The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


სოლომონ დოდაშვილი

სოლომონ დოდაშვილი
Date of birth:17 May, 1805
Date of death:20 August, 1836  (at 31 years)
Burial location:აქტრიის სასაფლაო, ვიატკა (კიროვი), რუსეთი
Category:Educator, Journalist, Philosopher

Biography

ფილოსოფოსი, პედაგოგი, ჟურნალისტი, პროზაიკოსი, ლიტერატურის ისტორიკოს– თეორეტიკოსი და პოლიტიკური მოღვაწე სოლომონ დოდაშვილი დაიბადა 1805 წლის 29 მაისს ქიზიყში, სიღნაღის მაზრის სოფელ მაღაროში. მამა იოანე დოდაშვილი ცნობილი მღვდელი იყო. სოლომონმა დაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო, შემდეგ სწავლობდა ბოდბის მონასტერთან არსებულ სკოლასა და სიღნაღის სასულიერო სასწავლებელში. 1820-1822 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში იღებს განათლებას. მაღალი აკადემიური მოსწრების გამო 1822 წლის მარტში სოლომონ დოდაშვილი უკვე მასწავლებალდ გაგზავნეს სიღნაღის სასულიერო სასწავლებელში, სადაც 1823 წლამდე დარჩა.

ცოდნის დაუოკებელი წყურვილით შეპყრობილი სოლომონ დოდაშვილი 1824 წელს 18 მანეთით ჯიბეში  პეტერბურგს გაემგზავრა სწავლის გასაგრძლებლად. 1824 წლის ზაფხულში იგი პეტერბურგის საიმპერატორო უნივერსიტეტის თავისუფალი მსმენელი გახდა. პეტერბურგში სოლომონს მამობრივი მზრუნველობა აღმოუჩინა სასულიერო მოღვაწემ ბერმა იონა ხელაშვილმა, რომელიც თან ახლდა  გადასახლებულ ქართველ ბატონიშვილებს და იმავდროულად მფარველობდა რუსეთში მოხვედრილ ნიჭიერ ქართველებს. სოლომონს პეტერბურგში ფინანსურად ძალიან უჭირდა. ხშირად 10-15 ვერსს ფეხით გადიოდა იმის გამო, რომ ტრანსპორტის ფული არ ჰქონდა. მისი ერთადერთი დამხმარე იონა ხელშვილი იყო. 1827 წელს სოლომონმა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა და იმავე წელს რუსულ ენაზე გამოსცა  წიგნი „ფილოსოფიის კურსი. ნაწილი I. ლოგიკა“, რომელიც დაისტამბა ალექსანდრე სმირდინის გამომცემლობაში 1200 ცალად. წიგნის გამოცემის ხარჯები იონა ხელაშვილმა გაიღო. ნაშრომს მაღალი შეფასება მისცეს რუსულ სამეცნიერო წრეებში და ჟურნალ–გაზეთებში. ამ წიგნის წყალობით სოლომონ დოდაშვილი მოხვდა ფილოსოფიის ისტორიის რუსულ სახელმძღვანელოებსა და ფილოსოფიურ ლექსიკონებში, მათ შორის ბროკჰაუზ–ეფრონის ენციკლოპედიურ ლექსიკონში.

1828 წელს, სამშობლოში დაბრუნებულმა, სოლომონ დოდაშვილმა ცოლად შეირთო ელენე კობიაშვილი, რომელიც მამის ნაადრევი გარდაცვალების გამო რუს ინჟინერ–კაპიტანს – თევდორე ბარაშკინს ჰყავდა ნაშვილები. თბილისში სოლომონმა მუშაობა დაიწყო კეთილშობილთა სასწავლებლში (1830 წელს გიმნაზიად გადაკეთდა)  მასწავლებლად. 1829 წელს დოდაშვილმა დაწერა და ერთი წლის შემდგ გმოაქვეყნა „შემოკლებული ქართული გრამატიკა“, რომელიც სახელმძღვანელოდ გამოიყენებოდა გიმნაზიაში. თბილისშივე დაამუშავა „ლოგიკის“ ახალი ვარიანტი და გაუგზავნა პეტერბურგში თავის ძმას (თუმცა დღემდე დაკარგულია). მასვე დაუწერია „პიიტიკა“, რომელიც ასევე მიკვლეული არაა დღემდე.

სოლომონ დოდაშვილმა დაარსა ლიტერატურული წრე „ამხანაგობა“, სადაც დადიოდნენ ნიკოლოზ ბარათაშვილი, დიმიტრი ყიფიანი, გრიგოლ ორბელიანი, ვახტანგ და ალექსანდრე ორბელიანები და სხვა. 1828 წელს იგი დაინიშნა გაზეთ „ტიფლისსკოე ვედმოსტის“ საგამომცემლო კომიტეტის წევრად. გამოდიოდა მისი ქართული ვარიანტიც, რომელსაც სოლომონ დოდაშვილი უძღვებოდა. მისი რედაქციითა და აქტიურობით გამოვიდა აგრეთვე პირველი ქართული ჟურნალი „სალიტერატურონი ნაწილნი ტფილისის უწყებათანი“, რომელიც გაზეთ „ტფილისის უწყებანის“ ლიტერატურულ დამატებას წარმოადგენდა. ჟურნალის გამოცემა დაიწყო 1832 წლის იანვარში და სულ 5 ნომერი გამოვიდა.

სოლომონ დოდაშვილი პირველი რესპუბლიკელი მოღვაწე იყო საქართველოში და მისი საქმიანობის მიზანი საქართველოში რესპუბლიკის დამყარება იყო. სწორედ ამ განწყობილებამ მიიყვანა 1832 წლის შეთქმულებამდე. დოდაშვილის აქტიურ მამულიშვილურ მოღვაწეობას საბედისწერო წერტილი დაუსვა იმ განაჩენმა,რომელიც მას 1832 წლის შეთქმულებაში მონაწილეობის გამო გამოუტანეს. 1832 წლის დეკემბერში დაპატიმრებული სოლომონ დოდაშვილი 1834 წლის ივლისში სამუდამოდ გადაასახლეს ვიაკტის (ახლანდელი ქ. კიროვი) გუბერნიაში. გადასახლებაში სოლომონს თან გაჰყვა მეუღლე ქალ–ვაჟით. ვიატკაში დასახლებული სოლომონ დოდაშვილი საგუბერნიო კანცელარიის გადამწერად მუშაობდა, შემდეგ კი სამოქალაქო გუბერნატორის კაცელარიაში მაგიდის უფროსად დააწინაურეს.

ჩრდილეოთის მკაცრმა ჰავამ და გარემო პირობებმა დამღუპველი გავლენა იქონია სოლომონ დოდაშვილის ჯანმრთელობაზე. ჭლექით დაავადებული და უკიდურესად მძიმე პირობებში მყოფი მწერალი ხელისუფლებას დაბეჯითებით სთხოვდა სამხრეთ რუსეთის რომელიმე ქალაქში გადასულიყო საცხოვრებლად. მისი თხოვნა ხელისუფლებამ არ შეიწყნარა. 1836 წლის აგვისტოში სოლომონ დოდაშვილი გარდაიცვალა. დაასაფლავეს ქ. ვიატკაში ე. წ. „აქტრიის სასაფლაოზე“.

სოლომონ დოდაშვილის გარდაცვალების შემდეგ მისი ოჯახი კიდევ უფრო გაუსაძლის მდგომარეობაში აღმოჩნდა. ვიატკის გუბერნატორის ჩარევით 1836 წლის 30 სექტემბერს სოლომონ დოდაშვილის ცოლ–შვილს საქართველოში დასაბრუნებლად ფინანსთა მინისტრმა 800 მანეთის მოწყალება გამოუყო.

წყარო:

1. ნიკოლეიშვილი, ავთანდილ. სოლომონ დოდაშვილი // ქართული ემიგრანტული მწერლობა / ა. ნიკოლეიშვილი. - ქუთაისი, 2006. - გვ.230-271.

2.  შუბითიძე, ვაჟა. სოლომონ დოდაშვილი // ყველა დროის 100 უდიდესი ქართველი / ვ. შუბითიძე. - თბ., 2011. - გვ.201-206.

3. სოლომონ დოდაშვილი (1805-1836) // ქართველ მწერალთა ბიოგრაფიები. - თბ., 2010. - გვ.66-67.


Share: