The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ირაკლი ოდიშელი

ირაკლი ოდიშელი
დაბადების თარიღი:1912  (112 წლის)
გარდაცვ. თარიღი:195?
კატეგორია:არქიტექტორი, ინჟინერი

ბიოგრაფია

ირაკლი ოდიშელი არის კიდევ ერთი ქართველი ლეგიონერი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ვერმახტის რიგებში იბრძოდა. იგი ფრონტის მეორე მხარეს გაცხარებული ბრძოლების შემდეგ აღმოჩნდა. საქართველოს შსს–ის არქივში ინახება მისი დღიური, რომელსაც ომში გაწვევის პირველი დღიდან აწარმოებდა. ჯარისკაცის დღიურიდან ვიგებთ თუ სად და როგორ იბრძოდა, როგორ შიოდა და სციოდა, როგორ ენატრებოდა სამშობლო და ახლობლები. უბის წიგნაკში ჩაწერილი ამბებიდან ირკვევა მისი ტყვედ ჩავარდნისა და გერმანელებთან თანამშრომლობის ისტორიაც. ამ ჩანაწერებიდან და მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან ვეცნობით ახალგაზრდა ქართველი ვაჟკაცის ბიოგრაფიას.

ირაკლი იასეს ძე ოდიშელი დაიბადა 1912 წელს თბილისში. განათლებით ინჟინერ–არქიტექტორი იყო. 1935 წელს დაამთავრა მოსკოვის არქიტექტურის ინსტიტუტი. 1941 წლის სექტემბერში ჯარში გაიწვიეს. იყო ვოლხოვის ფრონტის მე–2 დამრტყმელი არმიის მესანგრეთა 1746–ე ბატალიონის მეთაურის მოადგილე, კაპიტანი. მძიმე ბრძოლების შემდეგ, 1942 წლის ზაფხულში დაიჭრა და ტყვედ ჩავარდა. ტყვეთა ბანაკში რამდენიმეთვიანი გაუსაძლისი ყოფის შემდეგ დათანხმდა გერმანელების შეთავაზებას მათთან ეთანამშრომლა. მუშაობა დაიწყო ვილნიუსის პოლიციის განსაკუთრებულ ჯგუფში „სდ“. 1943 წლის ზაფხულში გაიცნო გერმანელებთან მომსახურე ქართველი ემიგრანტები, მიხეილ კედია და სხვები. ამავე წლის სექტემბერში კი თანამშრომლობა დაიწყო გერმანულ სადაზვერვო ორგანო „ცეპპელინთან“, მიიღო „სს“–ის ჯარების ლეიტენანტის წოდება.

1943 წლის დეკემბერში ირაკლი ოდიშელი ვილნიუსის „სდ“–ს ოფიციალური თანამშრომელი გახდა, კავშირი დაამყარა ასამდე საიდუმლო ჯაშუშთან და ეწეოდა ანტისაბჭოთა საქმიანობას. 1944 წლის ივლისში იგი გერმანელებთან ერთად გადავიდა აღმოსავლეთ პრუსიაში. 1944 წლის ნოემბრიდან 1945 წლის მაისამდე იმყოფებოდა ქ. ლიბავაში. ამ პერიოდის განმავლობაში კონსპირაციის მიზნით მოქმედებდა გრიგოლ პოპოვის სახელით.

ირაკლი ოდიშელი ლიბავის გარნიზონის „სმერშის“ (სიკვდილი ჯაშუშებს) კონტრდაზვერვის განყოფილებამ დააპატიმრა 1945 წლის 18 მაისს. მას ბრალად ედებოდა სამშობლოს ღალატი. 1946 წლის 4 მარტს სსრკ–ის განსაკუთრებულმა სათათბირომ შეუფარდა შესაბამისი მუხლი და მიუსაჯა 10 წლით გადასახლება შრომა–გასწორების ბანაკში. მისი დედის თხოვნა, შეემსუბუქებინათ შვილისთვის სასჯელი, არ დააკმაყოფილეს. დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ი. ოდიშელის საქმეს 1954 წელსაც გადახედეს, მაგრამ განაჩენი უცვლელად დატოვეს.  

წყარო:

1. კერესელიძე ლიაპლენშინამყოფი ჯარისკაცის დღიური // საარქივო მოამბე = The archival bulletin / საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია. – თბილისი,– 2017.– N 17. –გვ. 87–98.


გააზიარე: