The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ქეთევან ქართველიშვილი

ქეთევან ქართველიშვილი
დაბადების თარიღი:198?
კატეგორია:მუსიკოსი

ბიოგრაფია

ქეთი ქართველიშვილი (Keti Kartveli) დაიბადა თბილისში, ფიზიკოსების ოჯახში, მაგრამ ხუთი წლის ასაკში მშობლებისგან განსხვავებით სულ სხვა სფეროში გამოავლინა ნიჭი და მისი ცხოვრება ბავშვობიდანვე მჭიდროდ დაუკავშირდა მუსიკალურ სამყაროს. თავიდან მე–8 მუსიკალურ სკოლაში შეიყვანეს, მერე იყო ნიჭიერთა ათწლედი, სადაც რუსუდან ბეგიშვილთან ხვეწდა ოსტატობას. 

ქეთის საფორტეპიანო დებიუტი 12 წლის ასაკში შედგა, როდესაც თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად გამოვიდა. წარმატებული გამოსვლები ჰქონდა საერთაშორისო კონკურსებზეც – 1999 წელს საბერძნეთში, მარკო პოლოს პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე, III პრემია და ლაურეატის წოდება მოიპოვა. იმავე წელს ლიზა ლეონსკაიას სახელობის გრანტი მიიღო.

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ქეთი ქართველიშვილმა ბაკალავრის, მაგისტრატურის და ასპირანტურის აკადემიური ხარისხით დაამთავრა (პედაგოგი: თენგიზ ამირეჯიბი). 2009 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა და ინდიანას უნივერსიტეტში ლექსო თორაძის საფორტეპიანო სტუდიის  წევრი გახდა. სწავლის პერიოდში მიღებული აქვს „Artist“ და „Performer“ დიპლომები. სისტემატურად  მონაწილეობდა თორაძის სტუდიის კონცერტებში, ასევე სოლო და კამერულ კონცერტებში, რომელსაც მაესტრო თავად მართავდა.  2010 წელს სოლო კონცერტის საუკეთესო შესრულებისთვის დაჯილდოვდა „Performance Certificate“-ით.  

ნიჭიერმა ქართველმა პიანისტმა პირველი ადგილი მოიპოვა ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართულ არაერთ საერთაშორისო კონკურსზე, რომელთა შორისაა: უილიამ ბერდის სახელობის ახალგაზრდა პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი ფლინტში; 2011 წელს მიჩიგანის შტატში ჩატარებული კონკურსი, კანკაკიში, ილინოისის შტატში; 2012 წელს გამართული ახალგაზრდა შემსრულებელთა კონკურსი, ინდიანა პოლისში, ინდიანას შტატში; 2013 წელს გამართული “Indianapolis Matinee Musicale” სტიპენდიების კონკურსი; ფლიერის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი ნიუ-პალცში, ნიუ-იორკის შტატში, 2013 წელს; “American Protege” საერთაშორისო კონკურსზე, 2014 წელს ნიუ-იორკში; 2015 წელს ფინალისტის წოდება მოიპოვა სიეტლის საერთაშორისო კონკურსში, სიეტლში, ვაშინგტონის შტატში. 

2017 წელს ქეთევან ქართველიშვილმა Blue Griffin-ის ჩამწერ კომპანიაში გამოსცა კომპაქტ-დისკი სახელწოდებით “The Chase”. დისკის სახელწოდება „The Chase“- ქართულად დევნას ნიშნავს და კომპოზიტორ ბარტოკის პიესის სახელწოდებაა, რაც ტექნიკურად ურთულესი შესასრულებელია. პიანისტის განმარტებით, ეს შეიძლება ისე აიხსნას, როგორც წარმატებისკენ სწრაფვა…

2014 წელს შედგა ქეთევანის გამოსვლა ნიუ იორკში, საკონცერტო დარბაზ „კარნეგი ჰოლში“. „არ დამავიწყდება დღე, როდესაც  წარვსდექი ყველა მუსიკოსისთვის საოცნებო „კარნეგი ჰოლში“ (Weill Recital Hall) , რომელიც ჩვენთვის, ხელოვანი ადამიანებისთვის ფაქტობრივად, ოლიმპოა, – ამბობს პიანისტი.

ქეთევან ქართველიშვილი პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევა, ჰყავს მოსწავლეები, მაგრამ საკონცერტო მოღვაწეობა მისთვის უპირველესია. მუსიკოსს სოლო კონცერტები ჰქონდა ჰესის სამემორიალო კონცერტების ციკლში, ასევე „Piano Forte Foundation“-ში; მონაწილეობდა ჩიგაკოს ცნობილი რადიოს „WFMT“-ის პირდაპირ ეთერში გამართულ მარათონზე; როგორც მოწვეული არტისტი გამოსულა კონცერტებში: ფლინტის სიმფონიურ ორკესტრთან, კანკაკის სიმფონიურ ორკესტრთან, საუთ-ბენდის სიმფონიურ ორკესტრთან, ჰადსონის სიმფონიურ ორკესტრთან, პლიმუსის სიმფონიურ ორკესტრთან და Symphony of Oak Park and River Forest-თან ერთად.

2018 წლის თებერვალში ქეთი ქართველიშვილი დაქორწინდა ამერიკელ მუსიკოს ჯერემი უილიამსზე, რომელიც ინდიანას უნივერსიტეტში სწავლის დროს გაიცნო. „მის მიმართ პირველივე შეხვედრისთანავე განსაკუთრებული გრძნობა გამიჩნდა.  არაჩვეულებრივი პიროვნებაა და საოცარი იუმორის გრძნობა აქვს. ასევე შესანიშნავი მზარეულია.  ძალიან მეხმარება და ხელს მიწყობს ყველანაირად.  მისი დიდი სურვილია, რომ კიდევ უფრო დიდ წარმატებებს მივაღწიო“, – გვიმხელს პიანისტი და მეუღლესთან ერთად საქართველოში ჩამოსვლაზე ოცნებობს.

წყარო:

1. https://sputnik-georgia.com/people/20180412/240034800/qetevan-qartvelishvili.html

2. www.ketevanpiano.com/biography/ 

3. old.radio1.ge/ge/videos/view/187626.html


გააზიარე: