The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


მემედ კონცელიძე

დაბადების თარიღი:15 დეკემბერი, 1912
გარდაცვ. თარიღი:1963  (50 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მახინჯაური, აჭარა, საქართველო
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

მემედ ფეზლის ძე კონცელიძე დაიბადა 1912 წლის 15 დეკემბერს მახინჯაურში. მიიღო უმაღლესი სასოფლო–სამეურნეო განათლება და მუშაობდა ჯერ ოჩხამურში, შემდეგ კი ოზურგეთის რაიონის სოფელ ლაითურის ჩაის მეურნეობაში ინჟინერ–მექანიკოსად. მეორე მსოფლიო ომის დაწყების მეორე დღესვე გაიწვიეს ჯარში.

მემედ კონცელიძე 46–ე არმიის ერთ–ერთი პოლკის შტაბის უფროსის მოადგილე იყო. მონაწილეობდა მარუხის უღელტეხილისათვის ბრძოლებში. 1942 წლის 5 სექტემბერს მძიმედ დაჭრილი ტყვედ ჩავარდა. იმყოფებოდა ჯერ იუგოსლავიაში, ხოლო შემდეგ გადაიყვანეს ალბანეთში, სადაც სხვა ტყვეებთან ერთად ამუშავებდნენ ბარმაშის ხიდის აღდგენაზე. 1943 წლის დამლევს იგი ტყვეობიდან გაიქცა და „აკმარიას“ (სახალხო შურისმაძიებელი) ბატალიონს შუერთდა.

მემედ კონცელიძის პირველი საბრძოლო ნათლობა შედგა იმავე წლის სექტემბერში კორჩის რაიონში, სოფელ შტელის მახლობლად. ამ ბრძოლაში პარტიზანებმა შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვეს. ოთხი თვის შემდეგ, როგორც კადრის ოფიცერი და ომში გამოცდილების მქონე, იგი დააწინაურეს მეოთხე ბრიგადის პირველი ბატალიონის შტაბის წევრად და, ამავე დროს, დანიშნეს ნაღმმტყორცნელთა ასეულის მეთაურად.

1943 წლის დამლევს მემედ კონცელიძე  გადაიყვანეს ალბანეთის განმათავისუფლებელი არმიის გენერალური შტაბის უფროსის მოადგილედ და თან შეუთავსეს მე–4 ბრიგადის პოლიტსამმართველოს უფროსობა. მან რუსულთან ერთად კარგად იცოდა თურქული ენაც, ამიტომ როგორც პოლიტსამმართველოს უფროსი, დიდ სააგიტაციო მუშაობას ეწეოდა ალბანელ მოსახლეობაში და პარტიზანებს შორისაც.

ალბანეთის შრომის პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივანი და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ენვერ ხოჯა ქართველი ვაჟკაცის ცნობა–დახასიათებაში წერდა: „... თავისი საქმიანობით დიდად შეუწყო ხელი გერმანელებზე ჩვენს გამარჯვებას. ომის განმავლობაში მებრძოლებს უნერგავდა მხნეობას, მამაცობას, პატრიოტიზმს და მტრისადმი სიძულვილს, სარგებლობდა სარდლობის დიდი ნდობით, ჯარისკაცების სიყვარულით, მშვიდობიანი მოსახლეობის პატივისცემით. მისი მეთაურობით განხორციელდა რამდენიმე დიდი ოპერაცია, რომელმაც დააჩქარა ათობით დასახლებული პუნქტისა და ათასობით ალბანელის განთავისუფლება ფაშისტური უღლისაგან. ამიტომ ამხ. მ. კონცელიძე იმსახურებს მადლიერი ალბანეთის საპატიო მოქალაქის წოდებას და პირველი ხარისხის „დიდების“ პარტიზანულ ორდენს“.

ომის შემდეგ მემედ კონცელიძე გამარჯვებული დაბრუნდა სამშობლოში. მოღვაწეობდა თავისი პროფესიით. ალბანეთში ცხოვრების წლებზე არ საუბრობდა საბჭოთა კავშირსა და ალბანეთს შორის შექმნილი დაძაბული პოლიტიკური ურთიერთობის გამო.

მემდ კონცელიძე 1963 წელს, 51 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალულია მშობლიურ მახინჯაურში.

წყარო:

1. მემედ კონცელიძე // საქართველო-დასავლეთი : ნარკვევები სამხედრო ურთიერთობათა ისტრიიდან / რ. დაუშვილი, შ. უტიაშვილი. - თბ., 2012. – გვ.128-129

2. სურგულაძე, . აჭარიწარგზავნილები ევროპის ხალხთა წინააღმდეგობის მოძრაობაში: [მემედ კონცელიძე] // სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიის ნარკვევები: აჭარა: ტ. 4: 1921-1990. - ბათუმი, 2012. - გვ. 223-225


გააზიარე: