The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


სპირიდონ მიხეილის ძე ჭავჭავაძე

სპირიდონ მიხეილის ძე ჭავჭავაძე
დაბადების თარიღი:3 მარტი, 1978
გარდაცვ. თარიღი:1954  (-25 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

გენერალი სპირიდონ ჭავჭავაძე დაიბადა 1878 წლის 3 მარტს თელავის რაიონის სოფელ წინანდალში. მამა – თავადი მიხეილ სპირიდონის ძე ჭავჭავაძე (1844–1919) მეფის არმიის პოლკოვნიკი გახლდათ. თავადის ქალი იყო დედაც – სოფიო ათანასეს ასული მაყაშვილი (1850–1927).

სპირიდონმა 1898 წელს დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი, 1900 წელს – ელიზავეტგრადის (კიროვოგრადის) სამხედრო სასწავლებელი. 1904 წლამდე მსახურობდა ტვერის დრაგუნთა პოლკში ოფიცრის წოდებით. ამავე წელს დაქორწინდა აგლაიდა თევდორეს ასული ბიკოვაზე, თბილისის ყოფილი გუბერნატორის ქალიშვილზე.

სპირიდონ ჭავჭავაძე მონაწილეობდა 1904-1905 წლების რუსეთ-იაპონიისა და 1914-1918 წლების პირველ მსოფლიო ომებში. 1905-1909 წლებში მსახურობდა ნიჟეგოროდის 44-ე დრაგუნთა პოლკში. 1909 წლიდან – ვლადიმერის მე-13 ულანთა პოლკში. 1913 წელს მან დაამთავრა პეტერბურგის ოფიცერ–კავალერისტთა უმაღლესი სკოლა. 1915 წლის 26 ნოემბერს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება. 1917 წლის აპრილში დაინიშნა ვლადიმერის მე-13 ულანთა პოლკის მეთაურად.

რუსეთის არმიაში სამსახურის პერიოდში პოლკოვნიკი სპირიდონ ჭავჭავაძე დაჯილდოვდა 10 საბრძოლო ორდენით: წმ. სტანისლავის მე-III (1906) ხარისხის; წმ. ანას მე-III (მახვილებითა და ბაფთით, 1914) და მე-II (მახვილებით, 1914) ხარისხის; გიორგის იარაღით (1916 წლის 16 აგვისტო) და წმ. გიორგის მე-IV ხარისხის (1916 წლის 29 აგვისტო) ორდენით და სხვ.

1918 წელს სპირიდონ ჭავჭავაძე საქართველოში დაბრუნდა და სათავეში ჩაუდგა I ცხენოსანთა პოლკს. ამავე წლის მაისში დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობამ გენერლის წოდება მიანიჭა. 1918-1921 წლებში იგი იყო გენერალური შტაბის განყოფილების სარემონტო სექციის უფროსი. გასაბჭოებიდან ორ დღეში, 1921 წლის 27 თებერვალს მენშევიკური არმიის სხვა 25 ოფიცერთან ერთად გადააგზავნეს ქ. რიაზანში, ყოფილი თეთრგვარდიელებისთვის განკუთვნილ სპეციალურ ბანაკში.

ხუთთვიანი ტყვეობის შემდეგ სპირიდონ ჭავჭავაძე განთავისუფლდა, წინანდალში, მამა–პაპეულ სახლში დაბრუნდა და მამულის იმ ნაწილში, რომელიც კონფისკაციას გადაურჩა, მეურნეობას მიჰყო ხელი. მალევე აქტიურად ჩაერთო ეროვნულ–განმათავისუფლებელ მოძრაობაში კონსპირაციული სახელწოდებით – „არკადი“. როდესაც 1924 წლის აგვისტოს აჯანყების საკითხი მომწიფდა დამკომმა აჯანყების მთავარსარდლად სპირიდონ ჭავჭავაძის კანდიდატურა წამოაყენა. გენერალი შემოთავაზებულ წინადადებას დათანხმდა.

აჯანყების სასტიკი მარცხის შემდეგ სპირიდონმა, ქაქუცა ჩოლოყაშვილსა და სხვა შეფიცულებთან ერთად, 1924 წლის სექტემბრის პირველ რიცხვებში ახალციხესთან გადალახა სახელმწიფო საზღვარი და ჯერ თურქეთში, შემდეგ კი საფრანგეთში გადაიხვეწა.

1924-1947 წლებში სპირიდონ ჭავჭავაძე პარიზში ცხოვრობდა. ემიგრანტებს შორის იგი დიდი ავტორიტეტითა და პოპულარობით სარგებლობდა, როგორც აგვისტოს მოვლენების ერთ–ერთი გმირი და მთავარი ძალა. მას არც საზღვარგარეთ შეუწყვეტია ბრძოლა საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ.

1925 წელს სპირიდონი ქაქუცა ჩოლოყაშვილთან ერთად, პარიზიდან პოლონეთში ჩავიდა და იქაურ მთავრობასთან მოლაპარაკებას აწარმოებდა საბჭოური რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ფინანსური დახმარების მისაღებად. ამავე წელს იგი გერმანიაში დაუკავშირდა გენერალ ფონ–კრესს, მოგვიანებით, მეორე მსოფლიო ომის დროს, ქ. აუშვიცში ამზადებდა მზვერავთა კადრებს და კითხულობდა ლექციებს მენშევიკების ბრძოლის შესახებ რუსეთის დამპყრობლური რეჟიმის წინააღმდეგ. კავშირი ჰქონდა სადაზვერვო ორგანო „ცეპელინთან“. 1942 წელს, როცა გერმანელებმა დაიკავეს ჩრდილოეთ კავკასია, სპირიდონ ჭავჭავაძე მოიაზრებოდა მომავალი „ქართული მთავრობის“ ხელმძღვანელად. ის გარკვეული პერიოდი იმყოფებოდა ქ. სტავროპოლში, ელოდებოდა საქართველოში გერმანელების შემოსვლას და მხოლოდ მათი დამარცხების შემდეგ დაბრუნდა ევროპაში.

1939–1940 წლებში სპირიდონი პარიზში ხელმძღვანელობდა „ქართულ ეროვნულ კომიტეტს“, რომელიც, ფრანგულ გენერალურ შტაბთან ერთად, ამზადებდა საექსპედიციო კორპუსს და მიზნად ისახავდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას.

სპირიდონ ჭავჭავაძე ხელმოკლედ ცხოვრობდა. ემიგრაციაში ცხოვრების პირველ პერიოდში ის ნოე ჟორდანიას მთავრობისგან იღებდა პენსიას, შემდეგ ხელი მიჰყო საკომისიო საქმეებს და თავი ამით გაჰქონდა. მისი მატერიალური მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა 1930–იანი წლებისთვის, როცა პარიზში ჩავიდა მისი ოჯახი – მეუღლე, გერი ქალიშვილი და სიძე ნიკოლოზ გოცირიძე. მძიმე და ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 1942 წელს გარდაეცვალა მეუღლე, 1943 წლის დასაწყისში – გერი.

1947 წელს გენერალი სპირიდონ ჭავჭავაძე საქართველოში დაბრუნდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც პარიზში საბჭოთა საელჩოს თანამშრომელი ილია თავაძე დაუკავშირდა, სამშობლოში დაბრუნება შესთავაზა და დაარწმუნა, რომ წარსულში ანტისაბჭოთა ქმედებებისთვის პასუხისგებაში არ მისცემდნენ. სპირიდონი თბილისში, საბჭოს ქუჩის 36 ნომერში დასახლდა და ცოლიც მოიყვანა – ოლღა ივანეს ასული დეკერი. დაპატიმრებამდე მუშაობდა კულტურის სახლში რუსული ენის მასწავლებლად.

1951 წლის 1 დეკემბერს სპირიდონ ჭავჭავაძე დააპატიმრეს სამშობლოს ღალატისა და შეიარაღებული აჯანყების მოწყობის ბრალდებით. მან აღიარა ყველა ანტისაბჭოთა ქმედება, მაგრამ უარყო ის ფაქტი, რომ საქართველოში დაბრუნდა უცხოური სადაზვერვო ორგანოების დავალებით საბჭოთა კავშირის საზიანოდ მავნებლური საქმიანობის გასაგრძელებლად. 1953 წლის 23 ივნისის დადგენილებით მას მიესაჯა ქონების კონფისკაცია და 25 წლით თავისუფლების აღკვეთა შრომა–გასწორების ბანაკში, სადაც მალევე გარდაიცვალა. როგორც სჩანს ეს უცნობი იყო მისი მეუღლისთვის, რადგან 1954 წელს ის კვლავ იბრძოდა სპირიდონის გასათავისუფლებლად.

წყარო:

1. კერესელიძე ლია. სპირიდონ ჭავჭავაძე // საარქივო მოამბე = The archival bulletin / საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია. თბილისი, 2017. N 17. გვ. 38–69.  

2. გოგიტიძე, მამუკა. სპირიდონ მიხეილის ძე ჭავჭავაძე // სამხედრო ფიცის ერთგულნი: ბიოგრაფიული ცნობარი / მამუკა გოგიტიძე, გიორგი ბეჟიტაშვილი. - თბილისი, 2015. - გვ. 101

3. nobility.pro/.../828-chavchavadze-spiridon-mikhajlovich...


გააზიარე: