The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


მოსე იმნაიშვილი

დაბადების თარიღი:1890
გარდაცვ. თარიღი:5 ნოემბერი, 1983  (93 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მიუნხენი, გერმანია
კატეგორია:ჟურნალისტი

ბიოგრაფია

მოსე იმნაიშვილი დაიბადა 1890 წელს გურიაში, სოფელ შუხუთში. იგი სრულიად ახალგაზრდა ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში, როგორც სოციალ–დემოკრატი და დიდი სიხარულით შეხვდა დამოუკიდებლობის გამოცხადებას.

1920 წელს დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობამ დასავლეთ ევროპის უნივერსიტეტებში განათლების მისაღებად გააგზავნა ნიჭიერი ახალგაზრდების დიდი ჯგუფი. მათ შორის იყო მოსე იმნაიშვილიც, რომელიც ბერლინის უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლობდა.

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცულია საარქივო დოკუმენტი, რომლის შემდგენელია სტუდენტთა დახმარების კომისიის წევრი მოსე იმნაიშვილი. დოკუმენტი გვამცნობს: „1920 წლის 24 ივლისს „ერთობაში“ გამოქვეყნებულ მოწოდებაში გერმანიიდან, ნათქვამია, რომ რუსეთში ანარქიის, სასწავლებელთა ცუდი მუშაობის და სხვ. გამო, ბოლო ორი წელია, ასეულობით ქართველი იქ სწავლას ვეღარ აგრძელებს, ნაწილი ევროპაში წავიდა იმ იმედით, რომ თავის რჩენას შეძლებდა. გერმანიაში მყოფი ათეულობით ახალგაზრდიდან ზოგმა ორი წლის სწავლა შუა გზაზე უნდა შეწყვიტოს. იქაურებიც უმუშევრები არიან, ამიტომ უცხოელთათვის დახმარების აღმოჩენაზე ფიქრი წარმოუდგენელია. სტუდენტები ვერც უკან ბრუნდებიან ხელცარიელები. საქართველოს მთავრობამ ასეთი ეკონომიკური კრიზისის დროს, როცა ეროვნნული ვალუტა დაცემულია, შეძლო 75 სტუდენტის გამოგზავნა გერმანიაში. მიუხედავად იმისა, რომ გორი განადგურებულია, ასეულობით ოჯახი შეხიზნულია მოძმეთა ოჯახებში, მტერი ებრძვის დემოკრატიულ საქართველოს, საზოგადო და კერძო დაწესებულებებს სთხოვენ, ყურად იღონ მათი მომართვა და სტუდენტებს სწავლის გაგრძელებაში დაეხმარონ. საგარეო საქმეთა სამინისტროს საშუალებით დახმარებას მიიღებს ბერლინის ელჩი ვლადიმერ გიორგის ძე ახმეტელაშვილი. კომისიის წევრები: ი. ნარსია (თავმჯდომარე), მ. ახმეტელაშვილი (მოადგილე), მ. იმნაიშვილი, ნ. იმნაიშვილი, ა. წულაძე. შ. შიშმელაშვილი, ი. გველესიანი (მდივანი)“.

1921 წელს, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ქართველ სტუდენტთა მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა, მათ საჭირო დახმარება აღარ გააჩნდათ. მიუხედავად სიძნელეებისა მოსემ მაინც გააგრძელა სწავლა, თან შეთავსებით მუშაობდა. ამავე დროს, სხვა ქართველ სტუდენტებთან ერთად ჩაბმული იყო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისთვის გაჩაღებულ საქმიანობაში. ამ საკითხთან დაკავშირებით მას მრავალი წერილი, ესსე და ნარკვევი აქვს გამოქვეყნებული ქართულ ემიგრანტულ პრესაში.

მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ მოსე იმნაიშვილი მუშაობდა ჯერ საბჭოთა კავშირის შემსწავლელ ინსტიტუტში, მიუნხენში, ხოლო შემდეგ რადიო „თავისუფლების“ ქართულ რედაქციაში.

1968 წელს მოსე იმნაიშვილი პენსიაზე გავიდა, ერთხანს საფრანგეთში, სოფელ ლევილში ცხოვრობდა, საბოლოოდ კი მიუნხენში დასახლდა და თავისი ჟურნალისტური მოღვაწეობა განაგრძო უცხოეთში გამომავალ ქართულ ჟურნალ–გაზეთებში.

მოსე იმნაიშვილი გარდაიცვალა მიუნხენში, 1983 წლის 5 ნოემბერს. იქვეა დაკრძალული.

წყარო:

1. prosopography.iliauni.edu.ge/database/persons/13539/m-imnaishvili/6160/9 

2. გერმანიაში მყოფ ახალგაზრდობის დეკლარაცია : [საბჭოთა ხელისუფლებასთან კულტურულ და ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ] // კომუნისტი. - 1925. - 17 ივლისი. - N162. - გვ.3. - ტექსტის ბოლოს: იპ. ნარსია, მოსე იმნაიშვილი, ა.შ. ჩოჩია და სხვა

3. ინასარიძე კარლო. მოსე იმნაიშვილის გარდაცვალება // თავისუფლების ტრიბუნა. – 1984. – N42. – გვ. 26–27. 

 

 

 

 

 


გააზიარე: