The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


გიორგი წერეთელი

გიორგი წერეთელი
დაბადების თარიღი:20 მაისი, 1917
გარდაცვ. თარიღი:24 მაისი, 1993  (76 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ლევილი, საფრანგეთი
კატეგორია:პოეტი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

პოეტი და პუბლიცისტი გიორგი ილიას ძე წერეთელი დაიბადა 1917 წლის 20 მაისს, იმერეთის ულამაზეს სოფელ პერევისში. დედით აბაშიძე გახლდათ. გიორგი ოჯახში ნაბოლარა შვილი იყო, ორი ძმა და ორი და ჰყავდა. მამა რკინიგზაში მსახურობდა ჭიათურაში, სადაც ბინაც ჰქონდა და ზამთარში ყველანი იქ ცხოვრობდნენ, გაზფხულიდან კი პერევისაში გადადიოდნენ.  

გიორგიმ არასრული საშუალო განათლება (7 კლასი) ჭიათურაში მიიღო და 1930 წელს თბილისის შალვა ელიავას სახელობის კავშირგაბმულობის ტექნიკუმში ჩააბარა. იგი მიიღეს, მაგრამ მცირეწლოვნობის გამო ერთი წლით შვებულებაში გაუშვეს. საბოლოოდ ტექნიკუმის მხოლოდ ორი კურსი გაიარა და 1935 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა–მათემატიკის ფაკულტეტზე ჩაირიცხა, ასტრონომიის სპეციალობით (ევგენი ხარაძის მოწაფე იყო).

გიორგი წერეთლის უფროსი ძმა, აბელი, 1937 წლის რეპრესიებს ემსხვერპლა. თბილისში დარჩენა საშიში იყო და გიორგიმ უნივერსიტეტი ერთი წლით დატოვა. ამ პერიოდში ვანის რაიონის სოფელ შუამთის საშუალო სკოლაში ასწავლიდა მათემატიკა–ფიზიკა–ქიმიას. როცა საშიშროებამ გადაიარა დაბრუნდა და 1941 წლის ზაფხულში სახელმწიფო გამოცდებიც ჩააბარა.

1941 წლის შემოდგომა გიორგი წერეთელმა ჭიათურის რაიონის ერთ–ერთ სოფელში გაატარა, სადაც საშუალო სკოლაში ასწავლიდა. დეკემბრის ბოლოს მობილიზაციით გაიწვიეს ჯარში. წაიყვანეს ყირიმის ნახევარკუნძულზე, მაგრამ მისი საბუთების ნახვის შემდეგ ფრონტზე არ გაგზავნეს და გაამწესეს სამუშაო ბატალიონში. ომის პირველ წლებში  საბჭოთა ჯარები უკან იხევდნენ და ჯარისკაცები, ხშირად იცვლიდნენ ადგილს. ასე მოხვდა გიორგი წერეთელი ქ. გეორგიევსკში, რომელიც გერმანელებს ჰქონდათ დაპყრობილი და შემთხვევით გადაეყარა გერმანელების მხარეს მებრძოლი ქართული ლეგიონის წევრებს, რომელთაც იგი გივი გაბლიანთან წაიყვანეს, ბერგმანის ბატალიონში.

გიორგი წერეთელი 1944 წელს, ძველი თაობის ემიგრანტის, ნიკო ნაკაშიძის დახმარებით მოხვდა საფრანგეთში. ომის შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა, რადგან იცოდა რომ პატიმრობა ელოდა, როგორც ტყვეობაში ნამყოფ, საბჭოთა რეჟიმისთვის არაკეთილსაიმედო პირს.

მართალია იგი იძულებული გახდა საცხოვრებლად საზღვარგარეთ დარჩენილიყო, მაგრამ ქართველობაზე ხელი არ აუღია, ერთი წუთითაც არ გაუწყვეტია სულიერი კავშირი თავის ქვეყანასთან, მის აწმყოსა და მომავალზე ფიქრსა და ზრუნვაში ათენ–აღამებდა.

უცხოეთში ბატონი გიორგი სათავეში ჩაუდგა ახალგაზრდა ქართველ ემიგრანტთა ასოციაციას. 1974 წელს ლევან ზურაბიშვილსა და მიხეილ გრიგოლიასთან ერთად დაარსა საქართველოს განთავისუფლებისათვის მებრძოლი ორგანო, ჟურნალი „თავისუფლების ტრიბუნა“. სარედაქციო კოლეგიის წევრები შემდგომში შეიცვალნენ, ჟურნალში თანამშრომლობა დაიწყეს მიხეილ ქავთარაძემ და გიორგი ნოზაძემ. მაგრამ გიორგი წერეთელი უცვლელი რედაქტორი გახლდათ. ჟურნალმა იარსება 1984 წლის იანვრამდე (სულ გამოვიდა 42 ნომერი), 1984 წლის აპრილიდან ჟურნალს სახელწოდება შეეცვალა და „გუშაგი“ ეწოდა. რედაქტორ–გამომცემლად კვლავ გიორგი წერეთელი გვევლინება.

გიორგი წერეთელი ნაყოფიერ შემოქმედებით მუშაობას ეწეოდა. მისი ფსევდონიმებია: გიორგი ჯაყელი, გიორგი ქართველი, გოგი ლუბაშვილი, მამულს განშორებული, პარიზელი იმერელი, გ. პერევისელი.

გარდა ჟურნალისტური და პუბლიცისტური მოღვაწეობისა გიორგი წერეთელს საინტერესო პოეტური მემკვიდრეობაც აქვს. მის ლექსებს ლაიტმოტივად გასდევს სამშობლოს მონატრება, მოყვასის სიყვარული, მომავლის რწმენა.

მხატვრული შემოქმედებიდან მნიშვნელოვანია ლექსთა კრებული „სიყვარულის თაიგული“ (პარიზი, 1983); კრიტიკული წერილების კრებული „ჩვენი სატკივრები“ (პარიზი 1987).

1989 წლიდან ის სათავეში ედგა უცხოეთში მცხოვრებ ქართველ მწერალთა და ჟურნალისტთა განახლებულ შემოქმედებით კავშირს.

გიორგი წერეთელი დაქორწინებული იყო ეთერ შენგელიაზე, პარიზელ ქართველზე (დედით ფრანგი). 1991 წლის ოქტომბერში იგი მეუღლესთან ერთად, 50 წლის განშორების შემდეგ ესტუმრა საქართველოს. ერთი თვე გაატარა დებთან და ახლობლებთან ერთად. მოიარა იმერეთი, მიიწვიეს მშობლიურ უნივერსიტეტსა და მეცნიერებათა აკადემიაში, დაათვალიერა ილიას სახლ–მუზეუმები თბილისსა და საგურამოში. გამგზავრებისას კვლავ მალე ჩამოსვლაზე ოცნებობდა, მაგრამ ვეღარ მოესწრო.

გიორგი წერეთელი გარდაიცვალა 1993 წლის 24 მაისს, პარიზში. დასაფლავებულია ლევილის სასაფლაოზე.

წყარო:

1. წერეთელი, გიორგი. ერთი ცხოვრება : ემიგრანტის თავგადასავალი / [რედ.: ვახტანგ ჟღენტი ; მხატვ.: დიმიტრი ერისთავი]. - თბ., 2004 

2. გიორგი წერეთელი  // ილია ემიგრატთა თვალით / ტ.2 / შემდგენელ-რედაქტორი დალი სინჯარაძე. - თბილისი, 1996. - გვ. 292-293

3. შარაძე, გურამ. უცხოეთის ცის ქვეშ. წ. 3. –თბ., 1997. – გვ.403–413,   გვ. 456–460


გააზიარე: