The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ალექსანდრე სულხანიშვილი

ალექსანდრე სულხანიშვილი
დაბადების თარიღი:1896
გარდაცვ. თარიღი:1990  (94 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:აწყურის თეთრი გიორგის ეკლესიის გალავანი, სოფელი აწყური, საქართველო
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

ალექსანდრე სულხანიშვილი დაიბადა 1896 წელს კახეთში, სოფელ აწყურში. 1918–1921 წლებში მსახურობდა საქართველოს ეროვნულ ჯარში. საქართველოს ოკუპაციისა და გასაბჭოების შემდეგ იბრძოდა ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულთა რაზმში. იგი იყო ქაქუცას ერთ–ერთი მოადგილე.

ალექსანდრე სულხანიშვილი მონაწილეობდა 1924 წლის აგვისტოს აჯანყებაში, რომლის დამარცხების შემდეგ ქაქუცა ჩოლოყაშვილთან და რაზმის სხვა წევრებთან ერთად თურქეთში გადავიდა და მას მერე 66 წელი ემიგრაციაში გაატარა. სხვადასხვა დროს ცხოვრობდა საფრანგეთში, გერმანიაში, ბელგიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში. მუშაობდა ხელოსნად, ტაქსის მძღოლად, იახტების მშენებლად...

1950–იანი წლების დასაწყისიდან ალექსანდრე სულხანიშვილი ამერიკის ქართული სათვისტომოს აქტიური წევრი იყო. სათვისტომოს საქმიანობას ჩამოშორდა  კალიფორნიაში, სან–ფრანცისკოში საცხოვრებლად გადასვლის შემდეგ.

ემიგრაციაში ალექსანდრე სულხანიშვილი ლიტერატურულ მოღვაწეობასაც ეწეოდა. გამოცემული აქვს წიგნები: „ხმა სიმართლისა: წითლების მოქმედება ნიუიორკის ქართულ სათვისტომოში" (მიუნხენი, 1962, სტ. არჩილ მეტრეველისა); „მოგონებანი შეფიცულთა რაზმზე, 1922–1924“ (სან–ფრანცისკო, 1981); „რა ხდებოდა მეტეხის ციხეში ქართველებს შორის 1923 და 1924 წლებში და ილიას მკვლელობის სინამდვილე“ (სან–ფრანცისკო, 1985); „ჩემი პასუხი ჟორდანიას მემკვიდრეებს“ (სანფრანცისკო, 1987); "შეფიცულთა რაზმის ცხოვრება საფრანგეთში 1924 წ. ნოემბრიდან" (სან–ფრანცისკო, 1987). ალექსანდრე სულხანიშვილის მოგონებანი საინტერესო დოკუმენტია 1924 წლის აჯანყებისა და ქართული ემიგრაციის ისტორიის პირველი წლების შესწავლისათვის.

ალექსანდრე სულხანიშვილთან ინახებოდა ქაქუცა ჩოლოყაშვილის ძვირფასი ხმალ–სატევარი, რომელიც მან 1989 წელს საქართველოს დაუბრუნა გაზეთ „სამშობლოს“ რედაქტორის, ჟურნალისტ პაატა ნაცვლიშვილის ხელით. მისივე დახმარებით, 1990 წლის 19 ოქტომბერს 94 წლის მოხუცი სამშობლოში დაბრუნდა. მან თან ჩამოიტანა პატარა პაკეტი წარწერით „საქართველოს მიწა“. იგი უკვე მძიმე ავადმყოფი იყო და საქართველოში მხოლოდ 18 დღე იცოცხლა, მაგრამ ბედნიერი მიიცვალა რადგან ოცნება აუსრულდა და აქ ჰპოვა სამუდამო განსასვენებელი.

საქართველოს მიწა, რომელიც ბატონმა ალექსანდრემ განუშორებლად თან ატარა 66–წლიან ლტოლვილობაში, მისი ანდერძის თანახმად გულზე დააყარეს, როცა მშობლიური სოფლის – აწყურის თეთრი გიორგის ეკლესიის გალავანში დაკრძალეს. ასევე ანდერძის თანახმად საქართველოს ახლად არჩეულ პარლამენტს გადაეცა დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა, რომელიც ქაქუცას სიკვდილის წინ ეჭირა ხელში. ეს დროშა ქაქუცას ხმალსა და ქამარ–ხანჯალთან ერთად ამჟამად საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ინახება.

ალექსანდრე სულხანიშვილის არქივი დაცულია საქართველოს ლიტერატურისა და ხელოვნების ცენტრალურ სახელმწიფო არქივში.

წყარო:

1. ნაცვლიშვილი, პაატა. საქართველოს მიწა : [კრებული ალექსანდრე სულხანიშვილზე]. - თბ., 1994 

2. ალექსანდრე სულხანიშვილი // ილია ემიგრანტთა თვალით : ტ. 2 / შემდგ.-რედ.: დალი სინჯარაძე, ნათია ბებიაშვილი. - თბილისი, 1996. - გვ.288–289  


გააზიარე: