The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ვასილ ლიონიძე

ვასილ ლიონიძე
დაბადების თარიღი:17 აგვისტო, 1864
გარდაცვ. თარიღი:1929  (64 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:კუკიის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

თავადი ვასილ დიმიტრის ძე ლიონიძე დაიბადა 1864 წლის 17 აგვისტოს გორის მაზრის სოფელ სასირეთში. განათლება მიიღო ვლადიკავკაზის საქალაქო სასწავლებელში. 1881 წელს დაამთავრა ტფილისის კადეტთა კორპუსი, ხოლო, 1885 წელს ტფილისის ქვეით იუნკერთა სკოლა. სამხედრო სამსახური დაიწყო 1881 წლის 1 ნოემბრიდან.

1885-1914 წლებში ვასილ ლიონიძე მსახურობდა 152-ე ვლადიკავკაზის ქვეითთა პოლკში, რაჭის მაზრის უფროსად და ბათუმის მაზრის სამხედრო უფროსად; 1909 წლიდან - მე-14 ქართველ გრენადერთა პოლკში პოდპოლკოვნიკად. მისი სამხედრო კარიერა სწრაფად განვითარდა: 1885, 29, 05 - პოდპორუჩიკი; 1889, 29, 05 - პორუჩიკი; 1895 - შტაბს-კაპიტანი; 1898 - კაპიტანი; 1905 - პოდპოლკოვნიკი; 1911 წლის 6 დეკემბერს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება.

საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის თავადი ლიონიძე დაჯილდოებული იყო - „წმ. ვლადიმერის“ მე-IV ხარ. (1903); „წმ. სტანისლავის“ მე-II ხარ (1909) და „წმ. ანას“ მე-III ხარ. (1901) - ოდენებით.

პოლკოვნიკი ლიონიძე მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში (1914-1918): 1914 წელს ირიცხებოდა მე-15 გრენადერთა ტიფლისის პოლკში; 1914-1916 წლებში მეთაურობდა 118-ე ქვეით სათადარიგო ბატალიონს; 1916, 23, 07-მდე - მე-3 კავკასიის მესაზღვრეთა ქვეითი პოლკის ხელმძღვანელი; 1916-1917 წლებში იმყოფებოდა რეზერვში. 1917 წლიდან ატარებდა გენერალ-მაიორის წოდებას.

1917-1918 წლებში ვასილ ლიონიძე მეთაურობდა კავკასიის ფრონტის 222-ე ქვეითთა პოლკს. 1918 წლის ივლისიდან თადარიგში გავიდა და დადგა აღრიცხვაზე კავკასიის ფრონტის შტაბში.

1918-1921 წლებში გენერალი ლიონიძე მსახურობდა ქართულ ჯარში არმიის სამხედრო-სააღრიცხვო განყოფილების უფროსად.

1917 წლის რუსეთის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ თავადმა ლიონიძეებმა გვარი გადაიკეთეს – ლეონიძეებად, რათა გადარჩენოდნენ რეპრესიებს საბჭოთა ხელისუფლების მხრიდან.

ვასილ ლეონიძე გარდაიცვალა 1929 წელს. დაკრძალულია თბილისში, კუკიის სასაფლაოზე.

წყარო:

1. გოგიტიძე, მამუკა. ვასილ დიმიტრის ძე ლიონიძე  // სამხედრო ფიცის ერთგულნი : ბიოგრაფიული ცნობარი) / მამუკა გოგიტიძე, გიორგი ბეჟიტაშვილი. - თბილისი, 2015. -გვ. 70.

2. ria1914.info/index.php?title=Лионидзе_Василий... 



 

 

 

 


გააზიარე: