The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე გამოჩენილი ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
ტექსტები მოცემულია ქართულ და ინგლისურ ენებზე.


ალექსი ქავთარაძე

ალექსი ქავთარაძე
დაბადების თარიღი:15 ივლისი, 1821
გარდაცვ. თარიღი:1907  (85 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

რუსეთის არმიის ინფანტერიის გენერალი ალექსი გაბრიელის ძე ქავთარაძე (ქოვთორაძევი) დაბადებულია 1821 წლის 15 ივლისს. იგი ნახევარი საუკუნის განმავლობაში იბრძოდა რუსული იარაღის დიდებისათვის და ძალიან წარმატებული სამხედრო კარიერა ჰქონდა: მონაწილეობა აქვს მიღებული 8 სამხედრო ლაშქრობაში, მათ შორის – კავკასიის არმიის ბრწყინვალე ოპერაციებსა და თვით შამილის დატყვევებაში.

განათლება ალექსი ქავთარაძემ კერძო სასწავლებელში მიიღო. 1837 წელს იგი ჯარისკაცად ჩაირიცხა შავი ზღვის სახაზო №10 ბატალიონში. 1842 წელს მონაწილეობდა გურიის გლეხთა აჯანყების ჩახშობაში, რისთვისაც დაჯილდოვდა მე–4 ხარისხის სამხედრო ორდენის წარჩინების ნიშნით. 1844 წელს მან მიიღო პრაპორშჩიკობა; 1848 წელს – პოდპორუჩიკობა, ხოლო, 1850 წლის 25 იანვარს –  პორუჩიკობა; ამავე წელს გადაიყვანეს ლეიბგრენადერთა ერევნის მე-13 პოლკში. 1852 წლის 3 ივნისიდან კი იგი, უკვე, შტაბს–კაპიტანია.

განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვის ალექსი ქავთარაძეს 1853–1855 წლების ყირიმის ომში. მან თავი ისახელა ცნობილ ქიურუქ-დარის ბრძოლაში. აქ მოწინააღმდეგეების პოზიციების ცენტრზე შეტევის დროს შტაბს–კაპიტანმა ქავთარაძემ ერევნის პოლკის მეორე ბატალიონის ორი ასეულით იერიში მიიტანა და გაანადგურა თურქთა ძირითადი ძალების დასახმარებლად მიმავალი ნაწილები. ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცისა და გამჭრიახობითვის იგი წმინდა გიორგის მე–4 ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

ასევე შეუდრეკელი იყო ალექსი ქავთარაძე ყარსის იერიშის დროს; 1855 წლის 17 სექტემბერს მას უბოძეს წმინდა გიორგის მეორე ხარისხის ორდენი და კაპიტნის ჩინი. 1859 წელს მეფისნაცვალმა ბარიატინსკიმ მაიორობა მიანიჭა, ხოლო,  1861 წელს დაინიშნა მეფისნაცვლის ფლიგელ-ადიუტანტად, 1863 წლიდან ალექსი ქავთარაძე პოდპოლკოვნიკია; 1865 წ. დააჯილდოვეს წმინდა სტანისლავის მეორე ხარისხის ორდენით მახვილებით; 1871 წელს მან პოლკოვნიკის წოდება მიიღო და მეორედ დაიმშვენა გულმკერდი წმინდა სტანისლავის მეორე ხარისხის ორდენით, ამჯერად გვირგვინით.

1874 წელს ალექსი ქავთარაძე დაინიშნა დერბენდის 154-ე ქვეითი პოლკის მეთაურად. ამ პოლკის შემადგენლობაში მიიღო მან  მონაწილეობა რუსეთ–თურქეთის 1877–1878  წლების მთელ კამპანიაში და არაერთ საბრძოლო წარმატებას მიაღწია, განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვის პოლკოვნიკ ქავთარაძეს თურქეთის საველე ჯარების განადგურებაში  ავლიარ–ალაჯის სიმაღლეებზე. მის პოლკს ყველაზე რთული ამოცანა დაევალა. მას უნდა აეღო ძლიერად გამაგრებული ორლოვის სიმაღლეები და დამკვიდრებულიყო მასზე. ალექსი ქავთარაძის საოცარმა ენერგიამ და სიმამაცემ უზრუნველყო დერბენდელთა გამარჯვება მოწინააღმდეგის ძალებზე, ამ გამარჯვებამ კი განაპირობა კორპუსის წარმატება და მუხტარ–ფაშას არმიის სრული განადგურება. ბრძოლაში გამოვლენილი განსაკუთრებული დამსახურებისათვის ალექსი ქავთარაძე წმინდა გიორგის მესამე ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა, გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა და იმპერატორის ამალაში ჩაირიცხა.

1886 წლის 5 ივლისს ქალაქ პოლტავაში საზეიმო ვითარებაში აღინიშნა ალექსი ქავთარაძის 50 წლის სამხედრო მოღვაწეობა. მისი გვარი სამუდამოდაა შეტანილი ლეიბგრენადერთა ერევნის მე-13 პოლკისა და დერბენდის 154–ე ქვეითი პოლკის სიებში.

1889 წლის 8 ოქტომბერს ალექსი ქავთარაძე დანიშნეს მე–9 ქვეითი დივიზიის მეთაურად, ხოლო, 1890 წლის 30 აგვისტოს გენერალ-ლეიტენანტის ჩინში აამაღლეს და წმინდა სტანისლავის პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

გენერალი ქავთარაძე 1890–1894 წლებში იყო მე–9 ქვეითი დივიზიის უფროსი და ამავე დროს, 1907 წლის 4 ივლისამდე,  სრულიად რუსეთის დაჭრილთა საზოგადოების კომიტეტის წევრი.

გენერალ–ლეიტენანტი ალექსი ქავთარაძე გარდაიცვალა 1907 წელს, სანკტ–პეტერბურგში. იგი დაოჯახებული იყო და 7 შვილი ჰყავდა.

წყარო: 

1. https://ka.wikipedia.org/wiki/ალექსი_ქავთარაძე

2. nobility.pro/ru/statya/754-kavtaradze-aleksej-gavrilovich 

3. http://regiment.ru/bio/K/179.htm

4. 1853-1856 წლების რუსეთ-თურქეთის ომი ქართულ პრესაში / მოამზადა დარეჯან ანდრიაძემ // ისტორიული მემკვიდრეობა : სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალი. - თბილისი, 2010. - დეკემბერი. - N11(13). - გვ.27-29

5. ჟორდანია, ოთარ. ქართველები კავკასიის არმიის გენერალიტეტში : (1801-1900 წწ.)// ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემია : შრომები. - თბილისი, 2012. - [ტ.] IV. - გვ.82-111


გააზიარე: