The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


გიორგი ღამბარაშვილი

დაბადების თარიღი:16??
გარდაცვ. თარიღი:17??
დაკრძალვის ადგილი:დონის მონასტერი, მოსკოვი
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

ცნობები ვსესვიატსკოეს სტამბის ერთ–ერთი უხუცესი მოღვაწის, გიორგი ღამბარაშვილის ცხოვრების შესახებ მწირია. იგი არჩილ II გაჰყოლია რუსეთში. მეფემ თავისი ერთგული მღვდელ–მონაზონი ვსესვიატსკოეში დაასახლა და კარის ეკლესიის წინამძღვრობა ჩააბარა. ვსესვიატსკოე გიორგი ღამბარაშვილს არც არჩილ მეფის გარდაცვალების შემდეგ დაუტოვებია, ღრმა მოხუცებულობის მიუხედავად მზრუნველობას არ აკლებდა მარტოდ დარჩენილ მეფის ასულ დარეჯანს.

1737 წელს ვსესვიატსკოეში სტამბის დაარსების შემდეგ გიორგი აქტიურად ჩაება წიგნის ბეჭდვა–გამოცემის საქმეში. ოცდაათ წელზე მეტი იყო, რაც მოსკოვში ცხოვრობდა და ცხადია, ამ დროის განმავლობაში კარგად შეისწავლიდა რუსულ ენას, ამიტომაც იყო რომ სტამბის მესვეურებმა მთარგმნელად მიიწვიეს.

პირველი წიგნი, რომლის გამოცემაშიც გიორგი ღამბარაშვილმა მონაწილეობა მიიღო, იყო 1738 წელს დაბეჭდილი „ზატიკი“ (აღდგომის დღესასწაულისათვის განკუთვნილი საგალობელი ჰიმნების კრებული, რომელსაც დართული აქვს საეკლესიო განაწესი, ანუ ტიპიკონი). ვსესვისატსკოეში დაბეჭდილ „ზატიკის“ ბოლოსიტყვაობაში ქრისტეფორე გურამიშვილი წერს: „მე მცირედი რაიმე ქართული ზატიკები ვიცოდი და რუსისა ზატიკსა და ტიპიკონს ვამოწმე. იქიდამ შევკრიბე და ისე აღვწერეთ და რომელიც ჩვენი დაკლებული იყო, ის რუსულს ზატიკიდამ გადმოვათარგმნინე ბატონის შვილის დარეჯანის კარის მღვდელს გიორგის“.

გიორგი ღამბარაშვილს ყურადსაღები შრომა გაუწევია 1741 წელს დაბეჭდილ „მარხვანის“ ტექსტის გამოსაცემად მომზადებაში. გიორგი ღამბარაშვილს და ქრისტეფორე გურამიშვილს ჯერ ერთმანეთისთვის შეუჯერებიათ ოთხი ქართული ხელნაწერი და ამგვარად დახვეწილი დედანი რუსულისთვის შეუდარებიათ, გამოკლებული ადგილები თავიანთი თარგმანებით შეუვსიათ.

ვსესვიატსკოეში გამოცემული ბევრი წიგნი („სახარება“, „ჟამნი“ და სხვ.) რუსულ წყაროებთან შედარების შედეგადაა დაბეჭდილი. ცხადაია ამ შედარება–შეჯერებაში გიორგი ღამბარაშვილი აქტიურ მონაწილეობას იღებდა.

საგამომცემლო საქმესთან ერთად გიორგი ღამბარაშვილი ნაყოფიერ ლიტერატურულ–შემოქმედებით საქმიანობას ეწეოდა. მას რუსულიდან უთარგმნია ცნობილი საეკლესიო მოღვაწის, მწერლის, პუბლიცისტისა და პედაგოგის თეოფანე პროკოფიევიჩის „პირველი სასწავლო ყრმათა“, რომელიც 1739 წელს დაიბეჭდა ვსესვიატსკოეში. „პირველი სასწავლო ყრმათა“ ქართულად გამოცემული პირველი რუსული ორიგინალური წიგნია. თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს წიგნი რუსული ენის სასწავლო–სახელმძღვანელოა, მაშინ ცხადი გახდება, რომ გიორგი ღამბარაშვილს ამ თხზულების თარგმნისთვის შემთხვევით არ მოუკიდია ხელი.

გიორგი ღამბარაშვილი დასაფლავებულია მოსკოვში არჩილ მეორესა და სხვა ქართველ მოღვაწეთა გვერდით.

წყარო:

1.  კასრაძე, ოთარქართული წიგნის ბეჭდვა-გამოცემის ძველი ოსტატები : გიორგი ღამბარაშვილი // ნარკვევები ქართული წიგნის ბეჭდვის ისტორიიდან / ოთარ კასრაძე. - თბილისი, 1997. - გვ. 341-343.


გააზიარე: