The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ილია კაკაბაძე

ილია კაკაბაძე
დაბადების თარიღი:1901
გარდაცვ. თარიღი:მარტი, 1940  (39 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

ცნობები იუნკერ ილია კაკაბაძის შესახებ მეტად მწირია. დაიბადა მცხეთაში სავარაუდოდ 1901 წელს. მამა –  გიორგი ილარიონის ძე კაკაბაძე მეღვინე იყო, ფორერის ფირმის თანამშრომელი, დედა – ნატო იორდანეს ასული იაშვილი დიასახლისი გახლდათ. კაკაბაძეებს ილიას გარდა სამი ქალიშვილი ჰყავდათ: 1903 წელს დაბადებული ეკატერინე, წმინდა ნინოს ქალთა სასწავლების კურსდამთავრებული და სცენისმოყვარე; 1905 წელს დაბადებული ქეთევანი, რომელსაც საფერშლო კურსები ჰქონდა დამთავრებული და 1908 წელს დაბადებული მარიამი, აფხაზეთის ავტონომური რესპუბლიკის დამსახურებული ექიმი, სოხუმის ბაქტერიოლოგიური ლაბორატორიის ლეპტოსპიროზის განყოფილების ხელმძღვანელი, მინიჭებული ჰქონდა მედალი კავკასიის დაცვისათვის და სამამულო ომში თავდადებული შრომისათვის.

ილია კაკაბაძემ დაწყებითი განათლების მიღების შემდეგ, სწავლა თბილისის იუნკერთა სამხედრო სკოლაში გააგრძელა. სავარაუდოდ, სხვა კურსანტების მსგავსად,  მონაწილეობდა კოჯორ–ტაბახმელის მისადგომებთან 1921 წლის თებერვალში გამართულ ბრძოლებში.

1921 წელს, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, ილია კაკაბაძე ემიგრაციაში წავიდა  და  თავი პოლონეთს შეაფარა. 1926 წლამდე მისგან საქართველოში  პერიოდულად წერილები მოდიოდა. ერთ–ერთ წერილში ოჯახის წევრებს ფულად დახმარებას სთხოვდა, შემდეგ ქართული ოპერების ნოტებსა და თხუზლებებს ქართულ ენაზე. სამშობლომონატრებული ილია კაკაბაძე მეგობრებთან ერთად ორგანიზებას უწევდა ქართული საღამოებისა და კონცერტების გამართვას. მისივე წერილებიდან ცნობილი იყო, რომ მეგობრობდა ფაბრიკის მფლობელ მდიდარ ოჯახთან და მათსავე ფაბრიკაში მუშაობდა, პარალელურად სწავლობდა. შემდეგ პოლონეთის არმიაში მსახურობდა კონტრაქტის ოფიცრად.

1940 წლის მარტში ილია კაკაბაძე პოლონელ სამხედრო ტყვეებთან ერთად კატინის ტყეში დახვრიტეს წითელარმიელებმა.

ცნობები ილია კაბაბძის ოჯახური მდგომარეობის შესახებ პოლონეთში არ მოგვეპოვება.

ილია კაკაბაძის დამ, მარიამმა რამდენჯერმე სცადა პოლონეთში წასვლა, მაგრამ საბჭოთა ხელისუფლებისგან ნებართვა ვერ მიიღო. დღესათვის თბილისსა და აგუძერაში ცხოვრებენ ილია კაკაბაძის დის მარიამის ქალიშვილები – ქეთევან, მეგი და მეია ნიკოლაიშვილები.

წყარო:

1. Gruzja nieznana : Wspolne losy Gruzinom i Polakow / Dawid Kolbaia, Piotr Hlebowicz, Piotr Warisch. // Krakow : Fado Studio ; Dom Wydawniczy Rafael, 2011 .– გვ.  98-99.


გააზიარე: