The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ალექსანდრე იოსების ძე კობიაშვილი

ალექსანდრე იოსების ძე კობიაშვილი
Date of birth:18 April, 1857
Date of death:21 October, 1918  (at 61 years)
Burial location:წმ. ბარბარეს ეკლესიის ტერიტორია, თბილისი
Category:Military Person

Biography

გენერალ–მაიორი ალექსანდრე იოსების ძე კობიაშვილი დაიბადა 1857 წლის 18 აპრილს ტფილისის გუბერნიაში, აზნაურის ოჯახში. მიიღო უმაღლესი საარტილერიო განათლება: 1875 წელს დაამთავრა მიხეილის ვორონეჟის კადეტთა კორპუსი, ხოლო 1883 წელს პეტროგრადის მიხეილის სამხედრო–საარტილერიო აკადემია.

ალექსანდრე კობიაშვილმა რუსეთის არმიაში სამსახური დაიწყო კავკასიის გრენადერთა საარტილერიო ბრიგადაში. სამსახურში წარჩინებისათვის დაჯილდოებული იყო წმ. სტანისლავის ორდენის III (1889) ხარისხით; 1902 წლის 6 დეკემბერს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება.

1906 წლამდე ალექსანდრე კობიაშვილი მსახურობდა მთავარ საარტილერიო სამმართველოში; 1906-1909 წლებში – ლუგანსკის საპატრონო ქარხნის სახელოსნოების უფროსად; 1909-1913 წლებში –  იჟევსკის (რუსეთი)  საიარაღო ქარხნის სახელოსნოების უფროსად.  

1910 წლის 6 დეკემბერს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება, ხოლო 1913 წელს გავიდა თადარიგში მუნდირითა და პენსიით.

ალექსანდრე კობიაშვილმა, საქართველოში ერთ–ერთმა პირველმა, შეადგინა მომხმარებელ–მწარმოებელთა (საკოპერაციო) ამხანაგობათა დაარსების გეგმა, რის შესახებაც მოხსენება წარადგინა ტფილისის გუბერნიის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის წევრთა წლიურ კრებაზე (1996 წ.). მას ღრმად სწამდა ასეთი ამხანაგობების დაარსების აუცილებლობა ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისთვის.

1918 წლიდან ალექსანდრე კობიაშვილი ქართულ ჯარის სამსახურში ჩადგა: იყო სამხედრო სამინისტროს საარტილერიო სექციის უფროსი. იმავდროულად ხელმძღვანელობდა არსენალს.

ალექსანდრე კობიაშვილი გარდაიცვალა 1918 წლის 21 ოქტომბერს თბილისში, დაკრძალულია წმ. ბარბარეს ეკლესიის ტერიტორიაზე.

გენერლის ხსოვნისადმი მიძღვნილ გამოსათხოვარ წერილში ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“ მას შემდეგნაირად ახასიათებდა: „სხვათა შორის იგი მუდამ კრიჭაში ედგა ხოლმე ჩვენს გაბატონებულ მესვეურთ საბანკო თუ სხვა ასპარეზზე, არა ერთი გზის ყოფილა სარევიზიო კომისიების წევრად და ყოველთვის მხოლოდ ერთს დედააზრს ემსახურებოდა: საზოგადოების სარგებლიანობას და სიმართლეს, რის გამოც არა ერთი და ორი მტერი გაიჩინა. მიუხედავად ამისა მას პატივს სცემდნენ, ეკრძალებოდენ და ანგარიშს უწევდენ. იყო კარგი მამულიშვილი, სპეტაკი, მიუდგომელი, მუდამ პირდაპირ მღაღადებელი და უანგარო!“...

წყარო: 

1. გოგიტიძე მამუკა. ალექსანდრე იოსების ძე კობიაშვილი // სამხედრო ფიცის ერთგულნი : ბიოგრაფიული ცნობარი) / მამუკა გოგიტიძე, გიორგი ბეჟიტაშვილი. - თბილისი, 2015. - გვ. 66

2. კობიაშვილი, .. სიტყვა .. კობიაშვილისა : (ზედამხედველ კომიტეტის წევრი) // ივერია. - 1896.-16 მაისი. - N102. - გვ.2-3. - დასასრული იხ.: "ივერია", N103, გვ.2-3.

3. ობლად ობოლი : გენ.-მ. ალ. ი. კობიაშვილი // თეატრი და ცხოვრება. - 1


Share: