მერკვილაძე, ია. ნიკო ჩოჩელის პატარა საქართველო : ჩვენებური / ია მერკვილაძე // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2010. - 6 იანვარი. - N2 (6368). - გვ. 5





 

 


გააზიარე: