The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


სიმონ გოგიბერიძე

სიმონ გოგიბერიძე
დაბადების თარიღი:1900
გარდაცვ. თარიღი:8 დეკემბერი, 1970  (70 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:კუკიის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

სიმონ გოგიბერიძე დაიბადა 1900 წელს გურიის მაზრის სოფელ ხიდისთავში, „ტახტის აზნაურის“ ლევან გოგიბერიძისა და სოფიო მგალობლიშვილის ტრადიციულ და საკმაოდ შეძლებულ ოჯახში. ლევან გოგიბერიძე, თავისი დროისთვის, განათლებული და პროგრესული შეხედულებების პიროვნება გახლდათ, სასულიერო სამინარია ჰქონდა დამთავრებული და სოფლის სკოლაში მასწავლებლობდა. ოჯახში სიმონის გარდა ორი ქალიშვილიც იზრდებოდა – ნინო და თამარი. სამწუხაროდ ბავშვები ადრე დაობლდნენ. ლევანი 1906 წელს ოცდაცხრა წლისა გარდაიცვალა და შვილების აღზრდის მთელი სიმძიმე სოფიოს დააწვა.

სიმონმა მშობლიურ ხიდისთავში მიიღო პირველდაწყებითი, ორკლასიანი განათლება, შემდეგ ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელი დაამთავრა და თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩაირიცხა. იგი სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ დისციპლინებს  კარგად სწავლობდა, მაგრამ უმთავრეს ყურადღებას მაინც თვითგანვითარებას უთმობდა. გატაცებული იყო საქართველოსა და მსოფლიო ისტორიით, გეოგრაფიით, სამხედრო ხელოვნებით, მისი სულიერი სამყაროს ჩამოყალიბებაზე კი, როგორც თავად აღნიშნავდა, წარუშლელი კვალი დატოვეს „ახალი თაობის კაცებმა“ – რევოლუციურად განწყობილმა პედაგოგებმა.

თბილისის სემინარიაში ყოფნის პერიოდში სიმონ გოგიბერიძის ნაცნობ–მეგობართა უმრავლესობა სოციალ–დემოკრატიული პარტიის იდეებს იზიარებდა. თვითონ ახალგაზრდა სოციალისტ–ფედერალისტებთან იყო დაახლოებული, მაგრამ მათ პარტიაში არ გაწევრიანებულა, რადგან, როგორც თავად ამბობს, – „არ აკმაყოფილებდა მათი ბუნდოვანი ეროვნული პროგრამა“.

1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ საქართველო თურქული ოკუპაციის საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა. პოლიტიკურ პარტიათა ერთობლივი მოწოდებით იქმნებოდა ქართული სამხედრო ნაწილები. სიმონ გოგიბერიძე სემინარიელთა უმრავლესობასთან ერთად ვაკეში განლაგებულ „თბილისის მსროლელთა ათასეულში“ გაერთიანდა. აქედან მოყოლებული იგი დამოუკიდებელი საქართველოს ბოლო დღეებამდე ირიცხებოდა სამხედრო ნაწილების მებრძოლ შემადგენლობაში. მოგვიანებით „ ნაცვალთა და მეტყვიამფრქვევეთა სასწავლებელი“ დაამთავრა და 1920 წელს ოფიცრის ხარისხიც მიიღო. მონაწილეობდა თურქეთისა და დენიკინელების, ასევე, წითელი, მე–9 არმიის წინააღმდეგ ბრძოლებში.

დემოკრატიული საქართველოს დამხობას სიმონ გოგიბერიძე გაგრის ფრონტზე შეხვდა. დამოუკიდებლობისათვის ბრძოლებში მონაწილეობა ბოლშევიკებმა სამშობლოს ღალატად ჩაუთვალეს და რამდენიმე თვით დაატუსაღეს. 1917 წლიდან სიმონი, უკვე სოციალ–დემოკრატიული პარტიის წევრი იყო.

საქართველოს გასაბჭოებას ხანგრძლივი სამოქალაქო ომი მოჰყვა. იგი ფიტავდა და ანადგურებდა ხალხის ძალებს. ერის დენაციონალიზაციის პოლიტიკის საწინააღმდეგოდ აუცილებელი იყო დამოუკიდებლობის იდეის გამოცოცხლება, რისთვისაც გაჩაღდა კიდეც არალეგალური საქმიანობა მთელს საქართველოში. გურიაში ამ მუშაობის ორგანიზატორთა შორის სიმონ გოგიბერიძეც იყო – ჩოხატაურის სამხედრო ორგანიზაციების შტაბის უფროსი 1922 წლიდან და 1924 წლის გამოსვლების დროს გურულ მოჯანყეთა ერთ–ერთი მეთაური.

1924 წლის აგვისტოს აჯანყების დამარცხების შემდეგ სიმონ გოგიბერიძე, სხვებთან ერთად, საფრანგეთს შეეხიზნა. თავი ფიზიკური შრომით გაჰქონდა და პარტიულ მუშაობასაც აგრძელებდა. პარიზის ქართულ სოციალ–დემოკრატიულ ორგანიზაციაში იგი არცთუ უმნიშვნელო ფიგურას წარმოადგენდა, თუმცა რაიმე პარტიული თანამდებობა არასოდეს სჭერია. 

მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ სიმონს შესაძლებლობა მიეცა განათლების სრულყოფისათვის ეზრუნა და იგი კვლავ დაუბრუნდა თვითგანვითარებას, განსაკუთრებით სოციოლოგიისა და პოლიტიკური მეცნიერებების შესწავლას დაეწაფა.

1938 წელს პარიზში გამოქვეყნდა მისი მოგონებები წიგნი – „ბრძოლა სამშობლოსათვის“, რომელიც 1924 წლის აჯანყებაში გურიის მონაწილეობას შეეხება.

1930–იან წლებში ცენტრალურ და დასავლეთ ევროპაში პოპულარობა ჰპოვა ფაშისტურმა იდეოლოგიამ. ფაშისტური ხელისუფლება არსებობის პირველივე დღეებიდანვე ცხოველ აგიტაციას ეწეოდა რუსეთის იმპერიიდან ემიგრირებულ ხალხებში. იქმნებოდა ძლიერი, სამხედრო წესზე გაწყობილი ჯგუფები საბჭოთა კავშირთან მომავალ ომში მონაწილეობისთვის.

ქართულ ემიგრაციას, ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, თავიდანვე ანტიფაშისტური პოზიცია ეკავა. მიუხედავად ამისა, საქართველოში მაინც ვრცელდებოდა ხმები ყოფილი მთავრობის ჰიტლერელებთან თანამშრომლობის შესახებ. ამიტომაც პარიზის ქართულ წრეებში მომწიფდა აზრი საქართველოსათვის სწორი ინფორმაცია მიეწოდებინათ და ეს უაღრესად საპასუხიმგებლო საქმე სიმონ გოგიბერიძეს მიენდო.

1939 წლს სიმონი აფრიკისა და არაბული ქვეყნების გავლით ჩავიდა თეირანში, საიდანაც დათიკო ერქომაიშვილთან ერთად გადავიდა თურქეთის ტერიტორიაზე და სასაზღვრო ქართულ სოფელ მაჭახელაში დაბინავდა, აქ ისინი მთელი ზამთრის განმავლობაში აკვირდებოდნენ შავშეთის ქედზე საბჭოთა საგუშაგოების განლაგებას, სასაზღვრო პატრულირების წესებსა და გრაფიკს, რამაც სათანადო ნაყოფი გამოიღო. 1940 წლის 20 აპრილს ორივემ უხიფათოდ გადმოლახა საზღვარი და თავი გურია–აჭარის მთებს შეაფარა. მათ თან ჰქონდათ პარიზში გამომავალი სოციალ–დემოკრატიული პარტიის ყოველთვიური ჟურნალი „ბრძოლი ხმა“, სადაც დაბეჭდილი იყო 1940 წლის 4 იანვრით დათარიღებული დეკლარაცია ფრანგულ და ქართულ ენებზე, ამ დეკლარაციაში საქართველოს ყოფილი მთავრობა და პარტიები განმარტავდნენ საქმის ნამდვილ ვითარებას, გმობდნენ ფაშიზმს და ქართველ ერს უდიდესი სიფრთხილისკენ მოუწოდებდნენ.

საქართველოში სიმონ გოგიბერიძემ 31 დღე დაჰყო. ამ პერიოდში მან საიდუმლოდ ინახულა დედა, 10 დღით გაჩერდა მშობლიურ სახლში და მერე მეზობელის დახმარებით მშვიდობით გადავიდა თურქეთში. მაგრამ შემდეგ მის მეგზურს სიმთვრალეში ხიდისთავის ბაზარში წაუტრაბახია მომხდარის შესახებ და ამით თავიც დაიღუპა და გოგიბერიძეთა ოჯხსაც შავი დღე გაუთენა.

1940 წელს სონია გოგიბერიძე დააპატიმრეს ბრალდებით, რომ მან არ დაასმინა შვილი და არ აცნობა შესაბამის სამსახურებს მისი სამშობლოში ყოფნის შესახებ. საქართველოში ცხრაწლიანი პატიმრობის შემდეგ იგი გადაასახლეს ყაზახეთში, სადაც გარდაიცვალა კიდეც 1955 წელს. მასთან იმ დროს იმყოფებოდა მისი ქალიშვილი თამარი, რომელმაც დედის ნეშთი თბილისში ჩამოასვენა და კუკიის სასაფლაოზე დაკრძალა.

1942 წლის ივნისის თვეში სიმონ გოგიბერიძე ხელმეორედ შემოვიდა საქართველოში და აქ 35 დღე დარჩა. უკან გაბრუნებისას ნისლში მოულოდნელად წააწყდა საბჭოთა საგუშაგოს. იგი დააპატიმრეს. 27 თვის განმავლობაში წამების სხვადასხვა მეთოდით ცდილობდნენ პატიმრისაგან გერმანიის აგენტობის აღიარებას, მაგრამ ვერაფერს მიაღწიეს. მართალია მხოლოდ ანტიფაშისტური საქმიანობა დაუმტკიცდა, მაგრამ მისი წარსული საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ოცდახუთწლიანი პატიმრობა მიესაჯათ. სასჯელს ვლადიმირის ციხეში იხდიდა.

სიმონ გოგიბერიძემ პატიმრობის ვადა სრულად მოიხადა და 1967 წელს სამშობლოში დაბრუნდა. ცხოვრობდა თბილისში, ერთოთახიან ბინაში თემქის დასახლებაში. ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას, შეასრულა ქართულ–ფრანგული ლექსიკონის ორტომეულის სრული კორექცია, ასწავლიდა ფრანგულ, გერმანულ და თურქულ ენებს.

იგი თვლიდა, რომ „ქართველ ერს მისი ეროვნული, ხორციელი და სულიერი კეთილშობილი თვისებების ყოველმხრივი განვითარებისთვის ორი საჭურველი აქვს ხელში – სწავლა და შრომა“. თავადაც ამ პრინციპით ცხოვრობდა.

სიმონ გოგიბერიძე მოულოდნელად გარდაიცვალა 1970 წლის 8 დეკემბერს. მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: „მადლობა ღმერთს, რომ საქართველოში ვკვდები“. დაკრძალულია კუკიაზე, დედისა და დების გვერდით.  

წყარო:

1. გოგიბერიძე, სიმონ. ბრძოლა სამშობლოსათვის / [ბოლოთქმაში მოცემულია სიმონ გოგიბერიძის ბიოგრაფია; ავტ.: გურამ კუტალაძე]. - თბ., 1991.

2. რუხაძე რუსუდან. „მადლობა ღმერთს, რომ საქართველოში ვკვდები"... : პოლიტიკური ემიგრანტის სიმონ გოგიბერიძის ცხოვრება და ბედი  // საქართველოს რესპუბლიკა. – 2016. –14 მაისი. –N88 (7980). – გვ. 7


გააზიარე: