The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


მიხეილ კვალიაშვილი

მიხეილ კვალიაშვილი
დაბადების თარიღი:1902
გარდაცვ. თარიღი:1981  (79 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:პოზნანი, პოლონეთი
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

მიხეილ კვალიაშვილი დაიბადა 1902 წელს, ქალაქ გორში. მამა ივანე დიმიტრის ძე კვალიაშვილი ცნობილი პროვიზორი იყო. დაწყებითი განათლება პატარა მიხეილმა გორში მიიღო, შემდეგ სწავლობდა თბილისში, იუნკერთა ორწლიან სასწავლებელში, რომელიც 1919 წელს დაარსდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობისა და საქართველოს დამფუძნებელი კრების (პარლამენტის) დადგენილებით. ეს იყო პირველი ქართული ეროვნული სამხედრო სასწავლებელი, რომლის სასწავლო პროგრამა იმჟამინდელი ევროპის მოწინავე ქვეყნების გამოცდილებას ზედმიწევნით ითვალისწინებდა.
1921 წლის თებერვალში, როდესაც ბოლშევიკური რუსეთი თავს დაესხა დამოუკიდებელ საქართველოს, კოჯორ–ტაბახმელასთან მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში ქართველი იუნკრებიც მონაწილეობდნენ. მათ შორის იყო 19 წლის მიხეილ კვალიაშვილიც.

1921 წელს საქართველოს მთავრობის ემიგრაციაში გახიზვნის შემდეგ ქვეყანა იუნკრებმაც დატოვეს. პირველ ხანებში კონსტანტინეპოლში გაჩერდნენ, 1922 წელს, კი სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო სასწავლებლებში გადანაწილდნენ. მიხეილ კვალიაშვილი პოლონეთში გაემგზავრა, სადაც სამხედრო სკოლა დაამთავრა და სამსახური დაიწყო პოლონეთის არმიაში, მე-15 ულანთა პოლკის როტმისტრად.

1939 წლის 1 სექტემბერს გერმანია თავს დაესხა პოლონეთს. კაპიტანი მიხეილ კვალიაშვილი ომის პირველივე დღეებიდან ჩაება ბრძოლებში. ერთ–ერთი ბრძოლის დროს იგი ტყვედ ჩავარდა, მაგრამ მალე მოახერხა გერმანელების ტყვეობიდან გაქცევა და პოლონელ პარტიზანებს შეუერთდა. თავისი ცხოვრების შემდგომ პერიოდს იგი ასე იგონებდა: „ვიყავი „არმია კრაიოვას“ რიგებში 1945 წლამდე, როდესაც პოზნანში პოლონეთის ჯარი შემოვიდა, გამოვცხადდი და ისევ მის რიგებში ჩავდექი. 1945 წლის 5 აპრილს, საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატმა (ნკვდ) ბევრი ოფიცერი დაატუსაღა და მათ შორის გრიშა იაშვილი და მეც, მოგვისაჯეს რუსეთის ჩრდილოეთში (როგორც მერე შევიტყვე ვორკუტის საკონცენტრაციო ბანაკი) 10 წლით გადასახლება. იქ მეორედ გამასამართლეს და კიდევ ერთი წელი დამიმატეს. ნიჩბებითა და წერაქვით გვამუშავებდნენ ქვანახშირის საბადოებში. სასჯელის მოხდის შემდეგ კიდევ 13 თვე ველოდი პოლონეთში დაბრუნებას“.
დაბრუნების შემდეგ მიხეილ კვალიაშვილს მიანიჭეს პოლონეთის არმიის ვიცე–პოლკოვნიკის წოდება და დანიშნეს პოზნანის სამხედრო– ეროვნული მუზეუმის დირექტორის მოადგილედ. მუზეუმში მუშაობის დროს მან ბევრი საინტერესო მასალა მოიძია ქართველ –პოლონელთა საბრძოლო მეგობრობაზე და შთამომავლობას შემოუნახა მანამდე ჩვენთვის უცნობი მეტად საინტერესო დოკუმენტები.

ამ საქმის პარალელურად მიხეილ კვალიაშვილმა კავშირები დაამყარა ქართველ მეცნიერებთან, კულტურის მოღვაწეებთან და მათთან ერთად ეწეოდა მეტად ნაყოფიერ მუშაობას პოლონეთში ქართული კულტურის წარმოჩენისა და პოპულარიზაციისათვის. ბატონი მიხეილი ქართულისა და პოლონურის გარდა ფლობდა რუსულ, ესპანურ და იტალიურ ენებს.

მიხეილ კვალიაშვილს ცოლად ჰყავდა პოლონელი ქალბატონი სტანისლავა ჩელინსკა, რომელთანაც სამი ქალიშვილი შეეძინა: ნინო, მაიკო და მანანა.

1972 წელს მიხეილ კვალიაშვილი მცირე ხნით სტუმრობდა საქართველოს, სადაც მოინახულა მშობლიური კუთხე და ახლობლები.
„მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მომავალში იუნკერთა კავშირი აღსდგება და თავის პატრიოტულ მუშაობას განაგრძობს. შენ როგორმე თავს მოუარე, ვინ იცის ხვალ რა იქნება, მხედარი მოვალეობის შესრულებისათვის მუდამ მზად უნდა იყოს. გადასახლებული ქართველებისაგან ვიცი, რომ საქართველოში იუნკერთა არსებობა იციან, ახსოვთ ტაბახმელა და ამ პატარა ჯგუფზე დიდ იმედებს ამყარებენ“,–  წერდა ბატონი მიხეილი თავის მეგობარს, ნიკოლოზ მათიკაშვილს. მათი ერთობლივი ნაშრომი „იუნკრები“ 1988 წელს, პარიზში, ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა, ხოლო, 1990 წელს, ცალკე წიგნადაც გამოიცა თბილისში.

მიხეილ კვალიაშვილი გარდაიცვალა 1981 წელს. დაკრძალულია პოზნანში.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა განყოფილებაში დაცულია 1943 წელს ბერლინში გამოცემული მინიატურული „ვეფხისტყაოსანი“. მეორე მსოფლიო ომის დროს საერო ბიბლიად წოდებული „ვეფხისტყაოსნის“ ეს გამოცემა ქართველ მეომრებს ჯიბით დაჰქონდათ. საქართველოში ყოფნისას მიხეილ კვალიაშვილი ბიბლიოთეკასაც ეწვია, უკან გაბრუნებულმა კი საგანგებოდ მოიძია ხსენებული მინიატურული წიგნი, შეამკო შავი ხავერდის ყდით და ეროვნულ ბიბლიოთეკას შემოსწირა.

წყარო:

1. კვალიაშვლი მიხეილ // ქართველები უცხოეთში : წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი. - თბ., 2012. - გვ.118.

2. ერიაშვილი, . ამაგდარი მოღვაწე : ბიბლიოთეკათმცოდნეობა / ი. ერიაშვილი // კავკასიის მაცნე. - თბილისი, 2007. - N16. - გვ.248-250.

3. მიხეილ კვალიაშვილის წერილები სარა მერაბიშვილისადმი: (1964 წ.) // ლიტერატურის მატიანე. – 1992. – გვ. 362–377





 

 


გააზიარე: