The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ირაკლი ოთხმეზური

ირაკლი ოთხმეზური
დაბადების თარიღი:1907  (117 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:მწერალი

ბიოგრაფია

ირაკლი ოთხმეზური დაიბადა 1907 წელს ქალაქ ჭითურაში, ნიკოლოზ ოთხმეზურისა და ეკატერინე წერეთლის ოჯახში. საშუალო განათლება მიიღო  ქუთაისის რეალურ სასწავლებელში.

1924 წლის აჯანყების მძაფრი მოვლენები აისახა ირაკლი ოთხმეზურის მოგონებაში „24 წლის აგვისტოს დღეები“, სადაც ავტორი შენიშნავს: „თვით აჯანყების მიზეზებზე მოკლედ შეიძლება ითქვას, რომ ქართველი ხალხი არასოდეს შერიგებია თავის თავისუფლების დაკარგვას, იმ მოტყუების, რომელიც მოსკოვის ხელისუფლებამ ჩაიდინა თავისი ხელშეკრულების დარღვევაში. თვით ბოლშევიკური მთავრობა უხეირო იყო. წართმევებითა და ჩამორთმევებით ქვეყანა არ შენდებოდა. ისინი ეძებდნენ დამნაშავეებს, ესენი იყვნენ ყოფილი პარტიები და ადამიანები, მათ დასდევდნენ და ციხეებში სვამდნენ. გამრავლდა ფარულ მცხოვრებთა რიცხვი. გახშირდა უმუშევრობა და გაჭირვება“ (ჟურნ. „გუშაგი“, პარიზი, №6, 1985).

1924 წლის აჯანყებას შეეწირა ირაკლის ორი უფროსი ძმა. მაშინ იგი 17 წლის იყო და უნივერსიტეტში გამოცდების ჩასაბარებლად ემზადებოდა.

1925 წელს ირაკლი ოთხმეზური ემიგრაციაში წავიდა. იგი ჯერ საფრანგეთში ცხოვრობდა, შემდეგ გერმანიაში. ევროპაში მიიღო უმაღლესი განათლება, კერძოდ ბელგიაში. ამას ვიგებთ მისი წერილიდან „ ქართული ენა დასავლეთში“, რომელიც საზღვარგარეთ გამოცემულ ქართული ენის სახელმძღვანელოებს ეძღვნება. ბატონი ირაკლი იგონებს: „მახსოვს,1933 წელს,როდესაც პროფესორი მიხ. წერეთელი ბრიუსელის თავისუფალ უნივერსიტეტში ქართულს გვასწავლიდა, მისი მთავარი სახელმძღვანელო იყო ნ. მარის და მ. ბრიერის წიგნი „ლა ლანგ გეორგიენ“ („ქართული ენა“), ახლად გამოცემული 1931 წელს“.

ირაკლი ოთხმეზური ლიტერატურულ მოღვაწეობას ეწეოდა. მისი თხზულებები მრავლად გვხვდება ემიგრანტული პრესის ფურცლებზე – „კავკასიონი“, „გუშაგი“, „თეთრი გიორგი“; სხვადასხვა წლებში გამოქვეყნდა ირაკლი ოთხმეზურის ლექსები: „ილიას 1937“, „ენა ქართული“, „შეხვედრა“, „ქართულ რჩეულ ლექსებს“, „ტექსელის ძმათა სასაფლაოზე“, „კერპის დამხობა“, „ჭიათურას“, „ახალგაზრდობა“; ლექსად დაწერილი მოგონებები – „ცეცხლის ნოხი ჰამბურგზე“; პუბლიცისტური წერილები –  „ვეფხისტყაოსნის“ ინგლისურ თარგმანებზე, ნოდარ დუმბაძისა და ჭაბუა ამირეჯიბის შემოქმედებაზე, ზვიად გამსახურდიას წიგნზე „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ და სხვ.; მოგონებები; ილია ჭავჭავაძეზე, იოსებ ოცხელსა და სილოვან ხუნდაძეზე.

ირაკლი ოთხმეზური ცხოვრობდა ბელგიაში, ბრიუსელში.

წყარო:

1. ირაკლი ოთხმეზური // ილია ემიგრატთა თვალით / ტ.2 / შემდგენელ-რედაქტორი დალი სინჯარაძე. - თბილისი, 1996. - გვ. 280-281

2. ოთხმეზური, ირაკლი. ქართული ენა დასავლეთში : [საზღვარგარეთ გამოცემული ქართული ენის სახელმძღვანელოები] / ირაკლი ოთხმეზური // გუშაგი. - პარიზი, 1984. - N1. - გვ.42-47


გააზიარე: