The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


თამარ კვესიტაძე

თამარ კვესიტაძე
დაბადების თარიღი:1968  (56 წლის)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

თამარ კვესიტაძე საერთაშორისო დონის ხელოვანია. მისი ნამუშევრებით დაინტერესებული არიან ხელოვნების მოყვარულები, კრიტიკოსები და აუქციონის სახლები მთელ მსოფლიოში. მხატვრის ნამუშევრების ძირითადი  ნაწილი საქართველოს საზღვრებს გარეთაა. მისი შემოქმედება გამოირჩევა ორიგინალურობით, აქვს განუმეორებელი სტილი.

თამარ კვესიტაძე 1968 წელს თბილისში დაიბადა. განათლებით არქიტექტორია. დაამთავრა თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტი. შავბნელ, 1990-იანი წლების თბილისში, როცა ხელოვნებისთვის არავის ეცალა, თამარმა თოჯინების კეთება დაიწყო. შემდეგ ამერიკაში წავიდა, სადაც მისი ნამუშევრებით დილერები და გალერეები დაინტერესდნენ. მან ზუსტად დაინახა საკოლექციო, უნიკალური თოჯინების ბიზნესი თავისი იერარქიებით და დახვეწილ დასავლურ ტექნოლოგიებს მაღალმხატვრული ინდივიდუალური შემოქმედებითი ხერხები დაუპირისპირა.

ბავშვობაში ახალქალაქში, საყვარელი ბებიის სკივრში ნაპოვნი ძველი ფრანგული თოჯინები გახდა თამარ კვესიტაძის ინსპირაციის წყარო. ხელოვანის თითოეული თოჯინა არა ცარიელი ფიგურა, არამედ ბავშვობის გადატვირთული სამყაროა, საკუთარი მიკროკლიმატით. ექვსი წლის განმავლობაში ის ქმნიდა, ფენდა და ყიდდა თოჯინებს. შემდეგ გამოეთხოვა ამ სენტიმენტალურ-ფანტასტიკურ ჟანრს და  უფრო ღრმა, თანამედროვე  სკულპტურულ ფორმებზე და მათ დინამიკაზე, პლასტიკაზე დაიწყო ფიქრი. სწორედ ამ დროს გაიცნო პაატა სანაია, რომელიც მისი თანაავტორი გახდა. 2000 წელს პაატა სანაიასთან ერთად Tamara Studio დააარსა. სახელოსნო თანამშრომლობს სხვადასხვა საგამოფენო სივრცეებთან და დიდ კომპანიებთან, რომლებიც თამარის ნამუშევრების ლიმიტირებულ სერიებს უშვებენ. ერთობლივ შემოქმედებაში პაატას მოვალეობა კინეტიკური მხარის მართვა და რთული მექანიზმების შექმნაა.

თამარ კვესიტაძე სხვადასხვა დროს ცხოვრობდა და მუშაობდა იტალიასა და აშშ-ში. მხატვრის გამოფენები გაიმართა აშშ-სა და ევროპის მრავალ ქვეყანაში. 2007 წელს კი იგი საქართველოს სახელით წარსდგა ვენეციის 52-ე ბიენალეზე, სადაც გამოფინა თავისი დახვეწილი, გამართული მექანიზმებით მოძრავი სკულპტურები. სწორედ ამ დროს დაიწყო თამარ კვესიტაძის სიმბოლურმა „ქალმა და მამაკაცმა” ცხოვრებისეული ციკლი – მისი მცირე ზომის ვერსია იტალიაში გაიყიდა, ამას მოჰყვა გამოფენა ლონდონში და დღეს უკვე „ალი და ნინოდ” მონათლული 9-მეტრიანი ქანდაკება ღია ცის ქვეშ, ბათუმის ზღვის სანაპიროზე, ბულვარში დგას. ეს სადა ქანდაკებაა და, ამავე დროს, ძლიერი ეროტიკული მუხტის მატარებელი. თუკი მცირე ვერსია კამერული იყო და ატრაქციონის ელფერი დაჰკრავდა, გაზრდილი მასშტაბი და უნაკლო ტექნიკური შესრულება მნიშვნელობას მატებს. გაშლილ სივრცეში ნელა მოძრავი იდუმალი ფიგურები ზუსტად თავსდება თანამედროვე ურბანულ თუ მენტალურ ლანდშაფტში და ახალი ქართული ქანდაკების საუკეთესო მაგალითია.

თამარ კვესიტაძე პირველი თანამედროვე ქართველი მხატვარია, რომლის ნამუშევრები Google-მა თავის პლატფორმაზე ჩატვირთა. Google Arts & Culture — ესაა 70 ქვეყნის 1200 მუზეუმის, გალერეისა და სხვა ორგანიზაციების ექსპონატების ონლაინ-დათვალიერების საშუალება. პროგრამის უნიკალურ შესაძლებლობებს შორისაა მასშტაბების გაზრდა უმცირეს დეტალებამდე, ექსპონატების მოძიება მათი შექმნის პერიოდისა და ფერთა გამის მიხედვით, ვირტუალური ექსკურსია ცნობილ მუზეუმებში, მსოფლიო ღირსშესანიშნაობების გაცნობა და სხვა.

გამოფენა სახელწოდებით „თამარ კვესიტაძე, ანუ უსაზღვრო გრძნობების ტრიუმფი" ქსელში ხელმისაწვდომია 2018 წლის 17 თებერვლიდან და აერთიანებს ავტორის ოცზე მეტ ნამუშევარს. ქართველი მხატვრის ვირტუალური ექსპოზიცია შეიქმნა გალერეა „კორნფილდის" შემოქმედებით ჯგუფთან, თბილისის ხელოვნების სასახლესთან და Tamara Studio-სთან ერთად: „გამოფენა კვესიტაძის შემოქმედების თითქმის მთელ სპექტრს აერთიანებს, აქ წარმოდგენილია როგორც მექანიკური თოჯინები, ისე მონუმენტური ნამუშევრები, ქანდაკებები, ფერწერული და გრაფიკული ნახატები, კინეტიკური სკულპტურები, 2007-2011 წლებში ვენეციის ბიენალეზე წარმოდგენილი ნამუშვრები. აქვეა ცნობილი მოძრავი ქანდაკების "ქალი და კაცისადმი“ ("ალი და ნინო") მიძღვნილი საინტერესო ფოტოები, ვიდეოფაილები და რეცენზიები. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ კვესიტაძე ამიერკავკასიის მასშტაბით ერთადერთი ხელოვანია, რომელიც Google-ის ახალი და უზარმაზარი ვირტუალური საგამოფენო პროექტის „მსოფლიო თანამედროვე ხელოვნების" მონაწილე გახდა", — ნათქვამია თბილისის  ხელოვნების სასახლის განცხადებაში.

წყარო:
1. https://sputnik-georgia.com/.../qarTveli-mxatvris-namuSevrebi-pirvelad-moxvdagugli...

2. https://www.youtube.com/watch?v=QgOtji0_gvk
3. ახალი ქართული ქანდაკება / ფოტო: თომას დვორჟაკი (Reuters), თამარ კვესიტაძის არქივიდან // ტაბულა. - თბილისი, 2010-2011.-27 დეკემბერი-14 იანვარი. - N38. - გვ.95-97.

4. ბოჯგუა, ქეთევან. თამარა კვესიტაძე - ბებიას სკივრი და მომავლის ქანდაკება // IP საქართველო / საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი "საქპატენტი". - თბილისი, 2012. - შემოდგომა. - N2. - გვ.28-33.

5. artinfo.ge/2018/02/თამარ-კვესიტაძე-იამაყეთ/ 


 

 


გააზიარე: