The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ეთერ ჭკადუა

ეთერ ჭკადუა
დაბადების თარიღი:1966  (58 წლის)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

ეთერ ჭკადუა ამერიკაში მცხოვრები ქართველი მხატვარია. იგი არის ნიუ–იორკის ხელოვნების აკადემიის ინსტრუქტორი ნახატისა და კომპოზიციის განხრით, ნიუ–იორკის ხელოვნების ფონდისა და პოლაკ–კრაშნერის ფონდის გრანტის მფლობელი. მისი ნახატების გამოფენა წარმატებით ეწყობა ამერიკის, იაპონიის, საფრანგეთისა და იტალიის ცნობილ სამხატვრო გალერეებში.

ეთერ ჭკადუა დაიბადა 1966 წელს, თბილისში. მამა – ამბაკო ჭკადუა; დედა – გულიკო კვარაცხელია. ჰყავს ძმა – გოჩა. პოეტური აზროვნება ეთერს ლინგვისტი მამისგან, მხატვრობის ნიჭი კი დედის მხრიდან გამოჰყვა. ბაბუა ხატვის მასწავლებელი იყო ზუგდიდში. დედა და ძმაც კარგად ხატავდნენ. ეთერი ბავშვობიდან ხატავდა, მაგრამ მხატვრობაზე არც უფიქრია – ოცნებებში, ხან მფრინავობა სურდა, ხან სტიუარდესობა. ცოტა რომ წამოიზარდა, რეჟისორობაზე შეაჩერა არჩევანი. მშობლები ფრიადოსან გოგონაზე დიდ იმედებს ამყარებდნენ. დედა ექიმობას უპირებდა, მამა – ფილოლოგობას, მისი ბედი კი ერთმა შემთხვევამ გადაწყვიტა.

ეთერი თბილისის I საშუალო სკოლაში სწავლობდა. ერთხელ სკოლაში მხატვარი უჩა ჯაფარიძე ეწვიათ, მისი ნახატები ნახა და მასწავლებელს გადაულაპარაკა, ამ ბავშვს ხატვის დიდი ნიჭი აქვს და მხატვრობას უნდა გაჰყვესო. ამის შემდეგ სხვა პროფესიაზე აღარ უფიქრია, 1981 წელს ჩაირიცხა თბილისის სამხატვრო აკადემიაში, ფერწერისა და მოდის დიზაინის ფაკულტეტები დაამთავრა. ჯერ კიდევ სტუდენტი იყო, როცა მისი ნახატების გამოფენა მოეწყო თბილისში.

ამერიკაში საცხოვრებლად გადასვლა ეთერს გამიზნული არ ჰქონდა. ესეც მისმა ბედმა გადაწყვიტა. 1985 წელს კავკასიური ენების შესასწავლად საქართველოში ჩამოვიდა ამერიკელი ქართველოლოგი ქევინ ტუიტი. ქართულსა და სვანურს მას ეთერის მამა, ამბაკო ჭკადუა ასწავლიდა. ახალგაზრდებს ერთმანეთი შეუყვარდათ, იქორწინეს და 1988 წელს ამერიკაში გაემგზავრნენ.

ქევინს, სამსახურიდან გამომდინარე, იაპონიასა და კანადაში უწევდა ცხოვრება, უმაღლეს სასწავლებლებში ანთროპოლოგიურ ლინგვისტიკასა და ქართულ ენას ასწავლიდა. ეთერი ოჯახში ტრიალებდა და თან ხატავდა. რამდენიმე წლის შემდეგ წყვილი ისევ შეერთებულ შტატებში დაბრუნდა. პირველივე წარმატებულმა გამოფენამ ჩიკაგოში ქართველ მხატვარს მეტის კეთების სურვილი გაუჩინა. სულ მალე იგი პროფესორად მიიწვიეს კალიფორნიის სანტა–ბარბარას უნივერსიტეტში, სადაც ხატვას, ფერწერასა და კომპოზიციას ასწავლიდა.

1992 წელს ეთერ ჭკადუა საცხოვრებლად ნიუ–იორკში გადავიდა. "ნიუ-იორკში ორი თვით ჩამოვედი, მაგრამ აქაურმა ცხოვრებამ ისე ჩამითრია, უკან, ახალშექმნილ ოჯახში, ვეღარ დავბრუნდი... ნიუ-იორკში ყველაზე უფრო ბუნებრივად ვგრძნობდი თავს. თუმცა, მარტო რომ აღმოვჩნდი, პრობლემებიც მეტი გამიჩნდა, მაგრამ ვგრძნობდი, რომ თავისუფლება აუცილებელი პირობა გახდა ჩემი შემოქმედებისთვის.. სირთულე ყოველთვის იყო და არის ცხოვრებაში, მაგრამ ამის არასოდეს მეშინოდა, და ეს იყო ის, რაც მაძლევდა თვითდამკვიდრების და გადარჩენის იმპულსს. ნიჭმა და ამ ნიჭით საფასურად მოცემულმა პასუხისმგებლობამ, გამომეყენებინა მაქსიმალურად, ხელი შეუწყო ჩემს თვითგადარჩენას", – ამბობს ხელოვანი.

ეთერისა და მისი მეუღლის ცხოვრების გზები ექვსწლიანი თანაცხოვრების შემდეგ გაიყარა. ქევინი კანადაში მოღვაწეობდა, ახალგაზრდა მხატვარს კი ამერიკაში სურდა მუშაობა: „დღეს კარგი მეგობრები ვართ. ის პირველი იყო, ვინც გამიგო და მითხრა: ეთერ, შენ თავისუფლება გჭირდებაო. ხედავდა, რომ თავისუფლების გარეშე ხელოვნებაში ვერაფერს მივაღწევდი“...  მას შემდეგ ოჯახსა და შვილებზე აღარ უფიქრია. მთელი თავისი ცხოვრება ხელოვნებას მიუძღვნა.

ამერიკამ მხატვარი იმითაც მოხიბლა, რომ შემოქმედებითი გზა მრავალი მიმართულებით გაეხსნა: კალიფორნიისა და ნიუ-იორკის უნივერსიტეტების პროგრამები, გამოფენები შვედეთში, ავსტრიაში, პოლონეთში, იტალიაში... პოლოკ-კრასნერის, ნიუ-იორკის ხელოვნების ფონდების ჯილდოები.

შემოქმედების დასაწყისში ეთერს ახალგაცნობილმა ცნობილმა არტ-დილერმა გიან ენზო სპერონემ შესთავაზა იდეა და ისეთი ნახატები შეუკვეთა, რომ თავის ტილოებში უშუალოდ საკუთარი პერსონაჟით მოეყოლა ამბები, გადმოეცა ემოციები:  „ახლა ჩემს ნახატებს ადვილად ცნობენ... ასეთი ნამუშევრები ავთენტურს, ბუნებრივს, ნამდვილს ემსგავსება. უმეტეს შემთხვევაში ეს პერსონაჟი ფსიქოლოგიურად ჩემი დაკვირვებების და ანალიზის, სხვა ადამიანების ემოციების შთაბეჭდილებების ნაზავია... როგორც მწერალი და რეჟისორი, ვიგონებ პერსონაჟს, ვაძლევ სხეულის ენას, და ვქმნი მის გარშემო სიტუაციას, ხანდახან ეს ქალი ძალიან მგავს, ხანდახან ნაკლებად.. ამ ქალით მე ჩემს თანამედროვეობაზე ვყვები", – აღნიშნავს მხატვარი.

ეთერ ჭკადუას ნახატები ავტობიოგრაფიული ტილოებია, სადაც მეამბოხე ფემინისტი შემოქმედი არ ერიდება დინების საპირისპიროდ ცურვას, ტაბუდადებულ თემებზე საუბარს, საკუთარი აზრების თავისუფლად გამოხატვას. მის შემოქმედებაში ქალი მთავარი სუბიექტია – მაცდური და ვნებიანი, იდუმალი, მებრძოლიც, იარაღით ხელში, გამომწვევი გამოხედვით.

ხელოვანი ამჟამად ნიუ-იორკსა და იამაკაზე ცხოვრობს. ნიუ-იორკში სხვადასხვა უცხოელ არტისტებთან ერთად მონაწილეობს ჯგუფურ გამოფენებში, ეკოლოგიურ და სოციალურ პროექტებში. ზამთრის დღეებს კინგსტონის ლაჟვარდოვან სანაპიროზე ატარებს: პალმების, ლურჯი სივრცეების და კუნძულოვანი თემატიკის გარემოცვაში ახალ იდეებს ეძებს. ნახატის შექმნის პროცესს დიდ დროს ანდომებს. დასაწყისში, სანამ უშუალოდ ხატვას დაიწყებს, ფიქრობს მის შინაარსზე, ფორმაზე, აკეთებს ჩანახატებს; ამას 2 თვე მაინც სჭირდება. შემდეგ უკვე მუშაობას იწყებს და დაახლოებით 5-8 თვეში ქმნის ზუსტად იმას, რაც ჩაიფიქრა. ცდილობს შექმნას ისეთი კომპოზიცია, რომელიც ახალი სიტყვა იქნება მხატვრობაში. ასეთი ტემპის გამო წელიწადში 2-3 დასრულებული ქმნილება აქვს.

უცხოეთში ცხოვრების პერიოდში პატრიოტული ნოსტალგიები ხშირად აქვს. მის ნახატებში თითქმის ყოველთვის არის რომელიმე ქართული სიმბოლო, იქნება ეს სურათზე გამოსახული ნივთი თუ ის ტექნიკა, რომლითაც იგია შესრულებული. ქართული შტრიხებით ეთერი ცდილობს ეგზოტიკა შემატოს ნამუშევრებს, უცხოელი დამთვალიერებლებისთვის უფრო მიმზიდველი და საინტერესო გახადოს ისინი. იგი თავისუფალია ამ სიმბლოების გამოყენებისას, თავისი სურვილისამებრ ცვლის მათ და ნახატის განუყრელ ნაწილად გადააქცევს.

ხელოვანი საქართველოში ხშირად ჩამოდის და ზოგჯერ თვეობით რჩება. ყოველთვის ცდილობს მოინახულოს მამის მშობლიური კუთხე, მესტიის რაიონის სოფელი ვედი, სადაც ნათესავები ჰყავს. საქველმოქმედო აქციებშიც მონაწილეობს და აგრძელებს იმ ტრადიციებს, რასაც თავის დროზე საფუძველი ცნობილმა ქართველმა მხატვრებმა, მათ შორის, ელენე ახვლედიანმა და ლადო გუდიაშვილმა ჩაუყარეს.

ეთერ ჭკადუას სახელი შეტანილია აშშ–ის საელჩოს მიერ გამოშვებულ გამოჩენილ ქართველ მოღვაწეთა 2005 წლის კალენდარში. იგი სხვადასხვა ქვეყნების დიპლომატიური მისიების მიერ ჩეხეთის საკონსულოში წარდგენილ იმ ცხრამეტ წარმატებულ ქალს შორის იყო, რომელმაც თავისი ქვეყანა ნიუ-იორკში, საკუთარი საქმიანობით წარმატებით და ღირსეულად წარმოაჩინა.

ნიუ-იორკელი ესეისტი და კრიტიკოსი ლილი ვეი ეთერს ახალი ამაზონიის მსოფლიო ქალბატონს უწოდებს, მის შემოქმედებას კი ზოგჯერ შემზარავი და საშიში თანამედროვე სამყაროს ახალ ტალღად მოიხსენიებს, სადაც ერთდროულად იჩენს თავს გამოუსწორებელი ოპტიმიზმიც და სასოწარკვეთაც, ბრძოლის ჟინი და თეთრი ბაირაღიც, სიყვარული – ხანდახან დაუოკებელი ვნების სახით და სიკვდილის სარეცელიც. 

წყარო:

1. ჭკადუა, ეთერი. ნახატები = Paintings / ეთერი ჭკადუა ; [რედ. რუსუდან გორგაძე] ; წინასიტყვ. სინტრა ვილსონი]. - [თბ., 2013].

2. მახარაძე, ირაკლი. ეთერ ჭკადუა // ქართველები ამერიკაში / ი. მახარაძე. - თბ., 2011. - გვ.151-154

3. გელოვანი არჩილ. ეთერ ამბაკოს ასული ჭკადუა - ტუიტისა //სვანეთის ისტორიულ–ეთნოლოგიური წარსულიდან / არჩილ გელოვანი. - თბილისი, 2008. - გვ. 336-340

4. როსტიაშვილი, ნათია. "ქართველი ამორძალი" / ნათია როსტიაშვილი // ბომონდი. - თბილისი, 2011. - აპრილი. - N4. - გვ.119-121.

5. idaaf.com/ka/eter-tchkadua-with-her-georgian-symbolism-and-frank-realism/ 

6. www.ambebi.ge/article/31602-ether-tckadua-epatazhuri-da-ekleqturi/


გააზიარე: