The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე გამოჩენილი ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
ტექსტები მოცემულია ქართულ და ინგლისურ ენებზე.


ევგენი ფანჩულიძე

ევგენი ფანჩულიძე
დაბადების თარიღი:17 სექტემბერი, 1853
გარდაცვ. თარიღი:10 თებერვალი, 1917  (63 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:კიევი, უკრაინა
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

ევგენი ფანჩულიძის წინაპრები წარმოშობით იმერეთიდან იყვნენ. ფანჩულიძეთა გვარის ეს შტო დავით მათეს ძე ფანჩულიძისგან იღებს სათავეს. ევგენი ფანჩულიძე 1853 წლის 17 სექტემბერს დაიბადა  სარატოვის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლის, საიდუმლო მრჩევლის (Тайный Советник) ალექსი ალექსანდრეს ძე ფანჩულიძევის ოჯახში. ევგენის ბაბუას, ალექსანდრე ალექსის ძე ფანჩულიძეს 28 წლის მანძილზე ეკავა ქ. პენზის სამოქალაქო გუბერნატორის თანამდებობა (1831–1859). რუსეთის არმიის გენერლები იყვნენ ევგენი ფანჩულიძის ბიძები – სიმონ და ივანე ფანჩულიძეები. ევგენის ცხოვრების გზაც ბავშვობიდან განისაზღვრა. იგი 1858 წლის 16 თებერვალს, ბაბუის რეკომენდაციით 4 წლის ასაკში ჩაირიცხა პაჟთა კორპუსში, რომლის დამთავრების შემდეგ, 1871 წლის 25 დეკემბერს პრაპორშჩიკის წოდებით განამწესეს ნიჟეგოროდის მე–16 დრაგუნთა პოლკში; 1875 წლის 27 მარტს დააწინაურეს პორუჩიკად; პეტერბურგში, გენერალური შტაბის აკადემიაში გაიარა ოფიცერთა საკავალერიო სკოლის კურსი და სამხედრო კარიერა გააგრძელა კავკასიაში – ნიჟეგოროდის 44–ე დრაგუნთა პოლკში.

პორუჩიკი ევგენი ფანჩულიძე მონაწილეობდა 1877–1878 წლების რუსეთ–თურქეთის ომში და ავლიარ–ალაჯის სიმაღლეების იერიშის დროს გამოჩენილი სიმამაცისთვის, 1878 წლის 1 იანვარს დაიმსახურა წმ. გიორგის IV ხარისხის ორდენი.

საომარი მოქმედებების დამთავრების შემდეგ ევგენი ფანჩულიძე დაინიშნა ოფიცერთა საკავალერიო სკოლის ადიუტანტად; 1879 წლის 1 იანვარს მიიღო შტაბს–კაპიტნის ჩინი; 1900–იანი წლების დასაწყისამდე იგი ამ სკოლაში მოღვაწეობდა სხვადასხვა ხელმძღვანელ პოზიციაზე – იყო პედაგოგი, ინსტრუქტორი, ესკადრონის მეთაური. წარმატებით ვითარდებოდა მისი კარიერაც: 1883 წლის 30 ოქტომბერს გახდა როტმისტრი, 1894 წლის 26 თებერვალს – პოდპოლკოვნიკი, 1897 წლის 6 დეკემბერს – პოლკოვნიკი.

1900 წლის 24 ოქტომბერს ევგენი ფანჩულიძე დაინიშნა ნეჟინის 52–ე დრაგუნთა პოლკის მეთაურად; 1903 წლის 26 ნოემბერს მიენიჭა გენერალ–მაიორის წოდება; მონაწილეობდა 1904–1905 წლების რუსეთ–იაპონიის ომში, მივლინებული იყო შორეულ აღმოსავლეთში მე–2 მანჯურიის არმიის ხელმძღვანელობის განკარგულებაში; ომის დამთავრების შემდეგ კვლავ დაბრუნდა გენერალური შტაბის ხელმძღვანელობის განკარგულებაში;    1905 წლის 6 დეკემბერს მიიღო გენერალ–მაიორის წოდება.

1906 წლის 17 აპრილს ევგენი ფანჩულიძე დაინიშნა მე–6 საკავალერიო დივიზიის მე–2 ბრიგადის მეთაურად; 1910 წლის 12 მაისს გადაიყვანეს იმავე თანამდებობაზე მე–13 საკავალერიო დივიზიის პირველ ბრიგადაში; 1912 წლის 17 სექტემბერს დამსახურებულ პენსიაზე გავიდა გენერალ–ლეიტენანტის ჩინითა და მუნდირის შენარჩუნებით;

I მსოფლიო ომის დაწყებასთან დაკავშირებით, 1914 წლის 7 ოქტომბერს გენერალი ფანჩულიძე დაინიშნა მე–8 არმიის შტაბის სანიტარული ნაწილის უფროსად; 1916 წლის 20 იანვრიდან ჩაირიცხა კიევის სამხედრო ოლქის შტაბის რეზერვში, შემდეგ კი გადაიყვანეს სამხრეთ–დასავლეთ არმიის მთავარმართებლის, ა. ბრუსილოვის განკარგულებაში.

ხანგრძლივი სამხედრო კარიერის მანძილზე გენერალ ევგენი ფანჩულიძეს მიღებული აქვს მრავალი ჯილდო, მათ შორის ორდენები: წმ. ანას IV (1877), II (1892) და I (1911) ხარისხის;  წმ. სტანისლავის II ხმლებით (1879) და I (1906) ხარისხის; წმ. ვლადიმირის IV ბაფთით (1899) და III (1903) ხარისხის.

ევგენი ფანჩულიძე გარდაიცვალა ქ. კიევში, 1917 წლის 10 თებერვალს. დაკრძალულია იქვე.

წყარო:

1. https://ru.wikipedia.org/.../Панчулидзев,_Евгений_Але... 


გააზიარე: