The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


სვიმონ ტაბიძე

დაბადების თარიღი:18??
გარდაცვ. თარიღი:188?
კატეგორია:ჰუმანიტარი

ბიოგრაფია

სვიმონ ტაბიძე XIX საუკუნეში პეტერბურგში მოღვაწე ქართველ მესტამბე–გამომცემლეთა შორის ერთ–ერთი საუკეთესოა. მასზე, როგორც პიროვნებისა და შემოქმედის ჩამოყალიბებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოუხდენია თეიმურაზ გიორგის ძე ბაგრატიონს, რომლის ოჯახთანაც სვიმონს წლების მანძილზე ახლო ურთიერთობა ჰქონდა. სვიმონ ტაბიძის პეტრბურგში დასახლების თარიღი, ისევე როგორც მისი სხავა ბიოგრაფიული ცნობები უცნობია.

პეტერბურგში ცხოვრების პერიოდში სვიმონ ტაბიძე ინტენსიურ ლიტერატურულ–შემოქმედებით მოღვაწეობას ეწეოდა. თეიმურაზ ბაგრატიონის დავალებით მას საკმაოდ ბევრი ძველი ქართული ხელნაწერი გადაუნუსხავს. სვიმონ ტაბიძეს პეტერბურგში გადაუწერია 1822 წელს. ი. შავთელის „თამარიანი“, 1851 წელს მიხეილ გიორგის ძე ბაგრატიონისათვის საჩუქრად მისართმევი არისტოტელეს „კატეღორია“, 1862 წელს პროკლე დიადოხოსის „კავშირნი ღვთისმეტყველებათანი“ და ბაუმეისტერის „ლოღიკა“, 1880 წელს  – „სავედრებელად და საქებად ყოვლად წმ. დედოფლისა მარიამისა“, 1841-1843 წლებში ფარსადან გორგიჯანიძის „საქართველოს ისტორია“ და სხვა. 1869 წელს მას სამჯერ გადაუწერია ვახტანგ VI „დასტურლამალი“.

სვიმონ ტაბიძის მოღვაწეობა მარტო ძველი ხელნაწერების გადანუსხვით არ შემოიფარგლებოდა. იგი საკმაოდ ნიჭიერ პოეტად ითვლებოდა. მის მიერ დაწერილი სხავადასხვა პირისადმი მიძღვნილი ლექსები დაცულია საქართველოს მუზეუმში და სანკტ–პეტერბურგში.

აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის სანკტ–პეტერბურგის განყოფილებაში დაცულია „ვეფხისტყაოსნის“ 1839 წელს გადაწერილი (შედგება 317 ტაეპისაგან) ხელნაწერი (M-47). ეს ნუსხა აღწერა მარი ბროსემ და ხელნაწერის გადამწერად სვიმონ ტაბიძეს თვლის.

პეტრერბურგში მოღვაწეობის პერიოდში ჩამოყალიბდა სვიმონ ტაბიძე როგორც პროფესიონალი მესტამბე. მას დაუბეჭდია მარი ბროსეს, ზ. ფალავანდიშვილისა და დ. ჩუბინაშვილის რედაქციით 1841 წელს გამოცმული „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტი. ამას მოწმობს მესტამბე–გამომცემელთა ანდერძი, სადც ნთქვამია: „მესტამბე სვიმონ ტაბიძე ბეჭდვაზედ იყო მცდელია“. სვიმონს წიგნების ბეჭდვა პეტერბურგის მეცნიერებათა აკდემიის სტამბაში შეუსწავლია, რისთვისაც მას ოფიციალური მოწმობა – ატესტატიც კი ჰქონია მიღებული.

1841 წელს გამოცემული „ვეფხისტყაოსნის“ დაბეჭდვის შემდეგ სვიმონ ტაბიძეს სხვა არც ერთი ქართული წიგნის გამოსვლაში მონაწილეობა აღარ მიუღია. XIX საუკუნის 50-იანი წლებიდან იგი მთელ თავი ძალასა და ენერგიას უმეტესად ლიტერატურულ–შემოქმედებით საქმიანობას ანდომებდა.

ღრმად მოხუცებული სვიმონ ტაბიძე XIX საუკუნის 80-იან წლებში გარდაიცვალა პეტერბურგში.

წყარო:

1. კასრაძე, ოთარ. ქართული წიგნის ბეჭდვა-გამოცემის ძველი ოსტატები ძველ საქართველოში : სვიმონ ტაბიძე // ნარკვევები ქართული წიგნის ბეჭდვის ისტორიიდან / ოთარ კასრაძე. - თბილისი, 1997. - გვ. 400-402.

2. ტატიშვილი, ლამარა. სვიმონ ტაბიძე // "ვეფხისტყაოსნის" გადამწერნი / ლ. ტატიშვილი. - თბ., 2000. - გვ.287-289.


გააზიარე: