The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


იოსებ სამებელი

ოფიციალური სახელი:იოსებ ქვაბულიძე
დაბადების თარიღი:1676
გარდაცვ. თარიღი:1750  (74 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ასტრახანი, რუსეთი
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

იოსებ სამებელის ცხოვრება და მოღვაწეობა სხვა მესტამბე–გამომცემლების მსაგვსად სათანადოდ შესწავლილი არ არის. იგი 1676 წელს დაბადებულა კახელი თავადების ქვაბულიძეების  საგვარეულოში. XVII საუკუნის მეორე ნახევრიდან ქვაბულიძეებს დიდი ავტორიტეტი მოუპოვებიათ აღმოსავლეთ საქართველოში და კახეთის სამეფო კარზე მდივან–მწიგნობრის სახელი ჰქონიათ ბოძებული. ეს თანამდებობა სჭერია ქვაბულიძეების სახელოვან წარმომადგენელს, „ბარამგულიჯანიანის“ გამლექსავს, ცნობილ პოეტს ონანას. ონანას მსგავსად მდივან–მწიგნობრის თანამდებობა ეჭირა იოსებ სამებელის პაპას სვიმონს და მამას თამაზს, რომელიც კარგი პოეტის სახელითაც ყოფილა ცნობილი.

XVII საუკუნის დასასრულს იოსებს შიო მღვიმის მონასტრის წინამძღვრად უმსახურია, 1705 წელს პატრიარქმა დომენტიმ იგი ეპისკოპოსად აკურთხა, 1709 წელს მიიღო სამების ეპარქია, რომელსაც 1723 წლამდე განაგებდა.იოსების საქართველოში მოღვაწეობის პერიოდი აღსავსე იყო რთული პოლიტიკური ვითარებით, ქართლის სამეფოს რუსეთთან დაახლოების გამო თურქეთ–ირანის შემოსევებბმა სულ უფრო მძლავრი ხასიათი მიიღო. მომხდურთაგან შევიწროვებულმა იოსებმა სამება დატოვა და წილკანში გადავიდა სამოღვაწეოდ (1729-1730 წლები) ამავე პერიოდში მიიღო მთავარეპისკოპოსის ხარისხიც.

ვახტანგ VI რუსეთში გახიზვნის შემდეგ აღმოსავლეთ საქართველოში მდგომარეობა კიდევ უფრო დაიძაბა. სულ მალე იოსებ სამებელი იძულებული ხდება წილკნის საეპისკოპოსო კათედრა მიატოვოს და რუსეთს შეაფაროს თავი. 1731 წლის მიწურულს 33 კაცით დარიალის ხეობის გავლით რუსეთს გაემგზავრა, რათა მოწყალება შეეგროვებინა დაზარალებული ქართული ეკლესია–მონასტრების აღსადგენად. გზაში ქართველმა მღვდელმთავარმა დიდი გაჭირვება გამოიარა, ხელში ჩაუვარდა ყაჩარების ბანდას და 1732 წლის დამდეგს ვახტანგ VI დახმარებით გაუნთავისუფლებიათ ტყვეობიდან. მოსკოვში თავისი მხლებლებით ჩასული იოსებ სამებელი დიდი პატივით მიუღიათ ვახტანგ VI, ქართველ ემიგრანტებს და რუსეთის ხელისუფალთ, მალე მისთვის ჯამაგირი დაუნიშნავთა და საცხოვრებლად ვორონეჟის მონასტერი მიუჩენიათ.

1733 წელს იოსებ სამებელი სინოდმა პეტერბურგში გაიწვია და ჯერ ნეველის ლავრაში ჰერცოგ შავერინის საფლავის მლოცველ–მწირველად დანიშნეს, შემდეგ 1734 წლის 22 მაისს, იმოერატრიცა ანა იოვანეს ასულის ბრძანებით, ნოვგოროდის მიტროპოლიტის თეოფანე პროკოპოვიჩის თანაშემწედ დააწინაურეს და ამავე დროს იურიევის, ანუ წმინდა გიორგის მონასტრის წინამძღოლობაც უბოძეს.

იოსებ სამებელი რუსეთში ყოფნისას აქტიურად ჩაება წიგნების გადაწერაში, ამასთანავე ქრისტეფორე გურამიშვილთან ერთად ქართული შრიფტი ჩამოასხა პეტერბურგის მეცნიერებათა სტამბაში და იქვე დაბეჭდა „რუსულ–ქართული ანბანი“.

ვახტანგ VI ვაჟმა, ბაქარ ბატონიშვილმა კარგად იცოდა იოსებ სამებელისა და ქრისტეფორე გურამიშვილის ლიტერატურულ–საქველმოქმედო საქმიანობის შესახებ. ამიტომ მან სამებელი მოსკოვში მიიწვია და ვსესვიატკოეში ახალი ქართული კულტურის კერის – სტამბის მოწყობასა და წიგნების ბეჭდვის საქმეს ჩაუყენა სათავეში. იოსებ სამებელმა მთელი თავისი ძალ–ღონე და სარჩო–საბადებელი ამ სტამბას შეალია, ამიტომაცაა, რომ მისი ღვაწლის უკვდავსაყოფად აქ დაბეჭდილი ყოველი წიგნის საგამომცემლო მონაცემებში ხაზგასმითაა აღნიშნული მისი დამსახურება სტამბის წინაშე.

ვსესვიატსკოეს სტამბამ 1744 წლამდე იარსება. 1750 წელს 74 წელს მიღწეული ისებ სამებელი ყიზლარში გაემგზავრა თავისი ძველი თანამოღვაწის – არქიმანდრიტ პახომისა და ქრისტეფორე გურამიშვილის სანახავად, მაგრამ უკვე ჯანგატეხილმა მოხუცა დანიშნულების ადგილამდე ვეღარ მიაღწია და იმავე წლის ოქტომბერში გზაში გარდაიცვალა, დაკრძალულია ასტრახანში.

წყარო:

1.  კასრაძე, ოთარქართული წიგნის ბეჭდვა-გამოცემის ძველი ოსტატები : იოსებ სამებელი // ნარკვევები ქართული წიგნის ბეჭდვის ისტორიიდან / ოთარ კასრაძე. - თბილისი, 1997. - გვ. 329-332.

2. https://qim.ge/ioseb%20samebeli.html

3. https://ka.wikipedia.org/wiki/იოსებ_სამებელი




გააზიარე: