The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


დიმიტრი ორბელიანი

დაბადების თარიღი:168?
გარდაცვ. თარიღი:1728
კატეგორია:პოეტი, ჰუმანიტარი

ბიოგრაფია

დიმიტრი (დემეტრე) ორბელიანი დიდი ფეოდალის, ქართლის მდივანბეგის ვაჟი და უმცროსი ძმაა სულხან–საბა ორბელიანისა. დაიბადა XVII სუკუნის 80-იანი წლების დამდეგს სოფელ ტანძიაში. მამამისის სწავლა–განათლების სიყვარულმა, მწერლობის მეცენატობამ და ბიბლიოფილობამ მასზეც მოახდინა გავლენა და უფროსი ძმების მსგავასად მანაც იმ დროის შესაფერისი საფუძვლიანი განათლება მიიღო.

დიმიტრის ახლო ნათესაური კავშირი ჰქონდა ქართლის სამეფო კართან ვახტანგ VI მამა, ლევანი და გიორგი XI მისი მამიდაშვილები იყვნენ. ვახტანგ VI შემდეგ სხვ მხრივაც დაუახლოვდა: ცოლად შეირთო მისი ცოლისდა, ჩერქეზთა ბატონის ასული მარიამი. ეს გარემოება ხელსაყრულ პირობებს უქმნიდა მას ქართლის სამეფო კარზე, სადაც ის დედოფლის სახლთუხუცესის მოვალეობას ასრულებდა.

1724 წელს თავისი ოჯახითურთ დიმიტრი ორბელიანიც გაჰყვა ვახტანგ VI რუსეთში. 1726 წელს მოსკოვში ჩასული ორბელიანი პრესნაზე დამკვიდრდა. მოსკოვში ცხოვრებისას იგი დიდად ზრუნავდა რუსეთში გახიზნულ თანამემამულეებზე და ყოველმხრივ ცდილობდა მათი მატერიალური მდგომარეობის გააუმჯობესებას. დიმიტრი ორბელიანმა თავის ძმისშვილთან - ვახტანგ მეფის სახლთუხუცესთან ელიზბარ ვახუშტის ძე ორბელიანთან ერთად შეადგინა და რუსეთის ხელისუფლებას მიაწოდა ქართველ ლტოლვილთა ნუსხა. სულ მალე მან საეკლესიო მმართველობას აცნობა ქართველ სამღვდელოთა (მიტროპილიტ ქრისტეფორეს, პავლე თბილელის, ნიკოლოზ მროველის) ჩასვლა მოსკოვში და მათთვის ღვთისმსახურების ნებართვა ითხოვა.

ვახტანგ VI გარდაცვალების შემდეგ დიმიტრი ორბელიანი მოსკოვში დიდხანს არ დარჩენილა. მან ითხოვა მიღება ქართველ ჰუსართა პოლკში, რომელიც იმხანად იქმნებოდა. დიმიტრი ორბელიანის თხოვნა დაკმაყოფილებული იქნა და ის პრაპორშჩიკის ჩინით ჩარიცხეს ქართველ ჰუსართა ასეულში, საცხოვრებელი ადგილი მიუჩინეს უკრაინაში, ლუბენსკის პოლკში (რომნში) და 30 კომლი უბოძეს.

გავლენიანმა თავადმა და ქართველის მეფის ქვისლმა მინიჭებული პატივი მცირედად მიიჩნია. მან ასეული დატოვა და ყიზლარს განწესება ითხოვა, მაგრამ უარი მიიღო და იძულებული გახდა უკრაინაში გაბრუნებულიყო, მაგრამ იქ ცხოვრება აღარ დასცალდა. 1739 წლის 6 თებერვალს გარდაიცვალა.

დიმიტრი ორბელიანი, თავისი ოჯახის ტრადიციისამებრ, მწერალი და მწიგნობარი იყო,  ჩვენამდე მოღწეულია მისი მცირე, მაგრამ საყურადღებო ლიტერატურული მემკვიდრეობა: ორი ანბანთქება, ლექსები სულხან–საბა ორბელიანზე, „ცოლთან მიწერილი ალერსი გაყრისათვის“ და სხვა. დიმიტრი ორბელიანი მუშაობდა საეკლესიო მწერლობაშიც. მისი სახელით მოღწეულია 16-მარცვლოვანი ლექსით დაწერილი სასულიერო შინაარსის თხზულება, რომელშიც სახარების ეპიზოდებია გალექსილი. დიმიტრი ორბელიანმა ცალკე კრებულად შეადგინა და გადაწერა ვახტანგ VI პოეტურ თხულებათა ბოლო რედაქცია (s171). 1728 წელს თავისთვის თავის ძმას, ზოსიმეს დაუკვეთა და დაამზადებინა სულხან–საბა ორბელიანის ლექსიკონი.

წყარო:

1. მენაბდე, ლევან. ორბელიანები : დიმიტრი ორბელიანი // XVII-XVIII საუკუნეების ქართული ლიტერატურა/ ლევან მენაბდე. - თბილისი, 1997. - გვ. 115-126.

2. დარჩია, ბორის. სტატიები "ქართული ლიტერატურის ისტორიის" მრავალტომეულისათვის : XVII, XVIII საუკუნეთა და XIX საუკუნის დასაწყისის ქართული ემიგრანტული მწერლობის საკითხები : დიმიტრი (დემეტრე) ორბელიანი / ბორის დარჩია // ფილოლოგიური ძიებანი : ტ. 1 / ბ. დარჩია. - თბილისი, 2013. - გვ. 124-129.


გააზიარე: