The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე გამოჩენილი ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
ტექსტები მოცემულია ქართულ და ინგლისურ ენებზე.


ეთერ თუთბერიძე

ეთერ თუთბერიძე
დაბადების თარიღი:24 თებერვალი, 1974  (47 წლის)
კატეგორია:სპორტსმენი

ბიოგრაფია

ფიგურულ სრიალში რუსეთის დამსახურებული მწრთვნელი ეთერ თუთბერიძე 1974 წლის 24 თებერვალს მოსკოვში, მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა. ერთი ძმა და სამი და ჰყავს. თვითონ ყველაზე უმცროსია. ფიგურულ სრიალზე დედამ მიიყვანა. თავიდან ერთეულთა სრიალში გამოდიოდა, მაგრამ ტრავმა მიიღო და სანამ იძულებითი შესვენება ჰქონდა, სიმაღლეში ძალიან მოიმატა. ასე რომ, როცა დაბრუნდა, გადაწყვიტა, ბედი ყინულზე ცეკვებში ეცადა. როგორც სპორტსმენს დიდი მიღწევები არ ჰქონია. 1990–იანი წლების დასაწყისში აქტიურ სპორტს თავი დაანება და პროფესიონალებში გადავიდა.

ეთერ თუთბერიძე წარმატებით გამოდიოდა რუსეთის „ყინულზე ბალეტში“, 18 წლის ასაკში კი აშშ–ში გადავიდა ყინულის შოუ – “Ice Capades” –ში სამუშაოდ. ამერიკულ შოუში 5 წლის მანძილზე გამოდიოდა. აქვე დაიწყო მისი სამწვრთნელო კარიერა.

1994–1998 წლებში ამერიკაში მუშაობდა მწთვრნელად, მერე კი რუსეთში დაბრუნდა.

ეთერ თუთბერიძეს უმუშავია ცირკში ყინულზე, გასაბერ ყინულის მოედანზე გამაჯანსაღებელ ჯგუფებთან ერთად, წვრთნიდა ბავშვებს მოსკოვის №8 საბავშვო სპორტრულ სკოლაში. 2008 წლიდან კი დაფუძნდა მოსკოვის სპოტული ცენტრის განყოფილებაში – „ხრუსტალნი“.

2014 წლის ოქტომბერში, როდესაც თუთბერიძის აღსაზრდელებმა თავბრუდამხვევ შედეგებს მიაღწიეს, მას გადაეცა ორდენი „მამულის წინაშე დამსახურებისთვის“. სწორედ მან მოამზადა 2014 წლის ზამთრის XXII ოლიმპიური თამაშების ერთეულთა ფიგურულ სრიალში გამარჯვებული იულია ლიპნიცკაია, რომელმაც, ასევე, მოიპოვა ოქროს მედალი ევროპის ჩემპიონატზე უნგრეთში. თუთბერიძის მეორე აღსაზრდელს — სერგეი ვორონოვს ვერცხლის მედალი ერგო ამავე შეჯიბრებაზე.

ცნობილ მოციგურავესა და ქორეოგრაფ ილია ავერბუხს მიაჩნია, რომ თუთბერიძის სკოლის სიძლიერე ფასდაუდებელია. „სავარჯიშო პროცესი ისეა აწყობილი, რომ ბავშვები, რომლებიც ჯგუფში ხვდებიან, წარმატებაზე არიან დამუხტულნი, კონკურენციას ხედავენ. ის მათ საჩემპიონო სიმაღლეებისკენ უბიძგებს“, — ამბობს ავერბუხი.

ოქრო და ვერცხლი — ასეთ შედეგებს მიაღწიეს ეთერ თუთბერიძის აღსაზრდელებმა ზამთრის XXIII ოლიმიურ თამაშებზე სამხრეთ კორეაში. ოქროს მედალი რუსეთს ალინა ზაგიტოვამ მოუტანა, ხოლო მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (2016 და 2017 წწ.) ევგენია მედვედევა ვეცხლის პრიზიორი გახდა.
განთქმული სპეციალისტის აღსაზრდელთა შორის ქართველი მოციგურავე მორის ყვითელაშვილიცაა, რომელმაც ოლიმპიადაზე საქართველო წარადგინა და თავისუფალ პროგრამაში კვალიფიკაციის მოპოვება შეძლო.

თუთბერიძის მადლობლები არიან საქართველოს ფიგურული სრიალის ფედერაციაშიც.

„თუთბერიძესთან ერთად არაჩვეულებრივი გუნდი მუშაობს. უნდა გაგაჩნდეს არაორდინარული თვისებები, რომ ისეთი კოლექტივი შექმნა, რომელიც შენს სპორტსმენებთან უმაღლეს დონეზე იმუშავებს. ვფიქრობ, რომ ეთერს არაჩვეულებრივი თვისებები გააჩნია — ის ძალიან კარგად ერკვევა ადამიანებშიც და სპორტსმენებშიც. ამასთან ის ფენომენალურად შრომისმოყვარეა — მას დღე-ღამეში 24 საათის განმავლობაში მუშაობა შეუძლია. ახლა მას ვერავის ვერ შეადარებ. მე მიმაჩნია, რომ ახლა ეთერი თუთბერიძე — მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელია ინდივიდუალურ სრიალში“, — აღნიშნავს საქართველოს ფიგურული სრიალის ფედერაციის პრეზიდენტი მაკა გიორგობიანი.

ეთერ თუთბერიძე ამერიკაში ცხოვრების პერიოდში დაქორწინებული იყო და ჰყავს ქალიშვილი დიანა დევისი (დაბ. 16 იანვარი, 2003).

წყარო:

1. https://sputnik-georgia.com/.../ruseTis-qartulma-siamayem-eTeri-TuTberiZem-olimpo...

 

2. https://ru.wikipedia.org/.../Тутберидзе,_Этери_Георгие... 


გააზიარე: