The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


გიორგი კერესელიძე

გიორგი კერესელიძე
დაბადების თარიღი:17 მარტი, 1885
გარდაცვ. თარიღი:1960  (74 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვეზინეს სასაფლაო, საფრანგეთი
კატეგორია:პოლიტიკოსი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

გიორგი კერესელიძე (გეორგ კერელე) დაიბადა 1885 წელს ცნობილი საზოგადო მოღვაწის, მათე კერესელიძის ოჯახში. მათე წარმოშობით რაჭის სოფელ სადმელიდან გახლდათ, მაგრამ სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ მრევლი ქართლში მისცეს და ოჯახიც იქ შექმნა. იგი დაქორწინებული იყო მარიამ ყანჩელზე. ცხოვრობდნენ გორში. მათ ოჯახში ხუთი ბავშვი იზრდებოდა – იასონი, რომელიც როგორც  დამოუკიდებლობის ინტერპერტიული კომიტეტის სამხედრო ცენტრის წევრი, 1923 წლის 20 მაისს ბოლშევიკებმა დახვრიტეს თბილისში, მეორე ვაჟი – ბუდუ ახალგაზრდა დაიღუპა, ერთადერთი ქალიშვილი – ელენე საქართველოში დარჩა, ლეო და გიორგი კი ემიგრაციაში აღმოჩნდნენ.

1906 წელს ცარიზმისგან დევნილმა ლეო კერესელიძემ საფრანგეთს, შემდეგ კი შვეიცარიას, შეაფარა თავი. აპრილის თვეში მას ძმაც შეუერთდა მეუღლესა და 3 თვის ვაჟთან ერთად. გიორგი დაქორწინებული იყო თამარ ციციშვილზე. მათი უფროსი შვილი, მათე (1906-1970) საქართველოში დაიბადა, უმცროსი, ლეო (ლულუ, 1908-1979) კი ჟენევაში ეყოლათ.

1905-1907 წწ. რევოლუციის დამარცხების შემდეგ რუსეთის მთავრობამ დუშეთის საქმის მონაწილე სოციალ–ფედერალისტების, მათ შორის ლეო და გიორგი კერესელიძეების, გადაცემა მოითხოვა. ედავებოდნენ დუშეთის ხაზინის ექსპროპრიაციას. ისინი დააპატიმრეს და სასამართლოს გადასცეს. დაპატიმრებულების ადვოკატებმა კონსულტაცია სთხოვეს საერთაშორისო სამართლის ავტორიტეტს, ბელგიელ მეცნიერ ერნესტ ნისს. მან განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოში 1783 წ. ხელშეკრულების დარღვევით გაბატონდა, ამიტომ ქვეყნის უკანონო დამპყრობთა წინააღმდეგ მიმართული ქართველთა ყველა ქმედება, პოლიტიკური აქტია და არა სისხლის სამართლის დანაშაული. სასამართლომ ძმები კერესელიძეები გაამართლა.

ლეო კერესელიძემ ჟენევის უნივერსიტეტი დაამთავრა, მეცნიერ–იურისტი გახდა და იქვე დატოვეს პრივატ–დოცენტად. გიორგი ქიმიას  სწავლობდა, მაგრამ ოჯახზე ზრუნვამ შეუშალა ხელი სწავლის დამთავრებაში. 

1910 წელს ჟენევაში ცნობილმა ეროვნულ–პოლიტიკურმა მოღვაწემ, პეტრე სურგულაძემ დააარსა „ქართველ სეპარატისთა პარტიის უცხოეთში მოქმედი ჯგუფი", რომლის წევრებიც იყვნენ ძმები კერესელიძეები, ნესტორ მაღალაშვილი, ვარლამ ჩერქეზიშვილი, მიხაკო წერეთელი, გიორგი მაჩაბელი და სხვები.

I მსოფლიო ომის დაწყებისთანავე ჯგუფმა ბერლინში გადაინაცვლა გერმანიის პოლიტიკურ წრეებთან კავშირის დასამყარებლად. ამავე დროს სახელი შეიცვალა და ეწოდა "საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტი" ანუ "დამოუკიდებლობის კომიტეტი". შემუშავდა კომიტეტის წესდება და სამუშაო გეგმა.

საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობის გამო კომიტეტისადმი დახმარების აღმოჩენა შედიოდა თვით გერმანიის ინტერესებში, რამდენადაც ძლიერი ქართული სახელმწიფოს შექმნა ხელს შეუწყობდა გერმანიის აზიაში წინსვლას. გერმანულმა მხარემ თანხმობა განაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობის იდეისათვის შეეწყო ხელი. ამას მოჰყვა საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის ჩამოყალიბება კონსტანტინოპოლში, რომელსაც ხელმძღვანელობდა პეტრე სურგულაძე. შესაძლო აჯანყება საქართველოში უნდა მოემზადებინა ლეო კერესელიძეს, რომელსაც ადგილობრივი მხარდამჭერებისათვის სხვადასხვა საიდუმლო გზებით უნდა მიეწოდებინა შეიარაღება.

გიორგი კერესელიძე აქტიურად ჩაერთო კომიტეტის საქმიანობაში. იგი მთელი ომის განმავლობაში მუშაობდა ხან სტამბოლში, ხან ლაზისტანში, ბოლოს ბერლინში. ზრუნავდა ქართველ ტყვეებზე. ამავე დროს იყო დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ბერლინში გამომავალი ტყვეებისთვის განკუთვნილი გაზეთისა „თავისუფალი საქართველო“.

1918–1921 წლებში ლეო კერესელიძე სამშობლოში დაბრუნდა, მონაწილეობდა ეროვნული არმიის ჩამოყალიბებაში,  საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ კი კვლავ ემიგრაციაში წავიდა. გიორგი დამოუკიდებლობის წლებში საქართველოში არ  ჩამოსულა. 1918–1919 წლებში იგი თანამშრომლობდა საქართველოს საელჩოსთან ბერლინში.

გიორგი კერესელიძის პუბლიკაციები მრავლად გვხვდება ქართული ემიგრანტული პრესის ფურცლებზე: „იესო ქრისტე და ქართველი ერი“ ("ბედი ქართლისა" - პარიზი, 1948. - N1); „ბეთლემის აღმოჩენის შესახებ“ ("ბედი ქართლისა" - პარიზი, 1948. – N)2; მიხეილ წერეთლის დაბადების 70 წლისთავისადმი მიძღვნილი წერილი ("ბედი ქართლისა" - პარიზი, 1948. – N3); „სოლომოს მეფის ნეშთის შესახებ“ ("ბედი ქართლისა" - პარიზი, 1951. – N9); „აღმასრულებელი კომიტეტის პოლიტიკური შედეგები“ ("მებრძოლი საქართველო" – ქართული ეროვნული საბჭოს ორგანო. - პარიზი, 1952. - მარტი. - N2); „რუსეთის საკითხი“ ("მებრძოლი საქართველო". - პარიზი, 1952. - მაისი. - N4.); „ნოე ჟორდანია“ ("მებრძოლი საქართველო". - პარიზი, 1953. - იანვარი. - N9) და სხვ.

მიხაკო წერეთელი გიორგი კერესელიძეს ახასიათებს, როგორც დიდი ადამიანური ღირსებებით შემკულ პიროვნებას: „იგი იყო ამხანაგთა და მეგობართა გამტანი, ერთგული. იგი იყო განუსაზღვრელად გულ–კეთილი, მუდამ დამხმარე ხელ–მოკლე ქართველთა, სიუხვით და სტუმარ–მოყვარეობით ცნობილი. და რაც მართლაც იშვიათი თვისებაა ადამიანისა, მასაც ჰქონდა: ეს იყო აროდეს დამახსოვრება ვისგანმე წყენისა, აროდეს შურის–ძიება, აროდეს ცუდისათვის სამაგიეროს გადახდა. მას არ სწამდა „თვალი თვალისა წილ და კბილი კბილისა წილ“.

გიორგი კერესელიძე ძირითადად საფრანგეთსა და გერმანიაში ცხოვრობდა. გარდაიცვალა 1960 წელს. დაკრძალულია  საფრანგეთში, ვეზინეს სასაფლაოზე.

წყარო:

1. გიორგი კერესელიძე // ილია ემიგრანტთა თვალით : ტ. 2/ შემდგენელ-რედაქტორი დალი სინჯარაძე. - თბილისი, 1996. - გვ. 270–271

2. წერეთელი მიხეილ. გიორგი კერესელიძე: ძვირფასი მეგობრის ხსოვნას // ბედი ქართლისა. – 1962. –N39–40. – გვ. 11–13.

3. კერესელიძე, გიორგი. საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი : (1914-1918) / გიორგი კერესელიძე // ქართული ემიგრაცია : სამეცნიერო ჟურნალი.- თბილისი, 2013.-  N1 (4). - გვ.141-175. - ქართველ ემიგრანტთა მოგონებები.

4. https://tbilisi.media/.../65162-oni-borolis-za-svobodu-ro... 

ბაქრაძე, ლაშა. გერმანულ-ქართული ურთიერთობები პირველი მსოფლიო ომის დროს : (ქართული ეროვნული კომიტეტის საქმიანობა 1914–1918 წწ.) / ლ. ბაქრაძე. - თბ., 2010.


გააზიარე: