The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ფორე მოსულიშვილი

ფორე მოსულიშვილი
დაბადების თარიღი:20 ივლისი, 1916
გარდაცვ. თარიღი:3 დეკემბერი, 1944  (28 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქ. არონა, იტალია
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

1970 წლის 28 თებერვალს იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ჯუზეპე სარაგატიმ ხელი მოაწერა დეკრეტს ქართველი მეომრის, ფორე ნიკოლოზის ძე მოსულიშვილის ქვეყნის უმაღლესი და ყველაზე საპატიო ჯილდოთი - ოქროს მედლით „მხედრული მამაცობისათვის“ დაჯილდოების შესახებ. ამ მედლის კავალერთა რიცხვი მცირეა და იშვიათად თუ გადაეცემა პირადად მფლობელს, რადგან უმრავლეს შემთხვევაში ისინი ცოცხლები აღარ არიან...

1971 წლის 19 მარტს მოსკოვში იტალიის საელჩოში მოეწყო საზეიმო ცერემონია, რომელიც მიეძღვნა ფორე მოსულიშვილის ნათესავებისთვის ოქროს მედლის გადაცემას. იტალიის ელჩმა ფედერიკო სენსიმ თავის გამოსვლაში აღნიშნა: „ ქართველო მეგობრებო! თქვენ უნდა ამაყობდეთ, რომ ამ გმირს თქვენმა ქვეყანამ აწოვა ძუძუ, მისმა სახელოვანმა საგმირო საქმეებმა კიდევ უფრო განადიდა საქართველოს სახელი. ეს გმირობა უფრო მეტად განამტკიცებს იმ მრავალსაუკუნოვან ტრადიციულ კავშირ–ურთიერთობას, რომელიც საქართველოსა და იტალიას აერთიანებს“.

ფორე (ქრისტეფორე) ნიკოლოზის ძე მოსულიშვილი დაიბადა 1916 წლის 20 ივლისს სიღნაღის რაიონის სოფელ ქვემო მაჩხაანში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა კოლმეურნეობაში, შემდეგ სწავლობდა ლაგოდეხის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმში, რომლის დამთავრებისთანავე, 1939 წელს, გაიწვიეს წითელ არმიაში.

მეორე მსოფლიო ომის წინ ფორე სამხედრო სამსახურს გადიოდა ლატვიის ქალაქ დაუგავპლისში. სწორედ აქედან მიიღო მისი უკანასკნელი წერილი ოჯახმა 1941 წლის მაისში. ომის პირველი დღეებიდანვე ფრონტზე აღმოჩნდა. ერთ–ერთ ბრძოლაში დაიჭრა და ტყვედ აიყვანეს გერმანელებმა.

პირველ ხანებში ფორე პოლონეთში, კრუშინას (პოლონურად Kruszyna) საკონცენტრაციო ბანაკში მოათავსეს. აქ იყო ქართველი სამხედროების გადაბირების საკოორდინაციო ცენტრი, სადაც ოფიცრებსა და უნტეროფიცრებს ამზადებდნენ ვერმახტის ძალებისთვის. 1943 წლის დამლევს პოლონეთიდან საფრანგეთში გადაიყვანეს, მერე კი ქალაქ სტრეზაში (იტალია, ნოვარის პროვინცია).

1944 წლის 7 სექტემბერს ფორე მოსულიშვილი გაიქცა ტყვეთა ბანაკიდან და სხვა  ქართველებთან ერთად შეუერთდა იტალიელ პარტიზანებს, რომლებიც გარიბალდის ბრიგადის სახელით მოქმედებდნენ პიემონტში. ქართველები პარტიზანულ რამზებში გადაანაწილეს. ფორე მოხვდა „რემო სერვადეის“ 118-ე ბრიგადის მეორე ბატალიონის „პეპინოს“ ქვედანაყოფ „არმანდოში“.

პირველი საბრძოლო ოპერაცია „არმანდომ“ 14 სექტემბერს ჩაატარა, როცა დაბა ომენიის ჰოსპიტალიდან გამოიხსნა ჯენეზიას მახლობლად ტყვედ ჩავარდნილი მებრძოლები. ამ შეტაკებისას ფორემ უხმაუროდ მოხსნა დაცვა და საშუალება მისცა რაზმს დაეკავებინა შენობა. მალე მას დიდი შენაერთის მეთაურობა შესთავაზეს, მაგრამ უარი განაცხადა – ადგილმდებარეობას კარგად არ ვიცნობ და არც იტალიური ვიციო...

1944 წლის სექტემბრის ბოლოს დაბა დომოდოსოლოს რაიონში ფორემ დაცვის ცხვირწინ ააფეთქა ხიდი, რომელიც რაიონს ნოვარას პროვინციასთან აკავშირდებდა. მის სიმამაცეზე ლეგენდები დადიოდა. ერთხელ მოენის შოვნა იყო საჭირო, ფორემ გადაიცვა გერმანელი ოფიცრის ფორმა და თამამად შევიდა ქ. სტერზას ლუდხანაში, ერთ–ერთი ოფიცერს ჩუმად იარაღი დაადო და ასე მიიყვანა პარტიზანთა ბანაკში. გერმანელი ისე დაფეთდა, კარგა ხანს ხმას ვერ იღებდა.

1944 წლის 3 დეკემბრის გამთენიისას სოფელ კოლონიას ბოლოს, „მოტტა როსსას“ გორაკზე მდებარე ერთ პატარა ქოხში ღამის გასათევად შეფარებული პარტიზანთა ერთი ჯგუფი ალყაში აღმოჩნდა. იქ მყოფი ჩვიდმეტი პარტიზანიდან შვიდი ქართველი იყო, დანარჩენები კი იტალიელები. გააფთრებულ შეტაკებაში ბევრი გერმანელი დაიღუპა, მაგრამ პარტიზანებიდან ფორე და კიდევ ორი კაცი დაიჭრა, ამასთან ვაზნებიც შემოელიათ. ფაშისტები მეთაურის დანებებას მოითხოვდნენ, დანარჩენებს კი სიცოცხლის შენარჩუნებას პირდებოდნენ. ფორე არ იყო რაზმის მეთაური, მაგრამ გერმანელებთან გავიდა და განაცხადა, რომ ის იყო მეთაური, ტყვეობას კი სიკვდილს არჩევდა. იმ წამსვე იარაღი ამოიღო და თავი მოიკლა.

იტალიის მთავრობამ არ დაივიწყა ფორე მოსულიშვილის თავგანწირვა და 1970 წელს გამოსცა დეკრეტი მისთვის ოქროს მედლის „მხედრული მამაცობისთვის” გადაცემის შესახებ. ამ მედლის კავალერი იტალიის ეროვნულ გმირად მიიჩნევა და გენერალიც კი ვალდებულია პირველი მიესალმოს მედლის მფლობელ ჯარიკაცს.

ფორეს დაჯილდოების მოტივაციაში ნათქვამია: „ქართული ჯგუფის უნტერ–ოფიცერმა გერმანულ არმიას გამოსტაცა სამოცდაათამდე თანამემამულე სრული შეიარაღებითა და აღჭურვილობით. როგორც პარტიზანი შედიოდა იტალიურ მოქმედ შენაერთებთან ლომბარდიაში, სადაც თავი გამოიჩინა სამხედრო ნიჭითა და თავისუფლებისადმი რწმენით. სასტიკი თავდაცვითი აქციისას, თავისი ქვედანაყოფიანად ალყაში მოქცეულმა, გრძელი და სისხლიანი ბრძოლის შემდეგ, როცა საბრძოლო მასალა სრულიად ამოეწურათ და მტერი მოითხოვდა, რომ ყველას სიცოცხლეს შეუნარჩუნებდა, თუკი მეთაური დანებდებოდა, მან სტიქიურად და გმირული ჟესტით შეცვალა თავისი მეთაური. იმავდროულად, უცაბედად, მან პისტოლეტი ამოიღო და საფეთქელში დაიხალა ბოლო ტყვია, შეძახილით: „გაუმარჯოს პარტიზანებს! გაუმარჯოს იტალიის თავისუფლებას!“.

გერმანელ ფაშისტთა წინააღმდეგ ბრძოლებში ქართველების აქტიური მონაწილეობისა და მათ მიერ გაწეული ღვაწლის აღსანიშნავად, ტორინოს პროვინციის სუზის ხეობის კონდოვეს ერთ–ერთ ქუჩას იტალიელებმა „ქართველ პარტიზანთა“ სახელი უწოდეს. ქუჩის თავში აღმართულ სვეტზე გაკეთდა წარწერა: „ქართველ პარტიზანთა ქუჩა. სუზის ხეობაში საბჭოთა საქართველოს მამაცი და დაუმორჩილებელი შვილები იტალიელი ძმების მხარდამხარ იბრძოდნენ პარტიზანულ ფორმირებებში 1944–1945 წლებში იტალიისა და ევროპის თავისუფლებისათვის. მარადიული დიდება ფაშისტ მჩაგვრელთა წინააღმდეგ ბრძოლებში დაცემულ გმირებს!“.  

ფორე მოსულიშვილი დასაფლავებულია ქ. არონაში (ჩრდილოეთ იტალია). 1990 წელს ქართველ მებრძოლს საბჭოთა კავშირის გმირის წოდებაც მიენიჭა. მის ხსოვნას მიეძღვნა დოკუმენტური ფილმი „ალპური ვარსკვლავი“ (1979 წელი, სცენარის ავტორი და რეჟისორი რეზო თაბუკაშვილი); სიღნაღის რაიონის სოფელ ქვემო მაჩხაანში გახსნილია ფორე მოსულიშვილის სახლ–მუზეუმი.

წყარო:

1. სიხარულიძე, . (ედუარდ). სიკვდილითა, სიკვდილისა დამთრგუნველი. - თბ., 1988.

2. ფორე მოსულიშვილი // საქართველო-დასავლეთი : ნარკვევები სამხედრო ურთიერთობათა ისტორიიდან / რ. დაუშვილი, შ. უტიაშვილი. - თბ., 2012. - გვ. 140–141

3. https://ka.wikipedia.org/wiki/ფორე_მოსულიშვილი 

   

გააზიარე: