The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


არჩილ ჭავჭავაძე

არჩილ ჭავჭავაძე
დაბადების თარიღი:13 მარტი, 1841
გარდაცვ. თარიღი:27 ივნისი, 1902  (61 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფ. წინანდალი, საქართველო
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

გენერალ–მაიორი არჩილ ჭავჭავაძე დაიბადა 1841 წლის 13 მარტს, კახეთში, სოფელ წინანდალში. მშობლები: გულბაათ (პანტელეიმონ) ივანეს ძე ჭავჭავაძე ( 1796–1863) და თამარ ედიშერის ასული ჩოლოყაშვილი (1912–1848). გულბაათი საქართველოში ცნობილი თამადა ყოფილა. იგი 16 წლის ასაკში დაობლებულა და როგორც უფროს შვილს თავის თავზე აუღია ოჯახის პატრონობა. შრომობდა თავის მამულებში, აშენებდა ბაღებ-ბოსტნებს, მოჰყავდა ხორბალი,  უვლიდა ვაზს. მიღებული შემოსავლით, მან კარგი განათლება მისცა თავის უმცროს ძმებსა და შვილებს. 

გულბაათ ჭავჭავაძის ოჯახიდან შვიდი გენერალი გამოვიდა. მისი ძმები –  იასონი და სპირიდონი, ვაჟები – ზაქარია და არჩილი, ძმისშვილი – მიხეილი... ისინი მართალია რუსეთის იმპერიის გენერლის მუნდირს ატარებდნენ, მაგრამ დიდია მათი ღვაწლი რუსეთ-ირანის და რუსეთ-თურქეთის ომებში საქართველოსთვის საუკუნეების წინ დაკარგული მიწების დაბრუნებაში.

არჩილ ჭავჭავაძემ  სამხედრო სამსახური პრაპორშჩიკის ჩინით დაიწყო. 1862 წელს მან ტვერის დრაგუნთა პოლკში დაიწყო სამსახური. 21 წლის ახალგაზრდამ თავისი გამჭრიახი გონებითა და სიმამაცით პირველივე დღიდან მიიპყრო მეთაურთა ყურადღება. 1862-1864 წწ. იგი მონაწილეობდა დასავლეთ კავკასიაში კავკასიის ომების (1817-1864) ოპერაციებში, ტვერის 43-ე დრაგუნთა პოლკისა და კავკასიის მე-12 სახაზო ათასეულის შემადგენლობაში; აქედან იწყება მისი საბრძოლო-სამეთაურო აღმასვლა. 1876 წ. მიიღო მაიორის ჩინი; 1877 წ. ახალჩამოყალიბებულ დაღესტნის ცხენოსანთა ბრიგადის მე-3 პოლკის მეთაურად დაინიშნა; მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის ომში (1877-1878): თავი განსაკუთრებით გამოიჩინა ავლარის მთასთან 1877 წ. 3 (15) ოქტომბერს გამართულ ბრძოლაში; ყარსის აღებაში - 1877 წ. 6 (18) ნოემბერს; არზრუმთან ბრძოლებში.

რუსეთის არმიის სარდლობა ცდილობდა თურქეთის ომში კავკასიის ხალხთა შვილებიც ჩაება. ამ მიზნით ხელი მიჰყო ე.წ. მილიციის ნაწილების ჩამოყალიბებას. კერძოდ, ამგვარი ცხენოსანთა პოლკი გაფორმდა დაღესტანში, რომლის მეთაურადაც 1879 წ. არჩილ ჭავჭავაძე დანიშნეს. დაღესტნის ცხენოსანთა პირველი პოლკის ჩამოყალიბებას, წვრთნასა და საბრძოლო მომზადებას იგი თავად ხელმძღვანელობდა. დაღესტნელთა პოლკი, არმიის სხვა ნაწილებთან ერთად, აქტიურად ჩაება თურქების წინააღმდეგ ბრძოლაში, ცხენოსანთა განსაკუთრებული რაზმის შემადგენლობაში თურქების ერთ-ერთი ბანაკი გაანადგურა და მოწინააღმდეგის დიდ შენაერთებს უკან დაახევინა.

მაიორი არჩილ ჭავჭავაძე მონაწილეობდა იმიერკასპირეთში რუსეთის არმიის ახალთექის (1879 წ. აგვისტო) ექსპედიციაში; ყარსის აღებისას გააფთრებულ ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცისათვის მას პოდპოლკოვნიკის წოდება მიენიჭა და წმინდა გიორგის მეოთხე ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. მისი პოლკიც წმინდა გიორგის დროშით დააჯილდოვეს.

1883 წ. არჩილ ჭავჭავაძეს მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება; 1889-1896 წწ. იგი დრაგუნთა სევერსკის ლეგიონის მეთაურია, ხოლო, 1896-1902 წწ. - კავალერიის ბრიგადის მეთაური; 1996 წელს პოლკოვნიკ ჭავჭავაძეს გენერალ –მაიორის წოდება მიანიჭეს. ამ დროს იგი იყო დელეგაციის წევრი, რომელიც კოპენჰაგენში გაიგზავნა დანიის მეფის ქორწინების 50 წლისთავის მისალოცად. 1902 წ. 11 (24) ივნისს არჩილ ჭავჭავაძე დაინიშნა კავკასიის კავალერიის მე–9 დივიზიის ბრიგადის მეთაურად.

არჩილ ჭავჭავაძის მეუღლე იყო მარიამ (მართა) ზაქარიას ასული მელიქიშვილი (1855-1921). მათ ოთხი შვილი შეეძინათ – ვაჟები: ზაქარია(1877–1957) და პანტელეიმონი (1885–1908); ქალიშვილები: თამარი (1879–1950) და სოფიო (1882–1952).

გენერალ–მაიორი არჩილ ჭავჭავაძე გარდაიცვალა 1902 წლის 27 ივნისს, თბილისში. იგი მიწას მიაბარეს წინანდალში, საგვარეულო სასაფლაოზე. 

წყარო:

1. https://ka.wikipedia.org/wiki/არჩილ_ჭავჭავაძე 

2. ka.rodovid.org/wk/პიროვნება:407629




გააზიარე: