The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე გამოჩენილი ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
ტექსტები მოცემულია ქართულ და ინგლისურ ენებზე.


გივი მარგველაშვილი

გივი მარგველაშვილი
დაბადების თარიღი:14 დეკემბერი, 1927  (92 წლის)
კატეგორია:მწერალი, ფილოსოფოსი

ბიოგრაფია

გივი მარგველაშვილი დაიბადა 1927 წლის 14 დეკემბერს, ბერლინში, ქართველი ემიგრანტების - ტიტე მარგველაშვილისა და მარიამ ხეჩინაშვილის ოჯახში. ჰყავდა უფროსი და – ელისაბედი. გივი სულ ხუთიოდე წლის იყო, როცა დედა გარდაეცვალა. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ბავშვების აღზრდის მთელი სიმძიმე მამას დააწვა და მანაც ყველაფერი გააკეთა, რომ მათთვის კარგი განათლება მიეცა.

გივი მარგველაშვილმა 1939 წელს დაამთავრა ბერლინ-ვილმერსდორფის საჯარო სკოლა; 1939-1942 წლებში სწავლობდა ბერლინ-ვილმერსდორფის ფიჰტეს სახელობის ჰუმანიტარულ გიმნაზიაში; 1942-1945 წელბში ბერლინ-შარლოტენბურგის მოლტკეს სახელობის გიმნაზიაში. მეორე მსოფლიო ომის დროს, მოკავშირეების მიერ ბერლინზე დაწყებული საჰაერო თავდასხმების გამო, 1943 წლის გაზაფხულიდან 1944 წლის შემოდგომამდე სკოლა გადასული იყო იაროშინში (დღევანდელი პოლონეთი).

ომის დასრულებისას გივი მარგველაშვილი მამასთან ერთად იმყოფებოდა ბერლინში, ბრიტანეთის სექტორში, სადაც აგრძელებდა სწავლას ბისმარკის ჰუმანიტარულ გიმნაზიაში.

1946 წლის 6 თებერვალს ტიტე და გივი მარგველაშვილები საბჭოთა სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა მოტყუებით გაიყვანეს ბერლინის დასავლეთის სექტორიდან და აღმოსავლეთ ბერლინში გადაიყვანეს. მამა 8 თვის ტყვეობის შემდეგ დახვრიტეს, მისმა ვაჟმა კი წელიწადნახევარი საკონცენტრაციო ბანაკში გაატარა, რის შემდეგაც ის საქართველოში გადაასახლეს. გივი მარგველაშვილი მისი ცხოვრების ამ მძიმე პერიოდს ასე იგონებს: „დასავლეთიდან აღმოსავლეთში წავედით და კომენდატურის შენობასთან გავჩერდით. მამა დასაკითხად შეიყვანეს, მე მანქანაში დავრჩი. შემდეგ მეც შემიყვანეს და მამასთან ერთად მომათავსეს საკანში. ეს იყო ბოლო ღამე, რომელიც მამაჩემთან ერთად გავატარე. მეორე დღეს სხვა საკანში მომათავსეს, ცოტა ხანში კი საკონცენტრაციო ბანაკში გადამიყვანეს, ჯერ ჰოჰენშონჰაუზენში, შემდეგ კი საქსენჰაუზენში, ფაშისტების მიერ მოწყობილ კონცლაგერში, რომელსაც შემდეგ კომუნისტები იყენებდნენ. იქ წელიწადნახევარი დავყავი, 47 წლის გაზაფხულამდე… შემდეგ გამანთავისუფლეს. უბრალოდ არ იცოდნენ რა მოეხერხებინათ ჩემთვის. არც ქართული ვიცოდი, არც რუსული. არაფერი ვიცოდი. რა უნდა ექნათ? ამიტომ თბილისში გამიშვეს, რა თქმა უნდა, სხვა სახელით და გვარით, მაღრაძე ვიყავი საბუთებით. ასე მოვხვდი თბილისში“.

1947–1952 წლებში გივი მარგველაშვილი სწავლობდა გერმანისტიკას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. აქვე გაიარა ასპირანტურა გერმანისტიკაში. 1957-1970   წლებში იყო გერმანული და ინგლისური ენების მასწავლებელი თბილისის უცხო ენათა  ინსტიტუტში. 1971 წლიდან იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან  არსებული  ფილოსოფიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი.

მთელი ამ ხნის განმავლობაში გივი მარგველაშვილი წერდა რომანებს, მოთხრობებსა და პიესებს გერმანულ ენაზე, თუმცა არც ერთი მისი ნაწარმოები არ დაბეჭდილა.

1980-იანი წლების ბოლოს, საბჭოთა კავშირში დაწყებული „პერესტროიკის“  შედეგად, გივი მარგველაშვილს მიეცა საშუალება — პირველად 40-ზე მეტი წლის შემდეგ — კვლავ ჩასულიყო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. 1989 წლიდან იგი რეგულარულად სტუმრობდა გერმანიას და მონაწილეობდა კულტურულ ღონისძიებებში.

1991-1994 წლებში გერმანიაში გამოქვეყნდა გივი მარგველაშვილის ექვსი წიგნი: 1991—1992 წლებში  – მრავალტომიანი რომანის, „კაპიტანი ვაკუშის“, 2 ტომი (1-ლი ტომი თარგმნილია ქართულად კარლო ჯორჯანელის მიერ), აგრეთვე რომანები: „მუცალი“ (ქართულად თარგმნა მაია ბადრიძემ), „დიდი კორექტურა“; პროზაული კრებულები „გადაუგდებელი ხელთათმანი“ და „სიცოცხლე ონტოტექსტში“.

1993-2011 წლებში გივი მარგველაშვილი ცხოვრობდა და მუშაობდა ბერლინში. 1994 წლის დეკემბერში მიენიჭა გერმანიის მოქალაქეობა და გერმანიის პრეზიდენტის საპატიო სტიპენდია. 1996 წლიდან კითხულობდა ლექციებს პოეტიკაზე ქალაქ ბამბერგში.

მწერალი ერთბაშად აღიარეს თანამედროვეობის ერთ-ერთ თვალსაჩინო შემოქმედად – მასზე გადაიღეს დოკუმენტური ფილმი გერმანიის ტელევიზიაში და მიიწვიეს გერსვაილერის „ქალაქის მწერლად“, ხოლო მოგვიანებით - ლექციების საკითხავად გერმანიისა და აშშ-ის უნივერსიტეტებში. 2011 წელს დაბრუნდა საქართველოში.

გივი მარგველაშვილი ცნობილია, აგრეთვე, როგორც ფილოსოფოსი, გერმანული ეგზისტენციალიზმის აღიარებული სპეციალისტი. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი წვლილი ქართული ფილოსოფიური აზროვნების განვითარებაში –  ნაშრომები ფენომენოლოგიაში, რომლებიც მოიცავდა ჰუსერლის, ჰარტმანის, შელერის და ჰაიდეგერის ნააზრევს, არსობრივად ახალი ბიძგის მიმცემი იყო ამ კვლევითი მიმართულებების განვითარებისთვის ქართულ აკადემიურ სივრცეში.

ქართულსა და რუსულ ენებზე გამოცემული მისი ფილოსოფიური შრომებიდან აღსანიშნავია: „სუბიექტური დრო და ეგზისტენცის დრო“ (თბილისი, 1973); „ეგზისტენციალური და კატეგორიალური მარტინ ჰაიდეგერის ონტოლოგიაში“ (თბილისი, 1975); „ფინალურობის პრობლემა ნიკოლაი ჰარტმანისა და მარტინ ჰაიდეგერის ონტოლოგიაში“ (თბილისი, 1982); „კულტურის სამყაროს პრობლემა მარტინ ჰაიდეგერის ეგზისტენციალურ ონტოლოგიაში“ (თბილისი, 1998); „ფენომენოლოგიური შრომები“ 5 ტომად (თბილისი, 1999-2000).

1997 წელს გივი მარგველაშვილი აირჩიეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად. 2005 წელს მას გადაეცა გერმანიის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო, ჯვრის ორდენი, 2006 წელს კი მიენიჭა გერმანიის გოეთეს მედალი.

ამჟამად მწერალი ცხოვრობს გერმანიის დედაქალაქ ბერლინში.

წყარო:

1. https://ka.wikipedia.org/wiki/გივი_მარგველაშვილი

2. iliauni.edu.ge/ge/iliauni/sapatio-doqtorebi/givi-margvelashvili 

3. archive.ge/ka/biography/28 

4. მარგველაშვილი, გივი. ფანტაზია სიცოცხლის გადასარჩენად - გივი მარგველაშვილთან "მაყურებელთა დარბაზებში" : ინტერვიუ / გივი მარგველაშვილი; ესაუბრა მარიკა ლაფაური // ცხელი შოკოლადი. - თბილისი, 2013. - მარტი. - N88. - გვ.42-47

 


გააზიარე: