The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


გოჩა აბულაძე

გოჩა აბულაძე
დაბადების თარიღი:1985  (39 წლის)
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

გოჩა აბულაძე 1985 წელს ქ. ქუთაისში დაიბადა. ბავშვობა ქუთაისსა და სოფელ სიმონეთში გაატარა. მამა ინჟინერი ჰყავს და სიმღერისგან შორს დგას. სამაგიეროდ დედა მღერის კარგად. მისი ოცნება იყო, მომღერალი გამხდარიყო, მაგრამ ჩანაფიქრი ვერ აიხდინა. სწორედ მან ასწავლა შვილებს ხალხური სიმღერები, რასაც დღეს ხშირად სიამაყით აღნიშნავს.

გოჩა ბავშვობაში რაგბის თამაშობდა ქუთაისის ''აიაში''. სკოლას რომ ამთავრებდა, მუხლზე მენისკი დაუზიანდა და ტრავმამ ხელი შეუშალა სპორტს გაჰყოლოდა. თუმცა რაგბი დღემდე ძალიან უყვარს. პროფესიის არჩევაზე დიოდხანს არ უფიქრია. ერთხანს  დედისა და დეიდების მსგავსად ფილოლოგობას აპირებდა, მაგრამ მალე გააცნობიერა, რომ უსიმღეროდ გაძლება არ შეეძლო. თავდაპირველად ფოლკლორულ ანსამბლში მღეროდა, მერე – ნიკოლოზ ედგარიძის სტუდიაში, 2000 წელს სწავლა ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის მუსიკალური კოლეჯის ვოკალურ ფაკულტეტზე განაგრძო.

გოჩა აბულაძე დღემდე საოცარი სითბოთი იხსენებს ლუბა ლომაკინას, რომელსაც ბედმა ბალანჩივაძის სახელობის სასწავლებელში შეახვედრა. სწორედ ქალბატონმა ლუბამ გააცნო ნოდარ ანდღულაძეს – ცნობილ მომღერალს და დიდ პედაგოგს. საგანგებოდ წამოიყვანა თბილისში მასთან შესახვედრად. ამ შეხვედრამ განსაზღვრა მისი მომავალი.

2004 წელს გოჩა ძმასთან, უჩასთან ერთად თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში ჩაირიცხა. ჩაბარებისას ოთხი უფასო ადგილიდან ორი ძმებმა აბულაძეებმა დაიკავეს. უჩა ტენორია, გოჩა – ბარიტონი. ორივე ნოდარ ანდღულაძის კლასში სწავლობდა, კონსერვატორიის ექვსი წელი წარმატებით დაძლიეს, სახელობითი სტიპენდიანტები იყვნენ და სწავლის პერიოდში საოპერო სტუდიის 25 სპექტაკლში მიიღეს მონაწილეობა.

თბილისის კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ შემდგომი დახელოვნებისთვის ძმები იტალიაში გაემგზავრნენ და ოზიმოს ლირიკული ხელოვნების საერთაშორისო აკადემიაში ჩააბარეს. ერთ ინტერვიუში მომღერალი ასეთ ამბავს ჰყვება: „ოზიმოს აკადემიაში რომ ჩავაბარეთ, დირექტორმა ჩვენი პედაგოგის ტელეფონის ნომერი გამოგვართვა, დაურეკა და უთხრა, აბულაძეებმა ზეიმად გადაგვიქციეს გამოცდა და მინდა, ამისთვის დიდი მადლობა გადაგიხადოთო. არასოდეს დამავიწყდება, როგორი გახარებული იყო მაესტრო, როცა დაგვირეკა, სიხარულით ტიროდა. ასეთი წუთები ენერგიას მმატებს”.

გოჩას ნოდარ ანდღულაძეზე საუბარი უსასრულოდ შეუძლია – სიყვარულით, მოწიწებით, მადლიერებით. თბილისში ჩამოსული, ისე არ დაბრუნდება უკან, მისი საფლავი არ მოინახულოს. არანაკლები სიყვარულით იხსენებს ვაჟა ჩაჩავას – ცნობილ პიანისტსა და პედაგოგს, წლების განმავლობაში მოსკოვის კონსერვატორიის კათედრის გამგეს და მოსკოვის დიდი თეატრის არაერთი ვარსკვლავის კონცერტმეისტერს: „დიდი რუსი ბარიტონის, პაველ ლისიციანის სახელობის წინასწარ საკონკურსო მოსმენაში გავიმარჯვე და ერთი კვირით მოსკოვში მომიხდა ჩასვლა. პირველად იქ მომისმინა ვაჟიკომ და როცა თბილისში ჩამოვიდა, მაშინვე მომიკითხა. ხუთი სოლოკონცერტი გავმართეთ ერთად... მისი ყოველი სიტყვა დღემდე მახსოვს და ისევე ვითვალისწინებ, როგორც მაესტროს რჩევებს“, – იგონებს მომღერალი.

ოზიმოს აკადემიაში სწავლის პერიოდში, 2010–2011 წლებში, გოჩა აბულაძემ გაიარა მასტერკლასები ისეთ ცნობილ მუსიკოსებთან, როგორებიცაა, ვოკალისტები: რაინა კაბაივანსკა, ლელა კუბერლი; პიანისტები: ჰარიეტ ლოუსონი, კარლო მორგანტი, ალესანდრო ბენინი.

2010 წელს მომღერალმა მონაწილეობა მიიღო იტალიის ქალაქ ფერარაში გამართულ საერთაშორისო კონკურს–ფესტივალში, რომელშიც დაახლოებით 250 ადამიანი მონაწილეობდა მთელი მსოფლიოდან. გოჩამ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. ფესტივალის წესის მიხედვით, ბოლო დღეს მაყურებელს უნდა გამოევლინა გამარჯვებული და 500-კაციანი დარბაზიდან 430-მა ადამიანმა ქართველ მომღერალს მისცა ხმა.

ფერარის კონკურსში გამარჯვება მნიშვნელოვანი გამოდგა, ვინაიდან ამ გამარჯვების შემდეგ, 2011 წელს, გოჩა მიიწვიეს ცნობილ კომუნალეს თეატრში ჟერმონის პარტიის შესასრულებლად ჯუზეპე ვერდის შედევრ „ტრავიატაში“.  სპექტაკლის მეორე დღეს იტალიურმა ჟურნალმა ერთი გვერდი დაუთმო რეცენზიას, სათაურით – „დაიბადა ვერდის ახალი ქართველი ბარიტონი, მას გოჩა აბულაძე ჰქვია''.

2012 წლის იანვარი კიდევ ერთი ღირსშესანიშნავი თარიღია მომღერლის ბიოგრაფიაში. მან ვერონის ფილარმონიის თეატრში იმღერა ტონიოს პარტია ვერდის „ჯამბაზებში“, ფრანკო ძეფირელის დადგმაში და დიდი რეჟისორის მოწონება დაიმსახურა. გოჩა აბულაძე ბედნიერია, რომ ერთკვირიანი თანამშრომლობის შემდეგ 94 წლის მაესტრო გამოუტყდა: „საქართველოში არასოდეს ვყოფილვარ, შენთან მუშაობით გამიჩნდა სურვილი, ჩამოვიდე და ვნახო ეს ქვეყანა, რომელსაც შენ წარმოადგენ.“ 

გარდა საოპერო გამოსვლებისა გოჩა აბულაძე ეწევა აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობას, მათ შორის, საქართველოშიც: 2010 წელს, ვაჟა ჩაჩავას აკომპანიმენტით, კონცერტებით მოიარა თელავი, ქუთაისი, თბილისი; მონაწილეობდა ფესტივალებში: „შემოდგომის თბილისი“, თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, ვახტანგ კახიძის დირიჟორობით; კამერული მუსიკის ფესტივალში და სხვ.

მომღერალი სტუდენტობის პერიოდიდან წარმატებით მონაწილეობს კონკურსებში. მათ შორის: ბაქოში –  "ბულბულის" საერთაშორისო კონკურსზე; ავსტრიაში – "ბელვედერის" საერთაშორისო კონკურსზე; მოსკოვში –  პავლე ლისიციანის ბარიტონის საერთაშორისო კონკურსზე; იტალიაში ცხოვრების პერიოდში 12 საერთაშორისო კონკურსში მიიღო მონაწილეობა და ყველგან ფინალში მოხვდა; ლაურეატი გახდა “ტიტო სკიპას” საერთაშორისო კონკურსზე; მაგდა ოლივეროს სახელობის საერთაშორისო კონკურსზე, მილანში, სადაც 102 წლის ქალბატონი მაგდა  ჟიურიში იჯდა და გოჩა აბულაძეს თავად გადასცა ეტორი ბასტიანინის პრიზი, როგორც კონკურსის მონაწილე საუკეთესო ბარიტონს.

გოჩა აბულაძემ იტალიაში სამი წელი გაატარა, შემდეგ კი გერმანიაში მიიწვიეს და მაგდებურგის თეატრის სოლისტი გახდა. აქ იგი წლის განმავლობაში დაახლოებით 40-მდე სპექტაკლში მღეროდა და მოღვაწეობის მეორე წელსვე, 2015 წელს, დაიმსახურა საუკეთესო მომღერლის ტიტული. მაგდებურგში, მუსიკალური საზოგადოების მიერ თავისი რჩეულის გამოვლენის პრინციპი ასეთია –  ხალხი და მთლიანად თეატრის კოლექტივი ირჩევს საუკეთესო ვოკალისტს სეზონის, ანუ ერთი წლის განმავლობაში. გოჩა აბულაძეს მოპოვებული პრიზი – ოქროს მედალი, ფულადი ჯილდო და „საუკეთესო მომღერლის“ წოდება – საზეიმო ვითარებაში გადაეცა ქალაქ მაგდებურგის თეატრის ყოველწლიურ გალაკონცერტზე, რომელიც მეოცედ გაიმართა. მომღერალზე მომზადდა სტატიები გერმანულ პრესაში და ჰამბურგელმა რეჟისორმა სტეფან ხორაკმა გადაიღო პორტრეტული ხასიათის დოკუმენტური ფილმი.

ამჟამად გოჩა აბულაძეს მაგდებურგის თეატრთან  აღარ აქვს კონტრაქტი და სხვადასხვა ქვეყნის საოპერო თეატრებში გამოდის. მის შემოქმედებით ბიოგრაფიაში ჩაიწერა, რომ იგი მუშაობდა დირიჟორ გუსტავ კუნისთან ავსტრიაში; პარიზის ვერსალის თეატრში შეასრულა მაზეტოს პარტია „დონ ჯოვანიში“; 2016 წელს ვერდის მშობლიურ ქალაქ პარმაში, რეჯოს თეატრის სცენაზე განასახიერა როდრიგო ,,დონ კარლოსში'', მაესტრო დანიელ ორენის დირიჟორობით და სხვ.;

„სევილიელი დალაქის" პრემიერის შემდეგ ცნობილმა ჟურნალმა მომღერლის გამოსვლა ასე შეაფასა: „რამდენი ფიგარო უნდა ენახა ადამიანს, რომ ბოლოსდაბოლოს შესაძლებლობა ქონოდა, გოჩა აბულაძესათვის მოესმინა“.

ლონდონში ჩაიკოვსკის „პიკის ქალში“ ტომსკის ურთულესი პარტიის შესრულების შემდეგ ლონდონის ერთ–ერთ წამყვან ჟურნალში მუსიკის კრიტიკოსი წერდა: „მესამე აქტი თავქარიანი ტომსკის ბრწყინვალე შესრულებით დააგვირგვინა ქართველმა გოჩა აბულაძემ, ვისურვებდი, რომ მომავალშიც მქონდეს ამ ენერგიული ქართველი მსახიობის არაერთხელ მოსმენის საშუალება“.

სიმღერისგან თავისუფალ დროს გოჩა აბულაძე ფოტოხელოვნებას უთმობს. ამბობს, რომ ეს საქმე დიდ სიამოვნებას ანიჭებს და განტვირთვაში ეხმარება: „უკვე 5 წელია, რაც გატაცებული ვარ ამ ჰობით, ყოველდღე რაღაცას ვსწავლობ… ამოუწურავია ფოტოკამერის შესაძლებლობები… სამყარო სავსეა სილამაზით, სამწუხაროდ, ადამიანები ვერ აღიქვამენ ბუნების მშვენიერებას… ფოტოაპარატით ცხოვრების და ბუნების ბევრი საინტერესო დეტალი აღმოვაჩინე… ახლა ახალი კამერა შევიძინე და სტიმული გამიჩნდა, მეტის დანახვა  შევძლო. ერთი შეხედვით, უმნიშვნელო საგნების დანახვა ახალი ფოკუსით, ცხოვრებას სულ სხვაგვარად წარმოაჩენს“.
წყარო:

1. newpress.ge/staties_id/1885

2. http://www.mastsavlebeli.ge/?action=page&p_id=15&id=238 

3. აბულაძე, გოჩა. რა დაბრკოლებების გადალახვა მოუწია ქართველ ბარიტონს და რა გაიღო მან მსხვერპლად : ინტერვიუ / ესაუბრა ეთო ხურციძე // თბილისელები. - თბილისი, 2014. -  18-24 აგვისტო. - N33(712). - გვ.70

4. აბულაძე, გოჩა. ოცნების ასახდენად გაყიდული ბინა და რისკი, რომელიც წარმატებად იქცა : ინტერვიუ /  ესაუბრა ანა კალანდაძე // რეიტინგი. - თბილისი, 2015. - 16 მარტი. - N11(647). - გვ.32-33.


გააზიარე: