The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე გამოჩენილი ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
ტექსტები მოცემულია ქართულ და ინგლისურ ენებზე.


ვასილ კარგარეთელი

დაბადების თარიღი:29 ივლისი, 1880
გარდაცვ. თარიღი:1946  (65 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქ. თეირანის რუსული საფლაო, ირანი
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

ვასილ დიმიტრის-ძე კარგარეთელი დაიბადა 1880 წლის 29 ივლისს. განათლება მიიღო ტფილისის 1-ლ კლასიკურ გიმნაზიასა და მოსკოვის სამხედრო სასწავლებელში (1901). სამხედრო სამსახური დაიწყო იუნკერად 1899 წლის 2 სექტემბერიდან. 1901 წლის 13 აგვისტოდან მსახურობდა ლაიბ–გვარდიაში სანქტ-პეტერბურგის პოლკში, შემდეგ გვარდიული ქვეითების რეზერვში (11.07.1902–17.04.1903), გორის 259-ქვეით პოლკში. 1903.17.04–დან – არმიის პოდპორუჩიკი; 1905. 15.05–დან – პორუჩიკი; 1908. 09.08–დან შტაბს–კაპიტანი.

1913 წელს ვასილ კარგარეთელმა დაამთავრა ნიკოლოზის გენერალური შტაბის სამხედრო აკადემია პირველი თანრიგით, რის შემდეგაც გენშტაბის ბრძანებით მიავლინეს კავკასიის ქვეითთა პოლკის როტის მეთაურად. მონაწილეობდა (1914-1918) წლების პირველ მსოფლიო ომში. 24.12.1914–დან იყო კაპიტანი; 1915-1916 წლებში მსახურობდა კავკასიის კაზაკთა პირველი დივიზიის შტაბის უფროს ადიუტანტად, შემდეგ ჩრდილოეთის ფრონტის არმიების მთავარსარდლის შტაბის გენერალ- კვარტირმაისტერის სამმართველოში; 1916 წლის 27 აგვისტოდან დააწინაურეს პოდპოლკოვნიკად; 1917 წლის 18 ივნისიდან დანიშნეს კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბის უფროს ადიუტანტად.

1918 წლამდე იმყოფებოდა სპარსეთში რუსული ჯარების შემადგენლობაში. 1918 წლიდან ვასილ კარგარეთელი მსახურობდა ქართულ ჯარში, ქართული კორპუსის მე-2 დივიზიის მეთაურად. 1919 წლის 17 თებერვალს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება და დაინიშნა საქართველოს დიპლომატიური მისიის სამხედრო ატაშედ აზერბაიჯანში. 1919 წლის 15 ივლისიდან მსახურობდა აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის ჯარში გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს გენერალ-კვარტირმაისტერად. 1920 წლის 24 მარტს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობის №6 ბრძანებულებით - «განსაკუთრებული დამსახურებისათვის აზერბაიჯანის რესპუბლიკის წინაშე» მიენიჭა «გენერალ-მაიორის» სამხედრო წოდება .

1920 წლის 28 აპრილს საბჭოთა ჯარების მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიის დაკავების შემდეგ ვასილ კარგარეთელი დაინიშნა სპარსეთის საბჭოთა რესპუბლიკის არმიის მთავარსარდლად. 1920 წლის ნოემბერში განთავისუფლებულ იქნა თანამდებობიდან სერგო ორჯონიკიძის პირადი განკარგულებით.

1920 წლის ბოლოდან ვასილ კარგარეთელი ცხოვრობდა სპარსეთში. იგი დაბინავებულა თეირანში და ყოველდღე გადიოდა ბაზარში და, მისივე სიტყვებით, შველოდა სახედრებისა და აქლემების ქარავნებს საპალნის ჩამოხსნა-აკიდებაში. ასე შოულობდა დღეში ორიოდე ყრანს (ყრანი 30 კაპ.) თავისი დიდი ოჯახის გამოსაკვებად. მიუხედავად სიდუხჭირისა უცხოეთშიც აქტიურად ებრძოდა საბჭოთა ხელისუფლებას. იყო ორგანიზაცია «თეთრი გიორგის» დამაარსებელი.

ამასობაში ირანში მდგომარეობა შეიცვალა, 1925 წელს რეზა-ხან ფეხლევიმ ხელში ჩაიგდო სახელმწიფო ძალაუფლება და შეუდგა ჯარის ახლებურად ორგანიზაციას. ამ მიზნით იგი დაუახლოვდა ქართველ გენერალს და შეადგენინა სამხედრო სახელმძღვანელოები. ვასილ კარგარეთელმა რეზა-ხანსა და მის თანამშრომლებს პირადად შეასწავლა სხვადასხვა სამხედრო წესები. „გურჯი ხანი“ – კარგარეთელის მიერ სპარსულ ენაზე გამოიცა მთელი რიგი სამხედრო სახელმძღვანელოები. გენერალი კარგარეთელი გახლდათ  თეირანის საპატიო მოქალაქე.

საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის ვასილ კარგარეთელს მიღებული ჰქონდა მრავალი ჯილდო. მათ შორის: «წმ.ანას» ორდენის მე-III (1913) ხარ., «წმ.სტანისლავის» ორდენის მე-III (1907) ხარ., «თამარ მეფის» ორდენის მე-III ხარ. (1925) და სხვ.;

გენერალი ვასილ კარგარეთელი გარდაიცვალა 1946 წელს. დაკრძალულია რუსულ სასაფლაოზე ქ.თეირანში.

წყარო: 

1. გოგიტიძე, მამუკა. ვასილ დიმიტრის ძე კარგარეთელი // სამხედრო ფიცის ერთგულნი : ბიოგრაფიული ცნობარი) / მამუკა გოგიტიძე, გიორგი ბეჟიტაშვილი. - თბ., 2015. - გვ. 146-147

2. https://ru.wikipedia.org/.../Каргалетели,_Василий_Дми... 

3. http://www.grwar.ru/persons/persons.html?id=3131


გააზიარე: